საზოგადოება

ინგლისური პირველი კლასიდან

5 აპრილი, 2013 • 7682
ინგლისური პირველი კლასიდან

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სირთულესთან არის დაკავშირებული ენის სწავლება ადრეულ ასაკში, რა შედეგია სწავლების მეორე წელს და როგორ გაართვეს თავი ამოცანას პედაგოგებმა.

 

ექვსი წლის ნიკა პირველკლასელია. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ნიკამ ინგლისური ენის შესწავლა სკოლაში მისვლის პირველივე წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა საგნებს კარგად სწავლობს, ინგლისური დამოუკიდებლად ვერ დაძლია.  მშობლებმა ნიკას რეპეტიტორი დაუქირავეს.

 

„ყველა საგანს კარგად სწავლობს, წარჩინებული მოსწავლეა, თუმცა ინგლისური გაუჭირდა, დამოუკიდებლად ვერ მეცადინეობს. სკოლაში მეცადინეობა არ ჰყოფნის. მე თვითონ ფრანგული მაქვს სკოლაში ნასწავლი, ინგლისური არ ვიცი, რომ დავეხმარო. ამიტომ გადავწყვიტე რეპეტიტორთან მიმეყვანა. ახლა უკეთესი შედეგი აქვს,” – ამბობს ნიკას დედა შორენა ქამაშიძე.

 

რატომ სჭირდებათ ბავშვებს ადრეულ ასაკში რეპეტიტორი და რატომ ვერ ძლევენ პროგრამას სკოლაში? ინგლისურის მასწავლებლები ამბობენ, რომ ბავშვებს ერთდროულად უწევთ ორი განსხვავებული ანბანის – ქართულისა და ინგლისურის შესწავლა. ამასთან, ინგლისურში წერა-კითხვის ცოდნა, ქართულის მსგავსად, სავალდებულოა. შედეგად, მოსწავლეს უჭირს სწავლა.

 

ინგლისური ენის მასწავლებელი ლიანა ბერიძე ამბობს, რომ უცხო ენის გაკვეთილები საჭიროა პირველ კლასში, მაგრამ მოსწავლეებისთვის წერა-კითხვის სწავლა ამ ეტაპზე სავალდებულო არ უნდა იყოს. მასწავლებლის თქმით, ზეპირ მეტყველებაში ბავშვებს არ უჭირთ, მაგრამ როცა საქმე კითხვაზე მიდგება, სწავლების პროცესი რთულდება.

 

„ძალიან რთულია პირველ კლასში წერა-კითხვა ასწავლო ინგლისურად ბავშვს, როდესაც ჯერ არ არის გარემოს, სკოლას მიჩვეული და არა აქვს შესწავლილი მშობლიური ენა. შარშან მყავდა პირველი კლასი. წლის ბოლოს კი შევძელი შედეგი რომ მქონოდა, მაგრამ დიდი შრომის ფასად. პირველ კლასში ზეპირმეტყველება გაცილებით ადვილია, ვიდრე – წერა-კითხვის შესწავლა. თან მშობლიური ენის და უცხო ენის სწავლება პარალელურად მიდის და ორმაგად რთულდება. პირველ კლასში რომ იყოს მხოლოდ ლექსები, თამაშები, აქტივობები კარგი იქნებოდა,” – ამბობს ლიანა ბერიძე.

 

რამდენად წარმატებულია პირველი კლასიდან ინგლისური ენის სწავლება და რა შედეგს იღებენ მასწავლებლები სასწავლო
წლის ბოლოს? ინგლისური ენის მასწავლებელი მეგი ბობოყვაძე ამბობს, რომ პირველ კლასში პროგრამის დასრულებას ვერ ასწრებენ.

 

„პირველ კლასში ჩვენ ვერ ვასწრებთ პირველი დონის წიგნის ბოლომდე დასრულებას. ამიტომ მეორე კლასში ისევ პირველ დონეს
სწავლობენ და რაც პირველ კლასში გაკეთებულია, ის მეორე კლასში თავიდან არის გასაკეთებელი. პირველ წელს ზეპირ სავარჯიშოებს მარტივად ართმევენ ბავშვები თავს. წერა-კითხვას თუ მეორე კლასიდან დავიწყებთ, უკეთესი იქნება,” – ამბობს მეგი
ბობოყვაძე.

 

„ბათუმელები” ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში ინგლისურის ორ გაკვეთილს დაესწრო, მეორე და მეოთხე კლასში. ორივე კლასს ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლის, ორივე კლასმა ინგლისური ენის შესწავლა გასულ წელს დაიწყო. თუმცა მეოთხე კლასის მოსწავლეები გაცილებით უკეთ ფლობენ ენას, ვიდრე მეორე კლასის. მეორე კლასში კითხვა უჭირთ, სიტყვებს არასწორად გამოთქვამენ, მასწავლებლის მიერ ინგლისურ ენაზე დასმული შეკითხვების გაგება უჭირთ, საშინაო დავალებაც არასრულყოფილად აქვთ გაკეთებული. მეოთხე კლასის მოსწავლეები ორგანიზებულები არიან, გამართულად კითხულობენ, მასწავლებლის ინგლისურ ენაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხს ინგლისურადვე პასუხობენ. 45 წუთის განმავლობაში მასწავლებელი კლასის 90 პროცენტის ჩართვას ახერხებს საგაკვეთილო პროცესში. მეორე კლასში კი კლასის ნახევარი საგაკვეთილო პროცესში არ ერთვება.

 

„მასწავლებლებს აქვთ განსხვავებული შეხედულება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ინგლისური საერთოდ არ უნდა ისწავლებოდეს პირველი კლასიდან, ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ მშვენივრად სწავლობენ ბავშვები. მე პირადად ვთვლი, რომ საგნად არ უნდა იყოს შეტანილი. ვფიქრობ, ეს ზედმეტი დატვირთვაა ბავშვისთვის. თუ იქნებოდა თამაშების დონეზე და ზეპირი მეტყველება და არ იქნებოდა ამ წიგნით, მაკმილანის სახელმძღვანელოს ვგულისხმობ, კარგი იქნებოდა. დასაწყისი შეიძლება კარგია, მაგრამ მერე რთულდება. ზეპირმეტყველებაში ერთვებიან ხალისით და არ უჭირთ, მაგრამ წერა უჭირთ, ” – ამბობს ინგლისური ენის სპეციალისტი ნინო დონდოლაძე.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, არის თუ არა სავალდებულო პირველკლასელმა სასწავლო წლის ბოლოს იცოდეს წერა-კითხვა ინგლისურად? განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ ეს სავალდებულო არ არის, ხოლო სკოლებში ამბობენ, რომ სავალდებულოა.

 

„რასაკვირველია წერა-კითხვის სწავლება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული ამ ასაკში და ეს მოითხოვს თავისებურ მეთოდოლოგიას. მასწავლებლები კარგად თუ წაიკითხავენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, ნახავენ, რომ ასეთი მკაცრი მოთხოვნა არ არის. სასწავლო გეგმაში არ არის ნათქვამი, რომ მოსწავლეს აუცილებლად ყველა ასო-ბგერა უნდა ჰქონდეს ნასწავლი,“ – ამბობს „ბათუმელებთან” საუბარში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი თამარ ჯაყელი.

 

კითხვაზე, თუ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლა, მასწავლებელი ვალდებული არ არის პირველ კლასში მოსწავლეს წერა-კითხვა ასწავლოს, მაშინ რატომ აქვთ აღებული ეს ვალდებულება? – ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ამბობს, რომ მასწავლებლებმა კარგად უნდა წაიკითხონ ეროვნული სასწავლო გეგმა. მისი თქმით, წერა-კითხვის სწავლების პროცესი მასწავლებელს შეუძლია ორ წელზე გაწეროს. თამარ ჯაყელი ამბობს, რომ სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით მასწავლებლებისთვის ტრენინგებია ჩასატარებელი.

 

„სპეციალურ მომზადებას საჭიროებენ მასწავლებლები იმისათვის, რომ პირველ-მეორე კლასში ასწავლონ ინგლისური ენა.
მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს სავალდებულო წერა-კითხვის სწავლება. ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა იყოს ინგლისური
ენის შესწავლისას პირველ კლასში, მაგრამ არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ის დაიძლიოს პირველივე კლასში. თუ ჩაიხედავთ პროგრამაში, ნახავთ, რომ წერია, მოსწავლე შიფრავს გარკვეულ სიტყვებს, მაგრამ არ წერია, რომ მთელი ანბანი იცის ინგლისურად,” –
აცხადებს თამარ ჯაყელი.

 

„ბათუმელები” დაინტერესდა, არის თუ არა ჩატარებული კვლევა, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა პირველ კლასში უცხო
ენის სწავლება და აპირებს თუ არა სამინისტრო რაიმე ცვლილების შეტანას ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

 

„როგორც ვიცი, მსგავსი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. განათლების სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფები აპირებენ სკოლებში წასვლას და რასაკვირველია ისინი მოიტანენ ამ ამბავს ჩვენამდე. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ გამოცდების ცენტრთან, რომელსაც აბარია ეროვნული შეფასება, რაშიც იგულისხმება დიაგნოსტიკური შეფასებები. თუ აღმოჩნდება, რომ ეს მაინც არის პრობლემა, მაშინ, რასაკვირველია, გარკვეულ კორექტივებს შევიტანთ. შეიძლება სახელმძღვანელოში რაღაც პრობლემები იყოს და რთული იყოს პირველი კლასის მოსწავლეთათვის,” – ამბობს თამარ ჯაყელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი