საზოგადოება

მოსწავლეებისთვის სახიფათო სკოლის მერხები

20 თებერვალი, 2013 • 4397
მოსწავლეებისთვის სახიფათო სკოლის მერხები

„მაღალ კლასებში სასკოლო მერხები არაკომფორტული იყო. მოსწავლეებს არ გვქონდა ჩვენი სიმაღლის შესაბამისი მერხები, რაც პრობლემა იყო. ჩემს კლასელს ამის გამო ხერხემალზე პრობლემა შეექმნა და მერე სამკურნალოდ ცურვაზე დადიოდა,” –
ამბობს მარი ხოზრევანიძე, რომელმაც ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა.

 

ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფზე არასათანადოდ მორგებული სასკოლო ინვენტარი პრობლემას ბევრი სკოლისთვის წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ მერხები არაკომფორტულია, ბავშვებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებიც ექმნებათ.

 

„ჩემი მერხი ჩემთვის პატარა იყო და მხრებში მოხრილს მიწევდა მუშაობა. პატარა მერხების გამო ყველას ჰქონდა ხერხემალზე პრობლემა. ეს პრობლემა მარტო ჩვენთან კი არა, ყველა სკოლაში და ყველა კლასშია თითქმის. დაბალ კლასებშიც ასე ხდება. ვფიქრობ, თუ პრობლემა სასწრაფოდ არ მოგვარდა, კიდევ უფრო გაიზრდება ხერხემლით დაავადებულ მოსწავლეთა რიცხვი,” – 
ამბობს თამუნა გუგუნავა, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ 2011 წლის 9 აგვისტოს გამოცემული ბრძანების
მიხედვით, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, სასწავლო პროცესში გამოყენებული მერხები მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული. სასკოლო ინვენტარი ოთხ კატეგორიადაა დაყოფილი. კატეგორია მოსწავლეთა სიმაღლის მიხედვით დგინდება და განსაზღვრულია რა ზომის უნდა იყოს მერხი, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს შეეფერება.

 

მოსწავლის სიმაღლე

სმ-ში

  სასკოლო მერხის სიმაღლე

სმ-ში

  სასკოლი სკამის სიმაღლე

სმ-ში

172 და მეტი 76 46
157-172 70 42
142-157 64 38
142 და ნაკლები 58 34

 

“ბათუმელებმა” ბათუმის რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლის ხელმძღვანელი გამოკითხა, მეშვიდე და მეათე სკოლის დირექტორებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ მათ სკოლაში აღნიშნული პრობლემა არ იდგა და შესაფერისი სასკოლო ინვენტარი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ჰქონდათ. იგივე პასუხი მივიღეთ კერძო სკოლა “ნიკესა” და “მონპარნასის” დირექტორებისაგან. ხოლო მეხუთე სკოლის ხელმძღვანელი, გენო გოგიბერიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ შეეცადნენ პრობლემა თავიანთი ძალებით გადაეჭრათ.

 

„ვცდილობთ, ჩვენი ძალებით გავზარდოთ მერხები სიმაღლეში. ბევრი მერხი არ შეესაბამება სიმაღლეში ჩვენი ბავშვების აღნაგობას, ამიტომ კორექტივები შევიტანეთ და ზოგი მერხი ავამაღლეთ,” – ამბობს გოგიბერიძე.

 

მეორე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მათთვის შესაბამისი ინვენტარის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ფართობის ნაკლებობის გამო ყველა კლასში საშუალო ზომის მერხები დგას.

 

„დიდ სკოლებში ყველგან არის ეს პრობლემა იმდენად, რამდენადაც დაწყებითი კლასებისთვის ჩვენ ცალკე ოთახები არ გვაქვს. საშუალო მერხები გვაქვს ძირითადად და ამ საშუალო მერხებზე ჯდება როგორც პირველკლასელი, ასევე მერვეკლასელი. ადრე გვქონდა ძალიან პატარა მერხები. ეს მერხები შევცვალეთ საშუალოთი და მეტნაკლებად დაბალანსებულია. რაღაც პროცენტული რაოდენობით მერხები შეიძლება იყოს ბავშვებისთვის შეუფერებელი. მაგალითად, მესამეკლასელი ზომით შეიძლება იყოს მეექვსე კლასელის ტოლი და პირიქით. ამ შემთხვევაში თუკი მომმართა მშობელმა და მითხრა, რომ ბავშვს აქვს დისკომფორტი ან სქოლიოზი, ინდივიდუალურად გავდივართ ასეთ საკითხებს და შემდგომ ვუდგამთ ბავშვს მერხს,” – ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს, აცხადებენ, რომ ყველა კერძო სკოლამ, რომელიც ბათუმში დღეისათვის ფუნქციონირებს, ავტორიზაცია წარმატებით გაიარა. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, მათთვის ავტორიზაციის გავლა სავალდებულო 2015 წლამდე არ არის. ავტორიზაციის გავლისას ერთ-ერთი პუნქტი არის სწორედ მატერიალური რესურსის სტანდარტი.

 

„ამ სტანდარტში ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, რომ სკოლა აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფილი. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ მოსწავლეთა სასკოლო მერხები და მათი ზომები,“ – ამბობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის სამმართველოს უფროსი კოტე ჩოკორაია.

 

ეს რაც შეეხება კერძო სკოლებს, ხოლო საჯარო სკოლების შემთხვევაში, სკოლები თავად აწესრიგებენ სკოლაში ინვენტარის შეტანას.

 

„სასურველია დაწესებულებამ კონკრეტული მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მოახერხოს სკოლაში შესაბამისი ინვენტარის შეტანა. არ არის განსაზღვრული რომელ კლასში რა ზომის მერხი უნდა იყოს. აქ არის საუბარი სიმაღლისა და ბავშვის ფიზიკური მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, შეიძლება მეხუთე კლასში დასჭირდეს უფრო დიდი მერხი და ვთქვათ, მეექვსეში – უფრო ნაკლები. მთავარი დატვირთვა და დაწოლა აქ მოდის დაწესებულებაზე. შესაბამისად, სკოლამ უნდა უზრუნველყოს ყველაფერი იმისთვის, რომ ბავშვს ჰქონდეს შესაბამისი პირობები,“ – ამბობს კოტე ჩოკორაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი