საზოგადოება

რამდენად უსაფრთხოა ჭოჭინა თქვენი ბავშვისთვის

8 თებერვალი, 2013 • 25651
რამდენად უსაფრთხოა ჭოჭინა თქვენი ბავშვისთვის

მაშინ, როცა კანადაში ბავშვის ჭოჭინაში ჩასმისთვის შესაძლოა 100 000 დოლარით დაჯარიმდეთ, ან სულაც 6 თვით ციხეში მოხვდეთ, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ინვენტარს მშობლების 90%-ზე მეტი იყენებს. ჭოჭინა საკმაოდ პოპულარულია საქართველოშიც.

მთელ მსოფლიოში ამ ინვენტარს რამდენიმე მიზეზის გამო იყენებენ: 1. მშობლებს სჯერათ, რომ ბავშვი ასე უფრო მალე აიდგამს ფეხს; 2. ბავშვი დაცულია და იმ სათამაშოების წყალობით, რაც ჭოჭინაზეა დამაგრებული, გონებრივად უკეთესად ვითარდება; 3. მშობლებს არ უხდებათ ბავშვის მუდმივად ხელში ჭერა და ჭოჭინის გამოყენების შემთხვევაში მეტი თავისუფალი დრო რჩებათ სხვა საქმის გასაკეთებლად.

თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სინამდვილეში ჭოჭინა ბავშვებს აზარმაცებს და ისინი ჩვეულებრივზე 2-3 კვირით გვიან იდგამენ ფეხს. ხოლო იმის გამო, რომ ამ ბორბლებიანი მოწყობილობით ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილდეს, მშობლების ყურადღება კი მოდუნებულია, ჭოჭინა პირველ ადგილზეა ბავშვების იმ ინვენტარს შორის, რომლის გამოყენების გამოც პატარები სხეულის დაზიანებას იღებენ.


ჭოჭინის ხმარებასთან დაკავშირებით პედიატრთა აზრი ორად იყოფა საქართველოში. ის პედიატრები, ვინც ჭოჭინის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან, ამის მიზეზად, ძირითადად, ბავშვის ფიზიკურ განვითარებას ასახელებენ.

პედიატრიის ინსტიტუტის პედიატრი ირინე გორგიშელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ორთოპედიული შემოწმება აქვს გავლილი და მისი ძვლოვანი სისტემა ჩამოყალიბებულია, ჭოჭინა შეიძლება მისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს:

“ჭოჭინის მოხმარების წესებით დადგენილია, რომ მისი გამოყენება 6 თვიდან შეიძლება, მაგრამ მე ჩემს ახლობლებს და პაციენტებს ვურჩევ, რომ მხოლოდ 9 თვის შემდეგ ჩასვან ბავშვები. იქ, სადაც მცირედი რისკი მაინც არსებობს, არ არის რეკომენდებული გამოყენება, ხოლო თუ ბავშვს ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ჭოჭინა შესაძლებელია იყოს გამოყენებული როგორც დამხმარე საშუალება, მით უფრო ახალი ჭოჭინები, რომლებსაც საჭმლის დასადგმელი და უამრავი სათამაშო აქვს დამაგრებული და ეს ბავშვის გონებრივ განვითარებასაც უწყობს ხელს”, – აცხადებს ირინე გორგიშელი.

მშობლებს ჭოჭინის გამოყენებას არ ურჩევს მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის პედიატრი ინგა გოგოლაძე:

“არ არის სასურველი ჭოჭინის გამოყენება, ორთოპედების რეკომენდაცია არის ასეთი და ამიტომ ჩვენ ვურჩევთ მშობლებს, რომ ცოცვა ისწავლოს ბავშვმა”.

სალომე ქიქავამ პატარა ნინიას ჭოჭინა საკუთარი ინიციატივით უყიდა, რადგან ექიმებისგან ზუსტი პასუხი ვერ მიიღო:

“პედიატრების აზრი ორად გაიყო და ჩემი ინიციატივით ვუყიდე. ზოგი ამბობდა, აზარმაცებსო, ფეხები ეგრიხებათო, მაგრამ ჩვენ ძალიან წარმატებულად ვიხმარეთ. დედისთვის ძალიან კომფორტულია, ბავშვი ერთობა და შენ ამ დროს ათასი რამის გაკეთება შეგიძლია. ოღონდ, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა იყო”, – ამბობს სალომე.

რუსუდანი 27 წლისაა და ხუთი შვილი ჰყავს, როგორც ამბობს, ოთხი ბავშვი ჭოჭინაში გაზარდა და მეხუთესთვისაც აუცილებლად გამოიყენებს:

“მეორე რომ 6 თვის მყავდა, პირველი ჯერ წლინახევრის იყო და ჭოჭინა რომ არ მქონოდა, ძალიან გამიჭირდებოდა. ყველა ჯერზე ექიმები სხვადასხვა რჩევებს მაძლევდნენ, მაგრამ საბოლოოდ მომდევნო ბავშვებისთვისაც ვიხმარე”, – ამბობს რუსუდანი.

ანა ბურდული კი არ აპირებს 7 თვის ნატალი ჭოჭინაში ჩასვას:

“ვიცი, რომ არ არის კარგი ბავშვისთვის, ამაზე წამიკითხავს და მგონი, ტელევიზორშიც ვნახე, ახლა ხოხავს და ალბათ ფეხსაც მალე აიდგამს”.

ტრავმატოლოგ–ორთოპედი ვლადიმერ ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ გარკვეული საფრთხე ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით არსებობს – თუკი ბავშვს აქვს ტერფის დეფექტი, ბრტყელტერფიანობა ან ტერფმრუდობა, მისი განვითარება შესაძლოა არასწორად წავიდეს:

“9–10 თვეზე ადრე სახსრები არ არის ჩამოყალიბებული და არ არის სასურველი ბავშვის ფეხზე დაყენება”, – აცხადებს ვლადიმერ ნადირაშვილი, თუმცა, მისი თქმით, ის ჩვევები, რაც ბავშვს ჭოჭინით სიარულისას უვითარდება, მაგალითად, ფეხის წვერებზე დგომა, ფეხის ადგმისას ადვილად სწორდება.

თუმცა ის დაზიანებები, რასაც ბავშვები ჭოჭინის გამოყენების გამო იღებენ ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, სხვა მიზეზებსაც უკავშირდება: დამწვრობა, კიბიდან დაგორება, მოწამვლა და მოტეხილობები, ეს ის ძირითადი დაზიანებებია, რის გამოც ბავშვები ხშირ შემთხვევაში საავადმყოფოში ხვდებიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჭოჭინაში მჯდომი ბავშვების 75% საკუთარ თავს შემთხვევით თვითონვე აზიანებს, როდესაც წვდება ისეთ საგნებს, რაც მისთვის მისაწვდომი არ უნდა იყოს, მიდის ისეთ ადგილზე, რომელიც საფრთხის შემცველია. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბავშვები კიბიდან გორდებიან, ან დამწვრობას იღებენ, ამერიკაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ბავშვი უნიტაზში, აბაზანაში და აუზში ჩავარდა.

ამიტომ თუკი უნდათ, რომ პატარამ მალე გაიაროს, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის წევრები მშობლებს ე.წ. ბავშვის ქამრების ხმარებას ურჩევენ, მაგრამ თუკი მშობელი არჩევანს მაინც ჭოჭინაზე შეაჩერებენ, ექიმებმა მათ აუცილებლად უნდა აცნობონ ზემოთ აღნიშნული საფრთხეების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი