საზოგადოება

რა ეღირება პაციენტისთვის მშობიარობა

4 თებერვალი, 2013 • 7602
რა ეღირება პაციენტისთვის მშობიარობა

 

ექიმი გინეკოლოგი კოტე ბოჭორიშვილი 5 წელიწადი ესტონეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა. ამჟამად ჯეოჰოსპიტალის რეგიონული სამშობიარო კლინიკის ხელმძღვანელია. მშობიარობის დაფინანსებასთან დაკავშირებით ესტონური მოდელი ჯანდაცვის სამინისტროს გააცნო. ბოჭორიშვილი ჩართული იყო მშობიარობის დაფინანსების საკითხებზე მთავრობასთან კონსულტაციებში. ის იმ ციფრებზე საუბრობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა.

500 ლარი ფიზიოლოგიური და 800 ლარი საკეისრო მშობიარობისთვის – ეს არის ის თანხა, რომელიც, ბოჭორიშვილის თქმით, სრულებით საკმარისია.

“იმ კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ, ეს თანხა სრულიად საკამარისია. აქ შედის ექიმის მომსახურებაც და კვებაც,” – ამბობს სამეანო- გინეკოლოიგური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი.

500 ლარია გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან უმწეოთა ნებისმიერი მშობიარობის შემთხვევაშიც, თუმცა ზოგიერთ კლინიკაში უფრო მაღალი ფასების გამო სრული საფასურის შევსება პაციენტს საკუთარი ჯიბიდან უწევს.

საკუთარი ჯიბიდან ფულის დამატება მოუწევს ორსულს, თუკი იმ კლინიკაში იმშობიარა, სადაც მშობიარობის ფასები 500 ლარზე მეტია.

ამ ეტაპზე ყველა სამშობიარო სახლში როგორც ფიზიოლოგიური, ასევე საკეისრო მშობიარობის შემთხვევებისთვის სხვადასხვა ფასია.

500 ლარი არასაკმარისად მიაჩნია ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესა და თსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, ნატა ყაზახაშვილს. ჩაჩავას კლინიკაში მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასი 550 ლარიდან იწყება.

“აღნიშნულ თანხაში მშობიარობის, დედისა და ახალშობილის 3 დღის მანძილზე მოვლისა და კვების საფასური შედის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პაციენტი ერთ პალატაშია განთავსებული, იქ უნაკლო სისუფთავეა, არც ყურადღება აკლიათ პაციენტებს. შედარებით ნაკლებფასიანი სამედიცინო მომსახურების პირობებში დაბალი ფასი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პერსონალური სერვისები, პერსონალური მომსახურება გათვალისწინებული არ არის, თუმცა ჩვენს კლინიკას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს და მიგვაჩნია, რომ მომსახურების მაღალი სტანდარტი ყველა მშობიარისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს,“ – ამბობს ექიმი.

რაც შეეხება საკეისრო შემთხვევებს, ჩაჩავას კლინიკაში მისი საფასური 1140 ლარიდან იწყება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მხოლოდ 500 ლარით დააფინანსებს, მშობიარეს მინიმუმ 640 ლარის დამატება საკუთარი ჯიბიდან მოუწევს. პერსონალური ექიმის აყვანის შემთხვევაში კი ჯიბიდან გადახდილი თანხის ოდენობა კიდევ დაახლოებით  200 ლარით გაიზრდება.

600 ლარის დამატება მოუწევს პაციენტს საკეისრო მშობიარობის და 120- ფიზიოლოგიურის შემთხვევაში საპატრიარქოს სამშობიარო სახლში, სადაც საკეისროს ფასი 1100 ლარით, ფიზიოლოგიურის კი 620 ლარით განისაზღვრება.

კითხვაზე, სახელმწიფოს მხრიდან 500 ლარის შეთავაზების შემთხვევაში, ექნება თუ არა საპატრიარქოს კლინიკას ფინანსური რისკები, კლინიკის ხელმძღვანელი ვეფხია ოდიშარია ამბობს, რომ წინასწარი პროგნოზით პროექტი წამგებიანი არ იქნება.  

“წლების მანძილზე ყოველთვის ყველა სადაზღვევოს პროვაიდერები ვართ. ამ შემთხვევაშიც ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება ფინანსურ დანახარჯებს, ეს შეთანხმების საგანია,” – ამბობს ის.

ჯანდაცვის სამინსიტროდან კლინიკები კიდევ ერთი დეტალის შესახებ ელოდებიან ინფორმაციას.

ბოლო 10 წლის სტატისტიკური მონაცემით, ორსულობის შემთხვევები 20 წლამდე ასაკის გოგონებში და 35 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მატულობს. ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის კი, ორსულობის დროს სხვადასხვა პრობლემების წარმოშობისა და პათოლოგიური მშობიარობის რისკები არსებობს.

გარდა ამისა, თუ 2000 წელს მშობიარობათა საერთო რაოდენობაში ფიზიოლოგიური მშობიარობის ხვედრითი წილი 80% იყო, ხოლო პათოლოგიური მშობიარობის ხვედრითი წილი 20%-ს არ აღემატებოდა, დღეისათვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვლილია და   პათოლოგიური მშობიარობის ხვედრითმა წილმა 30%-ს გადააჭარბა.

“ის, რომ სახელმწიფომ ასეთი ინიციატივა გააჟღერა, არის ძალიან თანამედროვე მიდგომა, როდესაც სახელმწიფო „ბაზისური სიკეთის პაკეტს“ (BBP – Basic Benefits Package ) განსაზღვრავს და, შესაბამისად, ფარავს. თუმცა, ისევ და ისევ ყველაფერი სხვა დეტალებზე იქნება დამოკიდებული. წარსულში მიღებული გაკვეთილები, როგორც ამბობენ, “Lesson learned” და შეცდომები, რომელიც წარსულში იყო დაშვებული, გათვალისწინებული უნდა იყოს. როგორ დაფინანსდება ფიზილოგიური მშობიარობა, როგორ დაფინანსდება საკეისრო კვეთის შემთხვევები, და რაც ყველაზე მთავარია, არავინ საუბრობს ორსულთა პათოლოგიებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი საკითხია,” – ამბობს ნატა ყაზახაშვილი.

იქნება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული ერთი თანხით ნებისმიერი ტიპის მშობიარობა, მათ შორის გართულებული? – ეს არის სამშობიარო სახლების მენეჯმენტის ძირითადი კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ.

„საქართველოში წლების წინაც მუშაობდა საყოველთაო პროგრამა მშობიარეებისთვისაც, თუმცა მაშინ 400 ლარი იყო სრული თანხა ნებისმიერი სახის მშობიარობისთვის, ეს აბსურდია, საკეისროსთვის და ფიზიოლოგიურისთვისაც,“- ამბობს კოტე ბოჭორიშვილი, ჯეოჰოსპიტალის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი.

საქართველოში ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამა პირველად 1995 წელს დაიწყო, მაშინ ორსულთა პატრონაჟსა და მშობიარობას სახელმწიფო აფინანსებდა, რაც ქვეყანში არსებულ მძიმე დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებას ისახავდა მიზნად. დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, ნატა ყაზახაშვილი იყო ჩართული „დედათა და ბავშვთა გადარჩენის პროგრამის“ შემუშავებასა და განხორციელებაში.

დღესდღეობით სახელმწიფო რესურსებით, ანუ პაციენტისთვის უფასოდ, მხოლოდ ორსულთა პატრონაჟს უზრუნველყოფს, რაც ორსულობის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებაში მეან-გინეკოლოგთან  4 ვიზიტს, ერთხელ ექოსკოპიურ გამოკვლევას და სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტების ჩატარებას გულისხმობს.

 

სახელმწიფოს ინიციატივა 1 ივლისიდან მშობიარობის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის დასაწყიში გაახმიანა. დავით სერგეენკოს თქმით, მშობიარობას სახელმწიფო დაუფინანსებს ყველას, ვისაც არანაირი დაზღვევა არ გააჩნია. თუმცა დღემდე უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხით დააფინანსებს სახელმწიფო ამ პროგრამას.

სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი თანხის გამოყოფის შემთხვევაში პაციენტის გადასახადი იქნება პერსონალური ექიმის აყვანისთვის და გაუტკივარებისთვის საჭირო ხარჯები, რომელთა საშუალო ფასი 200-300 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი