საზოგადოება

C ჰეპატიტის მკურნალობას სახელმწიფო ისევ ვერ დააფინანსებს

30 იანვარი, 2013 • 3048
C ჰეპატიტის მკურნალობას სახელმწიფო ისევ ვერ დააფინანსებს

ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი 2006 წელს დიდ ბრიტანეთში სტუდენტური ვიზით ჩავიდა. ქვეყანამ მაშინვე დაუფინანსა საქართველოს მოქალაქეს C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯები.

“სამწუხაროდ, მკურნალობის კურსი არ იყო წარმატებული და ახლა განმეორებით მიწევს ინტერფერონ -თერაპიის ჩატარება. ახლა მაქვს სამუშაო ვიზა, ჯერ არ ვარ მოქალაქე, მაგრამ მკურნალობის კურსს მაინც ფარავს სახელმწიფო,”- ამბობს იმნაიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.  

C ჰეპატიტის მკურნალობას ბრიტანეთში, ისევე როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, სახელწიფოს სტანდარტული სადაზღვევო პოლისი ფარავს.

საქართველო ამ ეტაპზე იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ამ დაავადების მკურნალობას მისი მაღალი ფასის გამო ვერც სახელმწიფო ფარავს და ვერც სადაზღვევო კომპანიები.

ფატი გაბუნია, ექიმი-ინფექციონისტი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე ამბობს, რომ C ჰეპატიტის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების მაღალი ფასის გამო მის პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები მკურნალობას არ იწყებენ, ან მკურნალობის პროცესში წყვეტენ.

 

 

“ეს საკითხი შესწავლილი აქვს სამინისტროს. თანხები დათვლილია. იმ 200 000 ადამიანიდან, ვისაც C ჰეპატიტი აქვს, სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა 15-20%-ს სჭირდება. იმისთვის, რომ ეს რიცხვი დავფაროთ და ყველა მათგანს ვუმკურნალოთ, 800 მილიონი ლარი გვჭირდება მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მთლიანი ბიუჯეტი 650 მილიონია. იმ შემთხვევაშიც კი არ იქნება თანხა საკმარისი, თუ ჯანდაცვის სრულ ბიუჯეტს ამაში დავხარჯავთ,” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.

 

საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ საჭირო არსებულ პრეპარატებს, ინტერფერონსა და რიბავერინს, რომლის ყოველკვირეული დოზა პაციენტს 474 ლარი უჯდება, 2012 წლის ბოლოდან არასაინექციო ფორმის პრეპარატები- ბოცეპრევერი და ტელაპრევირი დაემატა.

“იმიტომ, რომ ის, რაც უკვე არსებობდა, არ იყო ყოველთვის შედეგიანი, 60-80%-ში უშედეგო მკურნალობის ალბათობა იყო. ამის დამატების შედეგად კი იზრდება მკურნალობის შედეგები, თუმცა ძვირდება თავად მკურნალობა,” – ამბობს ექიმი.

ახალი პრეპარატის შესაძენად პაციენტს თვეში დაახლოებით 5000 ლარი სჭირდება. სულ რამდენთვიანი მკურნალობა დაჭირდება პაციენტს, ეს უკვე დაავადების გენოტიპზეა დამოკიდებული.

თუ მკურნალობა 24- კვირიანია, ახალი პრეპარატი, მთლიანობაში, 30 000 ლარი, 48- კვირიანის შემთხვევაში კი – 60 000 ჯდება.

ერთადერთი ჯგუფი, რომლისთვისაც ამ დაავადების მკურანლობა უფასოა, შიდსით  დაავადებული პაციენტები არიან. ამ შემთხვევაშიც მკუნალობის თანხას დონორი ორგანიზაცია ფარავს.

როგორც ირკვევა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედით C ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე სახელმწიფო სასჯელაღსრულების სისტემაშიც ფიქრობს, – პროგრამის შემუშავების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარე თვის დასაწყისში შედგა.

ყველა დანარჩენი პაციენტისთვის ამ ეტაპზე C ჰეპატიტის დიაგნოსტიკაც საკუთარი გადასახდელია. დიაგნოსტიკის პირველი ეტაპი, ყველაზე ძვირი, 1600 ლარამდე მერყეობს.

„C ჰეპატიტის მკურნალობის გათვალისწინება სადაზღვევო პაკეტში ძალიან გაზრდიდა თავად პაკეტის ფასს, შესაბამისად, მის მკურნალობას არც ერთი სადაზღვევო არ აფინანსებს,“- ამბობს თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“-ს  საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

იქამდე, სანამ საქართველოში არსებული პრეპარატების პარალელურად ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ დარეგისტირებული ახალი, უფრო ეფექტური და ძვირადღირებული პრეპარატის ფართო მოხმარება დაიწყება, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ახალი პრეპარატი გადის ტესტირებას, რომელიც თვისობრივად განსხვავდება არსებული მკურნალობის კურსისაგან.

 

დღეს ჰეპატიტის წინააღმდეგ იყენებენ ინტერფერონს, რომელიც ორგანიზმში არა მხოლოდ ვირუსს აზიანებს, არამედ ჯანმრთელ უჯრედებსაც. შესაბამისად, პრეპარატს რთული გვერდითი მოვლენები აქვს. ახალ პრეპარატში კი არ შედის ინტერფერონი და ეს არის მთავარი განსხვავება.

“ქართული ოცნების ჯანდაცვის  პროგრამის ერთ-ერთ ავტორს პრივატულ საუბარში ვკითხე:

– რა ქნას 200 000 ადამიანმა, ვისაც C ჰეპატიტი აქვს და მკურნალობის შესაძლებლობა არა?

 

– ბატონო ირაკლი, თქვენი მკურნალობა რა უჯდება ბრიტანულ ბიუჯეტს?

 

– 70 000 გირვანქა ( 185 000 ლარი).

 

– ჩვენს ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა, დააფინანსოს ამდენი ადამიანის მკურნალობა, რომელიც 70 000 გირვანქა ღირს,”- იხსენებს “ნეტგაზეთთან” საუბარში ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც ამ დაავადების შესახებ ბლოგს წერს. 

 

უკანასკნელი წლების სტატისტიკით, საქართველოში C ჰეპატიტით რეგისტრირებულთა რიცხვი კვლავ მაღალი (მოზრდილი მოსახლეობის 6,7 %) რჩება. ეს რიცხვი დაახლოებით 2-ჯერ აღემატება როგორც დასავლეთის, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებელს, თუმცა დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია ეგვიპტის მაჩვენებელზე. სპეციალისტები ამას საქართველოში ნარკომანიის მაღალი მაჩვენებლით ხსნიან, რომელიც C ჰეპატიტის მთავარ გამომწვევ მიზეზად რჩება.

„ვერ ვიტყვით, რომ ეს ნარკომანიის ახალი შემთხვევების გამო ხდება. ეს დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებადია, შესაბამისად, ძველი შემთხვევები წლების შემდეგ ვლინდება,“- ამბობს ექიმი- ინფექციონისტი, ფატი გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი