საზოგადოება

გენმოდიფიცირებული პროდუქტის შეზღუდვა – მთავრობის ახალი ინიციატივა

17 იანვარი, 2013 • 2602
გენმოდიფიცირებული პროდუქტის შეზღუდვა – მთავრობის ახალი ინიციატივა

გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველომ პირველად 1996 წელს დაიწყო. მაშინ ერთ-ერთმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანია მონსანტომ, რომელმაც საქართველოში 600 ტონა კარტოფილის იმპორტი განახორციელა, პოზიციები დათმო და პროდუქტი უკან გაიტანა.

“მწვანეთა პარტიის” ლიდერი და გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრი გია გაჩეჩილაძე, რომელიც მაშინ პარლამენტის წევრი იყო, ამბობს, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან ბრძოლის დაწყება სწორედ მისი პარტიის ძალისხმევას უკავშირდება.

“სწორედ ჩვენმა პარტიამ მიიღო მაშინ ”გრინფისიდან” კონფიდენციალური წერილი, სადაც გენმოდიფიცირებულ კარტოფილის შემოტანაზე გვწერდნენ. გარდა ამისა, 2 წლის წინ რუსეთის მწვანეთა პარტიამ გამოგვიგზავნა რუსეთში წარმოებული გენმოდიფიცირებული ხორცპროდუქტების ნუსხა, რომელიც მაშინ საქართველოშიც შემოდიოდა,”- ამბობს გაჩეჩილაძე.

დღეს, როგორც გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად იმ კანონპროექტის დასრულებაზე მუშაობს, რომელიც გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტის შეზღუდვას უკავშირდება.

 

კანონპროექტში “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” ამ დროისთვის კონცეფტუალური საკითხების შეთანხმება ხდება. 

თუმცა კანონპროექტის ძირითადი მიზანი უკვე ცნობილია –  საკვები ნედლეული უნდა იქნას ეტიკეტირებული, უნდა აიკრძალოს ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმის (ცმო) გარემოში გავრცელება. გარდა ამისა, თუ კანონი ძალაში შევა, შეზღუდვა გენმოდიფიცირებული ნერგებისა და თესლის შემოტანაზეც გავრცელდება.

 

გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ სწორედ ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო.

“ახლა გავაცოცხლეთ ეს პროცესი. ერთ -ერთი დაპირება იყო ეს ხელისუფლების, რომ ეს საკითხი დარეგულირდებოდა. გარდა ამისა, ამ საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი დიდია. შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანია, ინფორმირებული იყოს მოსახლეობა, რათა მან შესაბამისი არჩევანი  გააკეთოს. ასევე კანონის მიზანია საქართველოს მდიდარი გენოფონდის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ცმო-ს დათესვა, კულტივირება და ა.შ. “- ამბობს მინისტრი.

გარემოს სამინისტროს გარდა, კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობოებისა  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ. როგორც ხათუნა გოგალაძე ამბობს, მალე კანონპროექტის საჯარო განხილვებიც მოეწყობა, რათა სხვა დაინტერესებულმა მხარეებმაც შეძლონ პროცესში ჩართვა.

 

როგორ მოხდება ინსპექტირება, პროდუქციის მარკირება, რომელ პროდუქტზე იქნება მარკირება, ექნება თუ არა მარკირება ადგილობრივად წარმოებულ საკვებ პროდუქტს, ხომ არ გამოიწვევს ცვილებები საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას, ამ და სხვა კითხვებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრი გია გაჩეჩილაძე ამბობს, კანონპროექტი “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” საერთაშიროსო კონვენციებთან და იმ ვალდებულებასთან არის ჰარმონიზებული, რომელიც საქართველოს რამდენიმე წლის წინ აქვს აღებული.

კარტახენას ოქმის რატიფიცირება საქართველომ 2007 წელს მოახდინა. საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი – ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმი, 2003 წელს შევიდა ძალაში. მისი მიზანია თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებული გენდმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების დროს დაცული იყოს ქვეყნებში უსაფრთხოება და უარყოფითი გავლენა ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე არ მოახდინოს.  

 

„ეს ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტი იყო, რომლის მიღებაც მაშინ პარლამენტს არ უნდოდა. მას შემდეგ, რაც მისი მიღება ორჯერ ჩავარდა, პატრიარქმა თავის სააღდგომო ეპისტოლეში გენმოდიფიცირებულ საკვებს უზარმაზარი მონაკვეთი დაუთმო და ეს კატეგორიულად მოითხვა. ამის შემდეგ მივიღეთ დოკუმენტი. სხვანაირად ვერაფერს მივაღწიეთ. მაშინ ეს ვალდებულება კი აიღო ქვეყანამ, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე. ასეთ დოკუმენტს კანონის მიღებაც სჭირდებოდა,” – ამბობს გია გაჩეჩილაძე.

 

მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონი სამი ფაქტორის გამო უნდა მიიღონ.

 

“პირველ მიზეზი მოსახლეობის ჯანდაცვაა. გარდა ამისა, გენმოდიფიცირებული თესლებისა და ნერგების მიმოქცევის შედეგად, ველურ ბუნებაში მათი გადასვლისა და თვისებების ცვლილების რისკები ჩნდება. დაბოლოს, ეს არის ეკონომიკური ფაქტორი – საქართველომ თავისუფლად უნდა შეძლოს მსოფლიო ბაზარაზე ეკოლოგიურად სუფთა პრიდუქტით სხვა ქვეყნებისთვის კონკურეციის გაწევა.”



ამერიკულმა ჟურნალმა Food and Chemical Toxicology, რომელიც მსოფლიოში კვებითი ტოქსიკოლოგიის სფეროში წამყვან გამოცემად მიიჩნევა, რამდენიმე თვის წინ ფრანგი მკვლევარის, კანის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტის, ჯილ ერიკ სერალინის შრომა გამოაქვეყნა. 

 

სწორედ ჯანდაცვის კუთხით, რამდენიმე წლის მანძილზე ის და მისი ჯგუფი გენმოდიფიცირებულ სიმინდს ვირთხებზე სწავლობდნენ. როგორც  კვლევის შედეგებით ირკვევა, იმ ვირთხების ჯგუფს, რომელსაც სწორედ ასეთი პროდუქტით კვებავდნენ, ცდამ დამანგრეველი რეზულტატი მოუტანა – ყველა მათგანი დაავადდა.


მკვლევართა ნაწილს ასეთი ცდებით სწორედ იმის დამტკიცება უნდა, რომ გენური ინჟინერიით ხელოვნურად შეცვლილი ორგანიზმი  ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. კონკერტულად კი შეუძლია ალერგიული და სიმსივნური დაავადებების გამოწვევა. თუმცა ადამიანებზე ჩატარებული მსგავსი ცდების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. გენმოდიფიცირებულ საკვებზე, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის გამომწვევზე, ამ ეტაპზე ვერც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საუბრობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი