განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის 14 სპეციალობის სრული კურსი უფასო გახდება.
სტუდენტები დაფინანსდებიან შემდეგ სპეციალობებზე: აგრონომია, განათლების მეცნიერებები, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ფილოსოფია და არქიტექტურა.
როგორც განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე აღნიშნავს, ჩამონათვალი, რომელიც სამინისტრომ წარმოადგინა, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს:
“როდესაც სახელმწიფო განათლების სფეროში პრიორიტეტებს საზღვრავს, უნდა იყოს შერჩევის ორი კრიტერიუმი. ერთი, შრომის არარეგულირებად ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები, როდესაც ბაზარზე არის დეფიციტი და მეორე არის იმდაგვარი სპეციალობები, რომლებიც არ არის დამოკიდებული თავისუფალი ბაზრის კონიუნქტურაზე და მარკეტინგზე, მაგრამ გადაუდებელი აუცილებლობა გაქვს, რომ შეინარჩუნო მაღალი რანგის სპეციალისტთა თუნდაც მცირერიცხოვანი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები გასაგებია, თუმცა ჩამონათვალში არსებული ზოგიერთი სპეციალობა გაუგებარია, რატომ გახდა პრიორიტეტი, ამის შესახებ ინფორმაცია ჩამონათვალის გამოქვეყნებამდე არ მიგვიღია”, – აცხადებს გიორგი გახელაძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სპეციალობების ჩამონათვალის შედგენა ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამო არ მომხდარა. როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, სხვადასხვა სპეციალობებზე სწავლა უფასო სხვადასხვა პრიორიტეტების გამო გახდა:
“ნებისმიერი ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემისთვის აუცილებელია ფუნდამენტური დარგების არსებობა, როგორიც არის- ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა. არსობრივად, ნებისმიერ სხვა დარგში მეცნიერული კვლევის წარმოება წინაპირობად გულისხმობს ამ დარგებში სპეციალისტების არსებობას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის აუცილებელია და სავალდებულოა ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემისთვის ამ დარგებში სპეციალისტების არსებობა”.
რაც შეეხება აგრარულ სფეროს, მინისტრის განცხადებით, ეს დარგი ჩამონათვალში სამთავრობო პოლიტიკიდან გამომდინარე მოხვდა. მისი თქმით, აგრარული სფერო საგანგებოდ დაფინანსდა, რადგან რეგიონულ განვითარებაზე სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული აქცენტია გადატანილი, ამავე მიზეზით შევიდა ჩამონათვალში ეკონომიკაც:
“არის კიდევ ჰუმანიტარული დარგები, რომელშიც გამოყოფილია ის მეცნიერებები, რომელიც სჭირდება ქართველოლოგიურ სწავლებებს. ქართველოლოგიური სწავლებები ძალიან ფართო ტერმინია, ეს გულისხმობს ჩვენი კულტურის ისეთ შესწავლას, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩვენი ვალდებულებაა. რომ წარმოვიდგინოთ ჯამურად საკაცობრიო ცოდნა და შემეცნება, ამ ნაწილში ჩევნი ვალდებულებაა, რომ დავამუშაოთ ქართული თემატიკა”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
მინისტრის თქმით, ის ადამიანები, ვინც უფასო მიმართულებებზე ისწავლიან, თვითრეალიზაციას დაახლოებით 2020 წლისთვის მოახდენენ. მარგველაშვილის განცხადებით, შესაძლოა მათი 100% იმ მიმართულებას არ გაყვეს, რასაც უნივერსიტეტში შეისწავლის, თუმცა, ქვეყნის გეგმებიდან გამომდინარე, მათი პროფესიები დაახლოებით 6 წლის შემდეგ ბევრად უფრო გამოსადეგი იქნება.
გიორგი გახელაძის განცხადებით, საეჭვოა, რამდენად მოთხოვნადი იქნებიან თუნდაც წლების შემდეგ ისტორიის, ფილოსოფიის და ჩამონათვალში არსებული რამდენიმე სხვა სპეციალობის მიმართულებით საბაკალავრო დონეზე მომზადებული ადამიანები, რადგან ამ მხრივ ბაზარი სიმცირეს და დეფიციტს არ განიცდის:
“სახელმწიფოს რომ დაეფინანსებინა, ვთქვათ, აგრარულ მეცნიერებებში მიღებული სტუდენტებიდან რაღაც რაოდენობა, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა და იმის მიხედვით, ვის უფრო უკეთესი მაჩვენებლები ექნებოდა, ასე უფრო უკეთეს, კომპეტენტურ და მდგრად კადრებს მიიღებდნენ და სახელმწიფო დაკვეთა რაოდენობრივადაც განსაზღვრული იქნებოდა. უნივერსიტეტი აქედან ფულს იღებს და თუ არ არის დამატებითი ბერკეტები, შესაძლოა ამ რიცხვის ხელოვნურად გაზრდაც მოხდეს. ამიტომ უამრავ დამატებით განმარტებას საჭიროებს ეს ინიციატივა”, – აცხადებს გიორგი გახელაძე.
მინისტრის განმარტებით, ფაკულტეტებზე სტუდენტების რაოდენობას აკრედიტაციის პერიოდში თავად უნივერსიტეტები ადგენენ, რა დროსაც წინა წლების გამოცდილების გათვალისწინება ხდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლიდან უფასოდ 500 სტუდენტი ისწავლის. უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის განცხადებით, ეს ინიციატივა უნივერსიტეტისთვის ფინანსურად სასარგებლოა, თუმცა მისი ძირითადი მიზანი საეჭვოა შესრულდეს:
“კარგია ის, რომ ეს შეცვლის უნივერსიტეტების მდგომარეობას უკეთესობისკენ ფინანსური თვალსაზრისით და კვლევაზე ფული გაჩნდება. რაც შეეხება თვითონ სპეციალობებს, თუ ამის მიზანი არის ის, რომ ამ სპეციალობის ხალხი შრომის ბაზარზე გავიდეს, ეს საეჭვოა, რომ შესრულდეს. ის მეცნიერებები, რომლებზეცაა საუბარი, ადამიანებმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა ისწავლონ. ადამიანი ემზადება 10–15 წელი პროფესიაში შესასვლელად, ჩვენ რომ ახლა დავუფინანსებთ ფიზიკოსს ბაკალავრიატს, არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ის 15 წლის შემდეგაც ფიზიკოსი იქნება, ეს წინააღმდეგობა არის”, – აცხადებს გიგი თევზაძე. რექტორის თქმით, ჩამონათვალში არსებული პროფესიები დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი ბიზნესის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტებია.
განათლების სამინისტროს მხრიდან დაფინანსება მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს ეხებათ, რომლებსაც ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები აქვთ. დაფინანსება არ ეხებათ კერძო სასწავლებლებს.
კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი ნუგზარ სხირტლაძე აცხადებს, რომ ეს ინიციატივა “დაარტყამს” კერძო უნივერსიტეტებს :
“ჩვენ მხოლოდ კერძო უნივერსიტეტის თვალით არ ვუყურებთ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის განვითარება საჭიროა და განსაკუთრებით პედაგოგების მომზადება, ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ზოგ სპეციალობაზე, რაც ჩვენ გვაქვს და ჩამონათვალში მოხვდა, ალბათ მიღება შეგვიმცირდება, დიდი ნაკადი ალბათ ისურვებს იქით წასვლას, შემოთავაზება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებდით”, – აცხადებს ნუგზარ სხირტლაძე.
როგორც გიორგი გახელაძე აღნიშნავს, სამინისტროს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების დაყოფა არ უნდა მოეხდინა:
“ეს პროგრამები მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფინანსდება, ეს ცოტა გაუგებარია იმიტომ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, როგორი წარმოშობის და რა სამართლებრივი ფორმის სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი მოგიმზადებს კარგ სპეციალისტს? ყველა ამ კითხვის ნიშნის გამო კარგი იქნებოდა, რომ სანამ პრიორიტეტები გამოცხადდებოდა, გასაჯაროებული ყოფილიყო, თუ რა ტიპის ანალიზს, რა მონაცემებს დაეფუძნა ამდაგვარი არჩევანი სახელმწიფოში პრიორიტეტების განსაზღვრისას. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, რომ ყველაფერს ხელი შევუწყოთ და ვთქვათ, რომ ნებისმიერი სახის განათლება ღირებულია და რატომაც არა. როცა რესურსი გაქვს ცოტა – ყველაზე მნიშვნელოვანს უნდა მოახმარო”, – აღნიშნავს გიორგი გახელაძე.
7 უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების 4- წლიანი სწავლის დასაფინანსებლად აღნიშნულ სპეციალობებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯამში, 8 მილიონი ლარი გამოყო.