ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კლინიკური განყოფილების ექიმი, თათა ასათიანი, რომელიც ალკოჰოლდამოკიდებულ პაციენტებთანაც მუშაობს, ამბობს, რომ გამოზარხოშების სინდრომით პაციენტები ცენტრს იშვიათად აკითხავენ.
ადამიანები ე.წ პახმელიას შინაურ პირობებში ტრადიციული მეთოდებით ებრძვიან – ბევრი სითხის მიღება, მედიკამენტები ან ისევ ალკოჰოლური სასმელი. ამ უკანასკნელის მიღება კი, სპეციალისტთა აზრით, არასწორია და რისკებთან არის დაკავშირებული.
„თუ პახმელიის სინდრომის მოხსნა ისევ ალკოჰოლის მიღებით ხდება, ამ შემთხვევაში საქმე ე.წ. ალკოჰოლურ ლომკასთან გვაქვს, შესაბამისად, ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების რისკები ჩნდება,“- ამბობს კლინიკის ექიმი, თათა ასათიანი.
რაც შეეხება ტრადიციული მკურნალობის სხვა ფორმებს, ექიმები მიიჩნევენ, რომ მინერალური წყლის მიღებით ორგანიზმში სითხის დეფიციტის შევსება, კუჭის გამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება და სხვა მედიკამენტები ეფექტურად მოქმედებს.
ექიმი თათა ასათიანი პრეპარატ მეტადოქსილზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, ეფექტურია არა მხოლოდ ე.წ პახმელიის დროს, არამედ ალკოჰოლის მიღებამდეც და მისი მიღების შემდეგაც.
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი, პირის სიმშრალე, პირღებინება, გუნება-განწყობის დაქვეითება, დეპრესიულობა, შფოთვა, ეს სიმპტომები ე.წ. პახმელიის დროს ყველაზე ხშირად ვლინდება.
აღნიშნული სიმპტომატიკა ნაწილობრივ დაკავშირებულია ორგანიზმის გაუწყლოვნებასთან, რომელიც ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმიდან შარდის გაძლიერებულად გამოყოფის შედეგად ჩნდება.
მთავარი ფაქტორი კი, რაც ე.წ. პახმელიის სიმპტომებს იწვევს, ალკოჰოლურ სასმელში შემავალი ეთილის სპირტია, რომელსაც ღვიძლის ფერმენტების სისტემა ამუშავებს. სასმელის დიდი რაოდენობით მიღების დროს მისი ეფექტურად დაშლა ვერ ხდება, გროვდება ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც გადადის მთელ ორგანიზმში. ეს იწვევს ორგანიზმის მოწამვლას – ინტოქსიკაციას.
ე.წ. პახმელიის დროს, სასმელის დიდი რაოდენობით მიღების გარდა, მნიშვნელოვანია მისი მიღების ფორმაც.
სპეციალისტები ამბობენ, რომ საკვებთან ერთად ალკოჰოლის მიღება აფერხებს სწრაფად თრობას და, შესაბამისად, “პახმელიის” სინდრომი შედარებით უმტკივნეულოდ ვლინდება.
არსებობს საკვები, რომლის მიღებაც კიდევ უფრო მეტად აფერხებს სწრაფად თრობას – მაგალითად, ისეთი საკვების, როგორიცაა- ხორცი, ცხიმოვანი საკვები, კარტოფილი და ა.შ.
ასევე დადგენილია, რომ შუშხუნა ღვინის შეწოვა ორგანიზმის მიერ უფრო სწრაფად ხდება და ეთილის სპირტის დაშლა არაეფექტურად მიმდინარეობს, რაც ძლიერ თრობასა და, შესაბამისად, ინტოქსიკაციას აძლიერებს.
გარდა ამისა, მედიკოსები მუქი შეფერილობის (შავი ღვინო, ვისკი, ბრენდი) ალკოჰოლურ სასმელზეც საუბრობენ, რომელიც მეტ მავნე პროდუქტს შეიცავს ორგანიზმისთვის, ვიდრე ღია ფერის (არაყი, თეთრი ღვინო).
ექიმები ამბობენ, რომ რაც უფრო ტოქსიკურია სასმელი, ალკოჰოლური თრობა და პახმელიის სინდრომი მძიმედ მიმდინარეობს.
„ჩვენი პაციენტების უმრავლესობა სწორედ ძლიერი თრობის მისაღწევად მინიმალური რესურსით, 20 თეთრად ჩამოსასხმელ არაყს მოიხმარდა,“- ამბობს თათა ასათიანი.
სპეციალისტთა აზრით, ე.წ. პახმელიას, ერთჯერადი სიმპტომების გარდა, თან ახლავს ჯანმრთელობისთვის გარკვეული რისკები. განსაკუთრებით ეს რისკები ქრონიკული დაავადებების, ჰიპერტონული დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს იმატებს. ასეთ შემთხვევებში არსებობს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკები. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში კი, სისხლში გლუკოზის რაოდენობის არევა.
„ჩვენთან მოდიან ადამიანები ჩივილით, რომ „ცუდი“ პახმელია აქვთ. ამ დროს გენეტიკურ ფაქტორზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელიც დაახლოებით 80%-ში მაინც არსებობს. როდესაც ადამიანს არ აქვს ფერმენტების სრულყოფილი სისტემა, მისთვის ყოველი დალევა არის ინტოქსიკაცია. პრევენცია კი მხოლოდ სასმელისგან თავის არიდებაა,“- ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კლინიკური განყოფილების ექიმი.