საზოგადოება

რამ გააუმჯობესა მოსწავლეების წიგნიერების დონე საქართველოში

27 დეკემბერი, 2012 •
რამ გააუმჯობესა მოსწავლეების წიგნიერების დონე საქართველოში

2006 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი 471 იყო, 2011 წლის კვლევაში ეს შედეგი 17 ქულით გაიზარდა და 488–ს უტოლდება.

 

ნინო დობორჯგინიძე, რომელიც 2011 წლამდე ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის მთავარი ექსპერტი იყო, გაუმჯობესებულ შედეგს 2006 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას, ამავე წელს დაწყებული ახალი სახელძღვანელოებით სწავლებას და მასწავლებლების გადამზადების პროცესს უკავშირებს:

 

2011 წლის წიგნიერების კვლევა სწორედ იმ მოსწავლეთა შედეგებს აჩვენებს, რომლებიც 2006 წლის სასწავლო გეგმით და იმ პერიოდში დანერგილი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ. 2006 წლის იმავე კვლევის მაჩვენებელი მანამდე არსებული სწავლების შედეგს ასახავს:

 

“თქვენ თუ გადაშლით ძველ სახემძღვანელოებს, ნახავთ, რომ არამხატვრული ტექსტი არც არსებობდა, 2006 წლის შემდეგ, სახელმძღვანელოებს დაემატა სხვადასხვა ტიპის ტექსტები და მათ დამუშავებაში გამოიყო  გაგების, გააზრების, ანალიზის დონეები. ჩემი აზრით, საქართველოს მაჩვენებლის ის მცირე გაუმჯობესება ლოგიკურად ასახავს იმ პატარა გაუმჯობესებას, რაც ჩვენს სწავლებაში იყო”, – აცხადებს დობორჯგინიძე.

 

2006 წლის წიგნიერების კვლევის ანალიზით, მართლაც ჩანს, რომ მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტების გაგების  პრობლემა აქვთ. საქართველოს მხატვრული ტექსტის გააზრებაში სკალირებული საშუალო ქულა უფრო მაღალი აქვს (478), ვიდრე საინფორმაციო ტექსტის გააზრებაში – 467.

 

USAID-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი პაატა პაპავა გაუმჯობესებულ შედეგს მინიმალურს უწოდებს. მისი მოსაზრებით, რეალურ შედეგზე მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა საქართველოს მაჩვენებელი, წიგნიერების კვლევის საერთაშორისო სკალირებული საშუალო მაჩვენებელს, რომელიც  500 ქულით განისაზღვრება, გადაცდება.

 

პაატა პაპავა გამოყოფს რამდენიმე ფაქტორს, რითაც საქართველოს დაბალი მაჩვენებელია განპირობებული. მისი თქმით, სახელმძღვანელოების ტექსტების სირთულე და რესურსის ერთფეროვნება მუდივი პრობლემაა.

 

“2006 წლის კვლევაში იყო პრობლემა და ეს ამ კვლევაშიც სახეზეა: მოსწავლეებს პრობლემა აქვთ საინფორმაციო ტექსტების წაკითხვის და გაგების. ჩვენს ბავშვებს პრობლემა ექმნება იმ ნაწილში, რაზეც არ მუშაობენ კლასში. საიდან იმუშავებენ, – მასწავლებელი მიჯაჭვულია სახელმძღვანელოზე, რომელიც არ აძლევს გასაქანს და მითითებებს, როგორ ამუშოს ბავშვები. რესურსებით კარგად უზრუნველყოფილი სკოლები აღწევენ წარმატებას. რესურსებში იგულისხმება მრავალფეროვანი საკითხავი ტექსტები, სხვადასხვა დონის სირთულის, ჟანრის”.

 

განათლების ექსპერტები, ასევე, შეცდომად მიიჩნევენ 2006 წლის პირლსის კვლევების რეკომენდაციების დიდი ნაწილის ყურადღების მიღმა დატოვებასაც. 2006 წლის წიგნიერების კვლევაში საქართველოს მიმართ არსებულ რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ კითხვის სპეციალური სასწავლო გეგმა უნდა შეიქმნას, რაც ცალკე კითხვის გაკვეთილების ჩატარებას გულიხმობს.

 

კვლევა
კვლევა

 

განათლების ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მოსწავლის ცხრილი საკმაოდ გადატვირთულია, ამ რეკომენდაციის გათვალისწინება აუცილებელი და კითხვის ცალკე გაკვეთილები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან კითხვის და გაგების უნარი ირიბად, მაგრამ მათემატიკის ცოდნის კვლევის შედეგებზეც აისახება.

 

“მათემატიკაში, განა, 2+3 არ იცოდა ბავშვმა? ხშირად პირობას ვერ იგებდა, ჩვეულებრივი ფუნქციური ტექსტის წაკითხვა არ შეეძლო”, – აცხადებს ნინო დობორჯგინიძე.

 

მათემატიკისა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შეფასების მიხედვით (TIMSS 2011) მათემატიკის უნარების შეფასება მეოთხე კლასის მოსწავლეებში 2007 წელთან შედარებით, 438–დან 450–მდე გაიზარდა. ხოლო მერვე კლასის მოსწავლეებში შეფასება 410–დან 431–მდე გაიზარდა.

 
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მათემატიკის, მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის ეკატერინე სლოვინსკის განცხადებით, კვლევის შედეგები დეტალურ ანალიზს მოითხოვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია – გაუმჯობესება გამოწვეულია ეროვნული სასწავლო გეგმის უფრო აქტიური დანერგვით, ტრენინგებით და სახელმძღვანელოებში შეტანილი იმ ცვლილებებით, რომლებიც საერთაშორისო პრიორიტეტებს ითვალისწინებს.
 
 
ეკა სლოვინსკის განმარტებით, შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ გაუმჯობესების ნიშანი სახეზეა:
 
 
“2007 წელს განსაკუთრებით დაბალი შედეგები იყო ისეთ კოგნიტურ სფეროში, როგორიცაა მსჯელობა, ხოლო 2011 წელს მსჯელობის ნაწილში მოსწავლეების შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა როგორც მათემატიკაში, ისე ბუნებისმეტყველებაში. ეროვნულ სასწავლო გეგმას ვინც იცნობს, დამეთანხმება, რომ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება, მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შესაბამისად, TIMSS-ის მჯელობის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდა სასწავლო გეგმის დანერგვის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად შეიძლება ჩავთვალოთ”.
 

კვლევას თუ ჩავხედავთ, მსჯელობის (reasoning) მიმართულებით მერვეკლასელთა შედეგი 412–ია, იგივე მიმართულებაში 2007 წელს მოსწავლეთა შედეგი 385 იყო. რაც შეეხება მეოთხეკლასელებს, მაჩვენებელი 379–დან (2007) 422–მდე (2011) გაიზარდა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მსჯელობის მიმართულებით 27 ქულიანი მატებაა.

 

მიუხედავად მსჯელობის ნაწილში გაუმჯობესებული მაჩვენებლისა, საქართველომ შედეგი მცირედ, თუმცა გააუარესა ბუნებისმეტყველების მიმართულებით, მხოლოდ მერვე კლასში. თუ 2007 წელს საშუალო სკალირებული ქულა 421 იყო, 2011 წელს ეს ქულა 420–ია.


ეკა სლოვინსკი განმარტავს, რომ 2007 წელს, როდესაც კვლევა ჩატარდა, მერვეკლასელები ქიმიას, ფიზიკას და ბიოლოგიას სწავლობდნენ მეორე წელი. 2008 წელს კი მერვეკლასელებისთვის ბიოლოგია იყო სწავლების მეორე წელი,  ფიზიკა სწავლების პირველი წელი, ხოლო მერვე კლასში ქიმიას საერთოდ არ სწავლობდნენ:

 

“ბუნებისმეტყველებაში საერთო ქულის ვარდნა გამოწვეულია ქიმიის მიმართულებით მიღებული დაბალი შედეგით, რაც ბუნებრივია. მაგრამ იმ საგანში, რომელიც იგივე სქემით ისწავლებოდა, რაც 2007 წელს, არის გაუმჯობესება. თვალსაჩინოა ის, რომ იქ, სადაც პროცესს თანმიმდევრული განვითარება დასცალდა, ბევრად კარგ შედეგს მივაღწიეთ.  სადაც რადიკალური ჩარევები განხორციელდა, ნაკლებ შედეგებს მიაღწიეს მოსწავლეებმა. შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ პროცესებს უნდა ვაცალოთ, ხელი შევუწყოთ ეტაპობრივ დანერგვას. აქტიურ ჩარევებს კი, საკმაოდ დიდი რყევები  შეაქვს განათლების პროცესში და გავლენას ახდენს სწავლის შედეგებზე.”

 

ნინო დობორჯგინიძე, რომელიც ამჟამად ილიას სახელელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ლინგვისტურ კვლევითი ცენტრის დირექტორია, “ნეტგაზეთთან” საუბარში იმ გამოწვებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც საქართველო ამ ეტაპზე დგას და რის გამოც მომავალმა კვლევის შედეგმა, შესაძლოა, გაუმჯობსების ნაცვლად რეგრესი აჩვენოს.

სპეციალისტი ამას, იმ წესით ხსნის, რომლითაც სახელმძღვანელოებზე გრიფის მინიჭება 2011 და 2012 წლებში მოხდა. მისი განცხადებით, ადრე სახელმძღვანელოთა გარკვეული ნაწილი შედიოდა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში, რომლებიც სკოლაში იგზავნებოდა, მასწავლებლები აკვირდებოდნენ, რა უჭირთ მოსწავლეებს, რომელი ტექსტის დაძლევაა რთული, რატომ  და ყველა საკითხის გათვალისწინებით ხდებოდა გრიფის მინიჭება.

“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთი წელი არ არის ამისთვის საკმარისი. მარტში, როცა შემოდის სახელმძღვანელო და მაისში უკვე პასუხი გაქვს, ეს არ არის საკმარისი პერიოდი, ამიტომ ეროვნულმა სასწავლო გეგმამ, 2010 წელს სამინისტროს შესთავაზა, რომ სახელმძღვანელოების პილოტირების პროცესი ორწლიანი ყოფილიყო, თუმცა ამის საპირისპირო რამ მივიღეთ. საერთოდ, ერთად გამოცხადდა პირველი-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოების კონკურსი. როდესაც ასეთი დაჩქარებული წესით აცხადებ კონკურსს, იქ სახელმძღვანელოს განვითარებაზე საუბარი ზედმეტია”. 

 
 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის ნათია ჯოხაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია შედეგების გაუმჯების გაანალიზება, სწორედ ამიტომ  სასწავლო გეგმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ელიან კვლევის ანგარიშის საბოლოო ვერსიას უფრო დეტალური ანალიზისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი