ასეთი ტიპის შეხვედრა სამინისტროში მესამედ შედგა, პირველი და მეორე შეხვედრები მინისტრის მოადგილემ მშობლებთან და მოსწავლეებთან გამართა.
ალუდა გოგლიჩის განცხადებით, ახალი წლიდან იზრდება საბაზისო დაფინანსება და პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ, თუმცა სამინისტრო ორ კომპონენტს ითვალისწინებს – ეს არის 18 საათის ზემოთ დატვირთული პედაგოგების დაფინანსების მექანიზმი და სტაჟის მიხედვით ხელფასები.
“ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მასწავლებელს ერთნაირად გაეზრდება. არის კომპონენტები და კოეფიციენტები, შეიძლება ერთს 110 ლარით, მეორეს 120 ლარით გაეზარდოს. სტაჟს ახლაც ექცევა ყურადღება, ჩვენ გვინდა მეტი კოეფიციენტი მიენიჭოს. ასევე, 18 საათის შემდეგ 25 ლარია დანამატი, ჩვენ ვთვლით, რომ რამდენ საათსაც ატარებს ადამიანი, შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიიღოს”.
ორსაათიანი შეხვედრის დროს, პედაგოგებთან დიალოგისას, თავად პედაგოგების მხრიდან აქტიურად წამოიჭრა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ხარისხი. სამინისტროს ინიციატივით, მომდევნო 5 წლის მანძილზე 7–12 კლასის მასწავლებლებისთვის 13 მილიონი ლარი დაიხარჯება. ცალკე პროექტი არსებობს დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის.
გოგლიჩიძემ განაცხადა, რომ პედაგოგთა გადამზადების პროცესისას მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი არ იქნება მონოპოლისტი.
შეხვედრა, რომელსაც თბილისის სკოლების 300–მდე პედსაბჭოს თავმჯდომარე ესწრებოდა, მინისტრის მოადგილემ შეკითხვით დაიწყო, აქვს თუ არა ფუნქცია პედსაბჭოს თავმჯდომარეს? პედაგოგეგმა აღნიშნეს, რომ ძირითადად უფუნქციოდ არიან.
“ფუნქცია არ აქვს არანაირი. სამეურვეო საბჭო არსებობს დამოუკიდებლად, პედსაბჭო თითქოს არსებობს დამოუკიდებლად და არსებობს ადმინისტრაცია. რეალური კავშირი მათ შორის არ არსებობს, სტრუქტურა არის ნული. ვამტკიცებთ სახელმძღვანელოებს, რომლებიც კათედრებს უკვე შერჩეული აქვთ, იგივე ხდება ცხრილებზეც, მე მიმყავს სხდომა და ვამბობ, რა პირველი საკითხია, რა მეორე და ხელს ვწევ,”– განაცხადა ერთ–ერთმა პედაგოგმა.
სწორედ ამის საპასუხოდ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სკოლაში ძალაუფლების განაწილება გადასახედია, რადგან ფურცელზე პედსაბჭოს დამანგრეველი ძალაუფლება გაუაზრებლად აქვს მინიჭებული.
“სკოლაში სასწავლო გეგმაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ არსებობს. სამართლებრივ დოკუმენტებში წერია, რომ სკოლაში სასწავლო გეგმას დირექტორის მონაწილეობით პედსაბჭო შეიმუშავებს, ამტკიცებს, ახორციელებს და აფასებს მას”.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, არარაციონალურია, როდესაც ერთი და იგივე რგოლი შეიმუშავებს, ამტკიცებს, ახოციელებს, აფასებს და კანონმდებლობით სასწავლო გეგმის შესრულებას არავინ აფასებს.
“ერთ–ერთი ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ სისტემაში, არის შეფასების კომპონენტის შემოტანა. სწავლა–სწავლების შეფასების არც კარგი და არც ცუდი ინსტრუმენტი და მექანიზმი უბრალოდ არ გვაქვს”.
დიდი ინტერესი პედაგოგებში სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია, მათი კითხვები სწორედ იმ ფორმებს ეთმობოდა, რის მიხედვითაც შემოწმება უნდა მოხდეს.
ალუდა გოგლიჩიძე ამ საკითხზე საუბრისას სერთიფიცირების პროცესსაც შეეხო. მისი თქით, სერთიფიცირების ნაკლი ის არის, რომ მხოლო და მხოლოდ თეორიულ ცოდნას აფასებს და ისეთი სისტემაა საჭირო, რომელიც მასწავლებლის ცოდნის კლასში მიტანის უნარსაც გაითვალისწინებს:
“სკოლაში გადამზადდება გარკვეული პიროვნებები, მათ შორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ვფიქრობთ რესურს-ცენტრზე, რომლის რეორგანიზაცია დაწყებულია, სკოლის გარეთაც უნდა არსებობდეს შეფასების ინსტრუმენტი. სკოლაშიც იქნება და პედაგოგებს შორისაც მომზადდებიან პიროვნებები შეფასებისთვის,”– აცხადებს მინისტრის მოადგილე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ 54–ე საჯარო სკოლის პედაგოგმა რუსუდან ლაღიძემ აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალო დიალოგის დროს გულახდილი საუბარია პრობლემებზე, მისი გადაჭრის გზებზეც და ბევრ საინტერესო ინფორმაციას იღებს პედაგოგი.
“ვფიქრობ, შეფასების სისტემა კარგია. კონტროლზე მან აღნიშნა, რომ ჩასაფრების პოზიციიდან ეს არ იქნება, შეიძლება, მე მგონია, რომ კარგად ვაკეთებ, მაგრამ გარე თვალით დანახული სხვანაირად ჩანდეს, პრობლემის მოგვარება კოლექტიურად მოხდება”.