საზოგადოება

რატომ ვიკვებებით საშიში პროდუქტებით

6 დეკემბერი, 2012 • 3187
რატომ ვიკვებებით საშიში პროდუქტებით

საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ირწმუნება, რომ სააგენტოს მიერ ჩატარებული გეგმიური კვლევები საკმარისია იმისათვის, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში პროდუქცია არ მოხვდეს. თუმცა ლია თოდუა, momxmarebeli.ge-ს დირექტორი, რომლის ორგანიზაცია საკვები პროდუქტების შემოწმების მიზნით საკონტროლო შესყიდვას და ლაბორატორიულ შემოწმებას აწარმოებს, მას არ ეთანხმება. ლია თოდუას განცხადებით, ჯანმრთელობისთვის საზიანო ჩხირები არა მარტო ხორცპროდუქტებში, არამედ უკვე რძის პროდუქტებშიც კი გვხვდება,
რაც მანამდე იშვიათობა იყო.

 

“ჯანმრთელობისთვის საშიში ჩხირები აღმოჩნდა ნაყინსა და ხაჭოშიც კი, რასაც არ მოველოდით”, – აცხადებს იგი. მისივე ინფორმაციით, დაფიქსირებულია ფეკალური დაბინძურებაც: “წყალი არ არის სუფთა, არის კიდევ ბუზების, ვირთხების და ა.შ. პრობლემა. აღმოჩენილ დარღვევებზე ინფორმაცია ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მეწარმეებსაც, მაგრამ სააგენტო მხოლოდ გეგმიურ შემოწმებაზეა ორიენტირებული, რაც კონტროლის ეფექტურობას აფერხებს. მაგალითად, დეკემბერში მიწოდებულ ინფორმაციაზე გვწერს, გაზაფხულზე შევამოწმებთო. გაზაფხულამდე მომხმარებელი ხომ ვერ მიიღებს ამ საკვებს?!” 

 

საკვებ პროდუქტზე ზედამხედველობა დღეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით ხორციელდება, თუმცა ლია თოდუა ამბობს, რომ პრობლემები არსებობს კოდექსთან დაკავშირებითაც, რადგან არაგეგმიური შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ კონკრეტული მოწამვლის ფაქტი გამოვლინდა:

 

“თანაც, მომხმარებლის საჩივარს უნდა ახლდეს მოწამვლის ცნობა. ამაზე ვისაუბრეთ პარლამენტშიც. მაღაზიაში შესვლა და საეჭვო პროდუქციის ყიდვა, ადამიანის მოწამვლაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მით უმეტეს, რომ სააგენტოს საქმიანობის მთავარი მიზანი, სწორედ პრევენციაა.” 

 

თენგიზ კალანდაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო საკვებპროდუქტების კვლევას გეგმიურად ეწევა:

 

“წლის ბოლომდე 400-ზე მეტი საწარმო და კვების ობიექტი შემოწმდება. აქამდე შემოწმების შემდეგ ხუთ საწარმოს შეუჩერდა საქმიანობა, მათ შორის ორს – აჭარაში. წლის ბოლომდე გადამოწმდება 800 ნიმუში.”

 

თენგიზ კალანდაძის განცხადებით, პრობლემა ძირითადად მეწარმის არაინფორმირებულობითა და დაბალი კომპეტენციით არის გამოწვეული. თენგიზ კალანდაძე, ასევე, ადასტურებს, რომ საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს დღესდღეობით არ აქვთ იმის საშუალება, რომ ჩაატარონ ანალიზები საკვებ დანამატებზე:

 

“არც სახელმწიფოს აქვს მსგავსი ლაბორატორია, არის მხოლოდ ვეტერინარიის კუთხით. ევროკავშირის დახმარებით იგეგმება ლაბორატორიის ყიდვა, რომელიც ყველა სირთულის ანალიზს ჩაატარებს. როგორც ვიცი, მთავრობასთანაც შეთანხმებულია ეს საკითხი.” 

 

საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებამდე კი, როგორც კალანდაძე ამბობს, ქვეყანას ჩვეულ რეჟიმში მოუწევს საკვები პროდუქტების შერჩევა.

 

“ჩვენ არ ვართ ევროკავშირში და ვერ მოვითხოვთ ევროკავშირის სტანდარტებს, თუმცა აქეთკენ მივდივართ.”

 

საშიში E 

 

საქართველოში აკრძალულ ხუთ საკვებდანამატს შორის, ორი საღებავია: E121 და E123, მაშინ როცა, ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში აკრძალულ დანამატებში დამატებით E102, E105, E107, E110, E111, E120, E124, E126, E128, E142, E150 შედის. ეს დანამატები პოტენციურად კიბოს გამომწვევად მიიჩნევა. კვლევების მიხედვით, ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს გაზიან სასმელებში შემავალი დამანატებიც. მაგალითად “პეპსის” ერთ-ერთი დამანატი E330. 2004 წელს კი ევროპულმა კომისიამ დირექტივები შეიტანა საკვები დანამატების გამოყენების წარმოებაში და აკრძალულ ემულგატორების სიას კიდევ ორი – E 216 და Е 217 დაამატა. 

 

სანიტარიის, ჰიგიენისა და სამეცნიერო ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მარინა გიორგობიანის თქმით, ემულგატორების უმეტესობას ახასიათებს უარყოფითი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:

 

“ეს ზეგავლენა შეიძლება იყოს მუტაგენური, ტერატოგენური და კანცეროგენული, რომელიც სიმსივნურ წარმონაქმნებს იწვევს. მუტაგენობა ნიშნავს გენეტიკურ აპარატზე ზემოქმედებას, რაც უკვე ძალიან საშიშია. ტერატოგენობა კი ნიშნავს მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფზე ცუდ ზეგავლენას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმახინჯე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქვეყანაში ამ კუთხით კვლევები არ მიმდინარეობს. არც ჩვენ გვაქვს ამის უფლება. ფაქტობრივად, ეს საკითხი არის ღია, რადგან არავინ იცის, მართლა საშიშია თუ არა ის ნივთიერებები, რომლებსაც ძირითადად იმპორტირებული პროდუქცია შეიცავს”. 

 

მარინა გიორგობიანის განცხადებით, იმ ემულგატორების გამოყენებაც კი, რომლებიც დაშვებულია თუნდაც ევროკავშირის სტანდარტებით, ერთიდან სამ წლამდე ბავშვების საკვებში აკრძალულია:

 

“რამდენიმე შემოთავაზება გვქონდა, აინტერესებდათ მძიმე მეტალები თუ შედიოდა საკვებში და გამოვლინდა კიდეც. ამიტომ, იმპორტირებული თუ ადგილზე დამზადებული პროდუქციის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა განხორციელდეს”. 

 

მარინა გიორგობიანის აზრით, სურსათის უვნებლობის სააგენტო ამ კვლევას მხოლოდ შერჩევით აწარმოებს, რაც არასაკმარისია:

 

“ორი-სამი გამოკვლევა წელიწადში უბრალოდ სასაცილოა. ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება”. 

 

ლია თოდუა პრობლემის სხვა მხარეზეც საუბრობს: “მწარმოებლებმა იციან, რომ მომხმარებელი უკვე ამახვილებს ყურადღებას ემულგატორებზე, ამიტომ ზოგიერთი მწარმოებელი საერთოდ აღარ აწერს პროდუქციაზე მათ შემცველობას. მაგალითად, ლიმონათებზე, რომლის მწვანე ფერი ყვითელი და ლურჯი საღებავების შერევით მიიღება. რაც პირდაპირი მოტყუებაა მომხმარებლის.” 

 

მისივე ინფორმაციით, ქიმიური კვლევებისთვის ლაბორატორიას სპეციალური ლიცენზია სჭირდება, რომელიც 5000 ლარი ღირს: “თუ ამ თანხის ამოღების შესაძლებლობას ვერ ხედავს ლაბორატორია, შესაბამისად, არც ლიცენზიას იყიდის.” 

 

თენგიზ კალანდაძის აზრით, საკვები დანამატების საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა: “სწორედ მათ უნდა შემოიღონ სამოქმედო გეგმა და მოახდინონ კანონის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან. თუმცა, ამაზეც მიდის მუშაობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ევროკავშირთან მიახლოებულ რეგულაციებზე იმუშავებს.”

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი კი ამბობს, რომ სტერილური საკვები ფაქტობრივად არ არსებობს. იგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული კვლევების შედეგებს ეჭვით უყურებს:

 

“როცა წერია, რომ ბაქტერიოლოგიურად არის დაბინძურებული, იქ უნდა ეწეროს, რა სახის ბაქტერიები ან ჩხირებია აღმოჩენილი. როგორც წესი, ეს ინფორმაცია ხშირად არასწორადაა მოწოდებული”.

 

“არაკეთილსაიმედო პროდუქტში”, როგორც ხათუნა ზახაშვილი უწოდებს, “ძირითადად გვხვდება მიკრობი, რომელიც იწვევს დიარეას. მაგალითად, ბაღის ბავშვების მოწამვლის მასობრივი ფაქტი როცა იყო, იქ აღმოჩენილ იქნა მიკრობი “შიგელოზონე”, რომელიც იწვევს მწვავე დიზენტერიას. ქიმიური დაბინძურების შედეგად გამოვლენილი დაავადებების კვლევა კი არ ხორციელდება”.

 

კანონმდებლობა 

 

არსებობს თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ინიციატივა, საქართველოს პარლამენტში, ამის გასარკვევად, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიგლა აგულაშვილს ვესაუბრეთ. როგორც აგულაშვილი ამბობს, საკვები პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მალე იგეგმება.

 

“საუბარია ორ მიდგომაზე. მინიმალური იქნება, რომ პროდუქტი, რომელიც შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, მოხდება მისი მარკირება და მომხმარებლის ინფორმირება, მაქსიმალური კი არის აკრძალვა. მაგრამ გული ამით მაინც არ უნდა დავიმშვიდოთ, რადგან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, შედის თუ არა ამა თუ იმ პროდუქტის, ვთქვათ, წვენების შემადგენლობაში გენმოდიფიცირებული ნივთიერებები”. 

 

როგორც გიგლა აგულაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე პარლამენტს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული თესლი შემოდის ან შემოვიდა ქვეყანაში, როდის აპირებს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და ამუშავდება თუ არა ევროკავშირის სტანდარტები საკვებ პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი