საზოგადოება

შეეწირება თუ არა რიყის განაშენიანება ახალ ტაძარს [Video]

15 ნოემბერი, 2012 • • 2520
შეეწირება თუ არა რიყის განაშენიანება ახალ ტაძარს [Video]

13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 100 ათასი მოწამის ხსენების დღე აღნიშნა და ამასთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართა დიდუბის პანთეონიდან მეტეხის ხიდამდე, სადაც პარაკლისი კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ორი დღით ადრე კი საკვირაო ქადაგებაში ილია მეორემ განაცხადა:

 

“სადაც ეხლა უცნაური ქანდაკებები და მშენებლობა არის, მორწყულია წმინდანების სისხლით, ჩვენ მაგ ადგილზე უნდა გვქონდეს ასი ათასი მოწამის ტაძარი”.

 

საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე თვის წინ თავის სააღდგომო ეპისტოლეში “ვულგარული აზროვნებისა” და “ცრუ თავისუფლების იდეოლოგიის” გამოხატულება უწოდა “100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენებას”.

 

საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე იხსენებს, რომ როცა ბუდა ბარის მშენებლობის შესახებ გახდა ცნობილი, პატრიარქმა მეტეხის ხიდიდან მიმართა ხელისუფლებას:

 

“ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია, რომ აქ აპირებთ ბუდა ბარის მშენებლობას”. დააკვირდით, როგორი ზომიერი სიტყვა წარმოთქვა, მან აღნიშნა, რომ “მე არ მჯერა ამის, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პოზიციას, რომ ეს დაუშვებელია”. მაგრამ ეს მაინც აშენდა”, – ამბობს დეკანოზი ბესარიონ მენამდე და იქვე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ამიერიდან უკვე სამოქალაქო საზოგადოების მსჯელობის საგანია, უნდა იყოს თუ არა აღნიშნულ ადგილზე ბუდა ბარი, ან საპატრიარქოს გვერდით –სამორინე “შანგრილა”.

 

სად აპირებს საპატრიარქო 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მშენებლობას? – თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი ადგილის გამოყოფისა და მშენებლობის ნებართვის თხოვნით საპატრიარქოს მათთვის არ მიუმართავს.

 

დეკანოზი ბესარიონ მენაბდე აცხადებს, რომ ორი წლის წინ პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართა რიყეზე 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძრის აშენების თაობაზე. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამ საკითხის კურირება ქალაქის მერს დაავალა, რის შემდეგაც გიგი უგულავასა და ილია მეორეს შორის შეხვედრა შედგა:


“შეირჩა ადგილი, გამოიყო ტერიტორია და კონკურსი ჩატარდა პროექტზე. პატრიარქმა შეარჩია ერთ-ერთი, არქიტექტორ რეზო ჯანაშიას პროექტი. ამ პროექტის კორექტირება ხდებოდა შენიშვნების მიხედვით. მერიას ჰქონდა შენიშვნები არა ტაძართან, არამედ განაშენიანებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია ტაძრისთვის. ჩვენს საბჭოზეც იყო გამოტანილი ეს პროექტი, მოინახა სპონსორიც. ქალაქის მერიამ თქვა, რომ დიდ ნაწილს თავად გადაიხდიდა. ფაქტობრივად, მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უცებ უწმინდესს უთხრეს უარი”.

დეკანოზის განმარტებით, უარი განპირობებული იყო იმით, რომ ტერიტორია, რომელიც შეირჩა ტაძრის ასაშენებლად, კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა:


“როცა ადგილი ითხოვა პატრიარქმა და მერმა თქვა, რომ ეს ადგილია თავისუფალი და პატრიარქი გავიდა მის სანახავად, ერთად გავედით, მაშინ მოხდა შეთანხმება, რომ ამ ადგილს გადმოგცემთო. მერიამ განაცხადა, რომ ჩვენ შევისყიდით კერძო მეპატრონისგან და გადმოგცემთ თქვენ. მერიის თანხმობით დაიწყო პროექტირება და შემდეგ უარი ეთქვა პატრიარქს. გვითხრეს, რომ კერძო მესაკუთრეები ვინც იყვნენ, იმათ თქვეს უარი. ჩვენთვის ცნობილია, რომ, როგორც გაირკვა, ამ ტერიტორიაზე იყო რესტორანი “დედა ზოია”, თუმცა სხვადასხვა ვარიანტებს ამბობდნენ, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით”.

ტერიტორია, რომელიც ტაძრისთვის უნდა გამოყოფილიყო, დეკანოზ ბესარიონ მენაბდის განცხადებით, დღემდე თავისუფალია, უბრალოდ, მის ერთ მხარეს აშენებულია სასტუმროს ტიპის შენობა, მეორე მხარეს კი საბაგირო გზის ქვედა სადგური ააშენეს:


“რისთვისაც იწუნებდნენ პროექტს, – განაშენიანებისთვის: უნდა ყოფილიყო სამრევლო სკოლა, მოძღვრის ოთახი, რაც ჭირდება ეკლესიას  ფუნქციონირებისთვის. ეს დიდიაო, მერე რაც ააშენეს, იქ იმაზე გაცილებით დიდია და ტაძარი ამოიღეს, მაგრამ ის განაშენიანება მაინც გააკეთეს. თუ არ ვცდები, იქ სასტუმროა, შეიძლება არც ფუნქციონირებს, მაგრამ ეს შენობები დგას. ამ ტერიტორიის მიმდებარედ საბაგირო გზის ქვედა სადგური ააშენეს”.

 

“ნეტგაზეთმა” შეკითხვებით მიმართა მერიას, თუ რა მიზეზით მოხდა ტაძრის აშენების შესახებ ორი წლის წინ გადაწყვეტილების შეცვლა, თუმცა მერიისგან ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერიის ცნობით, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობისთვის ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან განაცხადი არ შესულა:

 

“ქალაქ თბილისში რიყის ტერიტორია წარმოადგენს ა.ა.ი.პ. “თბილისის განვითარების ფონდის” საკუთრებას, სადაც მიმდინარეობს პარკის და მისი ფუნქციონირებისათვის დამახასიათებელი ნაგებობების მშენებლობა”, – აცხადებენ მერიაში.

 

ანჩისხატის დიაკვანი თომა “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ “ევროპის მოედანს” უნდა ეწოდოს “100 ათასი მოწამის მოედანი” და იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს ამავე სახელობის ტაძარი.

 

აშენდება თუ არა და სად აშენდება ახალი, 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარი თბილისში, ჯერ გაურკვეველია. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, საქართველოში ამ დროისთვის 2000 მოქმედი ტაძარია.

 

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 11 ნოემბერს საკვირაო ქადაგებაში განაცხადა:


“იყო დრო, ვაშენებდით და იყო დრო, როცა ვანგრევდით. ახლა არის დრო, როცა უნდა ავაშენოთ. მე მახსენდება ის დრო, როცა გვინდოდა ამ წმინდა ტაძრის (სამება) აშენება, მრავალი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი და ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი გაჭირვების ჟამს აშენდებოდა ეს ტაძარი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხელთუქმნელი ტაძარი, ჩვენ არც გვიშრომია და არც გვიღვაწია ამ ტაძრის აშენებაში, თვითონ შენდებოდა და აშენდა ეს ტაძარი. მე მადლობა მინდა ვუთხრა უფალს და იმათ, ვინც ააშენა ეს ტაძარი. ეს არის კარიბჭე სასუფეველისა და შემთხვევითი არ არის, რომ წმინდა სამების სახელისაა. ჩვენ რომ გადაგვეწყვიტა ტაძრის აშენება რომელიმე წმინდანის სახელზე, ის ტაძარი ვერ აშენდებოდა, ან აშენდებოდა ძალიან მცირედ. ჩვენი მიწა მორწყულია მოწამეების სისხლით. აი, მთელი მტკვრის ნაპირი, სადაც ეხლა უცნაური ქანდაკებები და მშენებლობა არის, მორწყულია წმინდანების სისხლით, ჩვენ მაგ ადგილზე უნდა გვქონდეს ასი ათასი მოწამის ტაძარი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი