საზოგადოება

საატესტატო გამოცდები – არათანაბარი პირობები მოსწავლეებისთვის

6 ნოემბერი, 2012 • • 2244
საატესტატო გამოცდები – არათანაბარი პირობები მოსწავლეებისთვის

თბილისის 139–ე სკოლის დირექტორი ქეთევან ზირაქაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ საგამოცდო ფორმატზე სკოლა ჯერ არ შეჯერებულა:


“რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა მაია მიმინოშვილთან, კათედრები უნდა შევკრიბო და შევთანხმდებით – ტესტს გავაკეთებთ, თუ ზეპირ გამოცდას. რამდენკითხვიანი ტესტი იქნება და როგორი სირთულის, იმ კვირიდან გვეცოდინება სავარაუდოდ”.


ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, მართლაც ჩატარდეს სხვადასხვა სირთულის გამოცდები, თუმცა  მიმინოშვილი ამ დაშვებაში განსაკუთრებულ ტრაგედიას ვერ ხედავს:


“აქ საუბარია იმაზე, რომ ერთი წელი, სანამ გადავალთ უკვე სხვა ტიპის მოდელზე, სკოლებმა აიღონ ეს პასუხისმგებლობა. იყო საუბარი, რომ მოსწავლეები ერთი სკოლიდან მეორეში გადავლენ, ეს, ჩემი აზრით, ნამდვილად გაზვიადებულია. ამის პრევენციაც შეიძლება, თუმცა მე არ შევუშლიდი ამას ხელს. აქ ელემენტარულად საუბარია ერთი წლით ატესტატის გაცემაზე იმავე პრინციპით, როგორც ხდებოდა 2011 წლამდე”.


თბილისის 139–ე სკოლის დირექტორის ქეთევან ზირაქაშვილის განცხადებით, რესურს–ცენტრისგან უკვე მიიღეს  მითითება, რომ სკოლები შეჯერდნენ  და განსაკუთრებული პირობები არ შეიქმნას რომელიმე სკოლაში:


“ეს მითითება გვაქვს, რომ დაახლოებით ერთნაირი პირობა შევუქმნათ ყველა სკოლამ მეთორმეტეკლასელებს”.


დირექტორის განცხადებით, 2011 წლამდე, სანამ საატესტატო გამოცდების ჩატარებას ეროვნული ცენტრი დაიწყებდა, 139–ე სკოლის დამამთავრებელ კლასში გამოცდები არ ტარდებოდა, თუმცა გამოცდები ტარდებოდა მეექვსე და მეცხრე კლასებში.


139–ე სკოლისგან განსხვავებით, გამოცდის ფორმა გადაწყვეტილი აქვს 161–ე სკოლას. დირექტორის მოდგილის მაია რუხაიას განცხადებით, გამოცდა 8 საგანში ჩატარდება და ტესტის ფორმა ექნება.


რუხაძეს არ მიაჩნია, რომ მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოქმნის სკოლების მიერ გადაწყვეტილი სხვადასხვა ფორმატის გამოცდები:


“ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია ისეთი საგნებია, თუ იცი, იცი. საბუნებისმეტყველო საგნები უფრო წერით შემოწმებას ექვემდებარება,  ვიდრე  ზეპირს, თან პროგრამა ყველა სკოლისთვის ერთია. მოსწავლეების აზრი ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ საერთოდ არ ჩაატაროს გამოცდა, იმ სკოლაში გადავლენ”.


განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა “ნეტგაზთთან” საუბრისას დაადასტურა, რომ სკოლას ექნება უფლება საერთოდ არ ჩაატაროს გამოცდა წლევანდელ წელს და ისე გასცეს ატესტატი. მარგველაშვილს განსაკუთრებულ პროლემად არ მიაჩნია ეს საკითხი, რადგან სკოლა საატესტატო გამოცდებზე მხოლოდ 2012–2013 სასწავლო წელს იქნება პასუხისმგებელი და ასევე საატესტატო გამოცდებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება უმაღლეს სასწავლებელში მიღებისას:


“ეს არის სრულად მათი დისკრეცია. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ეს იყოს მათი დისკრეცია, როგორც უნდათ ისე ჩაატარონ, ეს იყოს საკონტროლო წერა ან ზეპირი გამოკითხვა, თუმცა ჩვენ ვნახავთ, კანონში თუ რამეა შესატანი, რომ ეს უფლება გავამაგროთ”.

 

ქუთაისის 23–ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ჟორჟოლიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ სავარუდოდ საატესტატო გამოცდას 8 საგანში ტესტის ფორმით ჩააბარებს. მან 8 გამოცდა მეთერთმეტე კლასიდან მეთორმეტე კლასში გადასასვლელადაც ჩააბარა. დათო ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეები სავარაუდოდ იმ სკოლაში გადავლენ, სადაც ყველაზე მარტივი იქნება, მათი აზრით, ატესტატის აღება:


“მოსწავლეებში ეს მიდგომა დაბნეულობას და აურზაურს გამოიწვევს და ამაზე უნდა ეზრუნა სამინისტროს, კერძო სკოლებიდან ბრუნდებიან უკან, რადგან საკმაოდ გამარტივდა ატესტატის აღება და, შესაბამისად, კერძო სკოლაში დარჩენა ფუჭად ფულის ფლანგვაა”.


23–ე საჯარო სკოლის მოსწავლის თქმით, მოსწავლეებისთვის უფრო კომფორტულია ის, რომ საატესტატო გამოცდებს სკოლა ატარებს და არა გამოცდების ეროვნული ცენტრი.

“მაგალითად, ჩემს სკოლაში მეთორმეტე კლასში გადასასველ გამოცდაზე მასწავლებლებმა შეადგინეს ტესტები. 100 საკითხი იყო და ბავშვებს დაგვირიგდა სასწავლად. 100 საკითხიდან გამოცდაზე 20 შეგვხვდა, პლუს ამას გამოცდაზეც იყო დახმარებები და ეს გასაკვირი არც არის. არა მგონია, ბავშვი, რომელმაც თორმეტი წელი სკოლაში გაატარა, სკოლამ ატესტატის გარეშე დატოვოს”.


განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის, ზოგადი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი რეზო აფხაზავა აღნიშნავს, რომ რეალურად საატესტატო გამოცდები მოიხსნა და სკოლები როგორც ადრე გასცემდნენ ატესტატებს, იმავე პრინციპით გაიცემა წელსაც:


“თუკი სახელმწიფო ვერ ატარებს გამოცდას ცენტრალიზებულად, მე საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ გადაწყდა, რომ სკოლის დონეზე ჩატარებულიყო. რეალურად  გამოცდები მოიხსნა, უბრალოდ ამბობენ, რომ სკოლები ჩაატარებენ. სკოლები ხომ ისედაც ატარებდნენ გამოცდებს და აფასებდნენ ბავშვებს?! რომ არ იყო ეს ობექტური, მაგიტომაც გადავიდნენ საატესტატო გამოცდების ცენტრალიზებულად ჩატარებაზე. სკოლებს რესურსი არ გააჩნიათ, რომ უნიფიცირებული გამოცდები ჩაატარონ, სადაც მოსწავლეებს თანაბარი ხელმისაწვდობა და შანსები ექნებათ, ეს განათლების რეფორმის შემდეგი ეტაპია და არა ახლანდელი. წლების შემდეგ, როდესაც განვითარდება ინსტიტუციები ისე, რომ შეძლებენ დამოუკიდებლად ჩატარებას, ამის რესურსი სამინისტროს არ აქვს ახლა და სკოლას საიდან ექნება”.


რეზო აფხაზავა ფიქრობს, რომ ის დრო, რაც დარჩენილია გამოცდებამდე, შესაძლებელია იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოყენებულიყო, რის გამოც განათლების და მეცნირების სამინისტრომ და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა უარი თქვეს იმ ტიპის საატესტატო გამოცდების ჩატარებაზე, როგორიც 2011 წლიდან ტარდებოდა.


განათლების და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, მხოლოდ 2012–2013 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდებს სკოლა საგამოცდო ბაზებთან დაკავშირებული პრობლემების და რისკების გამო ატარებს.


შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად მოსწავლეები საატესტატო გამოცდებსაც აბარებენ. 2012 წელს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები 8+1 მოდელით ჩააბარებდნენ გამოცდებს – ერთიანი ეროვნული გამოცდები გაუქმდებოდა და მოსწავლეები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებდნენ.

 

მას შემდეგ, რაც პირველი ოქტომბრის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა და ბიძინა ივანიშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაია მიმინოშვილი წარადგინა, გამოცდების სისტემის მოდელზე მსჯელობა კვლავ აქტუალური გახდა. მხოლოდ წლევანდელ სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების ჩატარებას სკოლა უზრუნველყოფს, 2013–2014 წლიდან კი გამოსაშვებ გამოცდებს კვლავ ეროვნული ცენტრი ჩაატარებს და საატესტატო გამოცდები 2 წელზე გადანაწილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი