საზოგადოება

საპორტო ქალაქი – რელიგიური სიმბოლიკით [Video]

31 ოქტომბერი, 2012 • 2901
საპორტო ქალაქი – რელიგიური სიმბოლიკით [Video]

ჯვრები ყველგანაა –  ქუჩის დასაწყისში, ქუჩის ბოლოში, შუაში,  ტროტუარზე.

„უბნის ბიჭები შეიკრიბნენ და დადგეს. ფოთში თითქმის ყველა უბანში დგას ჯვრები, ყველა დგამს, ვისაც საშუალება აქვს,“ –  ამბობს ლაურა, ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველი ფოთში. 

„მოსახლეობამ  თვითონ გადაწყვიტა, რომ თავიანთი ქუჩებზე დაედგათ ჯვრები. ყოველდღიურად ადამიანი თავის საქმეზე რომ გადის სახლიდან, სამსახურში თუ სხვაგან, ტაძარში ვერ შედის. ჯვარი დგას იმიტომ, რომ გზად გაივლის,  ლოცვას წაიკითხავს, პირჯვარს გადაიწერს, იმ დღეს მას უფლის მადლი ექნება. ადამიანი ყოფითი პირობებითაა დატვირთული. ჯვარი არის უფლის არსებობის ერთ-ერთი შემახსენებელი. მე, მაგალითად, მივესალმები. თუმცა არ მომწონს ის, რომ ზოგმა ბირჟა გახსნა იქვე და საქეიფო მოიწყო,“- ამბობს ფოთის მცხოვრები მამუკა ელიზაროვი. 

„ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ დავიცვა ქრისტიანული წესები, მაგრამ საერთოდ არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველგან იყოს შესაწირი ყუთები და ჯვრები. ვისაც ხელი მიუწვდება და შეუძლია შეაგროვოს ფული, ყველა ჯვარს დგამს. ვითომ ცდილობენ, ახალგაზრდები ყურადღების ცენტრში მოიქციონ, მაგრამ ამით უფრო რაღაცნაირი გახდა ხალხი. ვითომდა თაყვანს ცემენ ჯვარს… სინამდვილეში ბრმად იდგმება. თითქოს ამით რაღაცას ვამტკიცებთ. მაშინ როცა მთავარია, როგორ ცხოვრობ და რას აკეთებ,“ –  ამბობს ფოთელი  ინგა ღვინჯილია.    

 

რაზე მეტყველებს ქუჩაში მომრავლებული რელიგიური სიმბოლიკა? რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ ასე ადამიანები სიმბოლურად თავიანთი გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიის მონიშვნას ცდილობენ:

„ჩემი აზრით, როცა ჯვარს სვამენ ქუჩაში, ამით გეუბნებიან, რომ აქ ვრცელდება მათი ძალაუფლება. ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ეკლესის სიმბოლური ძალაუფლების გამტკიცებას. როგორც, მაგალითად, მმართველების სურათებია, ამ კონტექსტშია გამოფენილი კაბინეტებში ჯვარი, ხატი…  ეს მეტყველებეს იმაზე, რომ საერო ძალაუფლების გარდა, არსებობს რელიგიური ძალაუფლება,“ – ამბობს ბექა მინდიაშვილი.     

ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ რელიგიური სიმბოლოების განთავსება თუ  შეთანხმებულია მუნიციპალიტეტთან და შესაბამისი ნებართვები არსებობს, შესაძლებელია ნებისმიერი რელიგიური სიმბოლოკის ნებისმიერ საჯარო სივრცეში განთავსება, გარდა საჯარო სკოლებისა. 

„აქ არავითარი პრობლემა კანონთან არ არის, მაგრამ მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დაბალია იმათი რელიგიური კულტურა, ვინც თვლის, რომ რელიგიური სიმბოლიკის ყველგან განთავსებით რაღაც შეტყობინებას აძლევს ადამიანებს საკუთარი რელიგიის შესახებ, პირიქით, ამით უფრო მეტად აპროფანულებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, რელიგიას და საკრალურ შინაარსსა და ხასიათს აცლის.  

საჯაროდ გამოტანილი რელიგიურობა სახარებასაც ეწინააღმდეგება. ნათქვამია: „ნუ დაემსგავსებით ფარისევლებს, ნუ გამოხვალთ ქუჩაში, ნუ დაიყრით თავზე ნაცარს მარხვის დროს, ნუ ილოცებთ საჯაროდ, არამედ მხოლოდ მამამ იცოდეს თქვენი ლოცვის შესახებ…” სწორედ ამაზეა მითითება, რომ გარეთ გამოტანილი რელიგიურობა აცლის რელიგიას ყველაზე ინტიმურ და საკრალურ მომენტს, რასაც ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა ჰქვია,“ – ამბობს ბექა მინდიაშვილი.   

ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ტუღუში ამბობს, რომ ჯვრის დასადგმელად რაიმე სპეციალური ნებართვის მიღება მერიიდან საჭირო არაა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დადგას.

„ოფიციალურ ნებართვას ამაზე მთელი პროცედურები ჭირდება. იჯარა უნდა გააკეთო, იჯარა ვისზე უნდა გააკეთო? ის მოსახლეობაზე, კერძო კაცზე ხომ არ გაკეთდება?! ამიტომ ეს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე კეთდებოდა აქამდე პრაქტიკაში. თვითონ  ხალხი დგამს  თავისი სურვილით, მაგრამ თუ ისეთ ადგილზე დგას, რომ  ტრანსპორტს უშლის ხელს ან ფეხით სავალს, იმ შემთხვევაში გვითანხმებს, ან ჩვენ სხვა ალტერნატიულ ადგილს ვთავაზობთ,“ – აცხადებს ტუღუში.  

ქრისტიანული სიმბოლიკით დატვირთულ ფოთში მთავარი რელიგიური სიმბოლო, საკათედრო ტაძარი, ქალაქის ცენტრში დგას. ახალ „აია სოფიად“ წოდებული ტაძრის ოქროსფერი გუმბათი ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან ჩანს. ტაძარს გარს სამი მეტრის სიმაღლის რკინის მესერი აკრავს. მესერი, რომელმაც ფოთელებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეების აზრი ტაძრის ღობესთან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი მიესალმება მაღალი ღობის არსებობას, მეორე ნაწილი კი კითხვებს სვამს და ამბობს, რომ ღობე უნდა მოიხსნას.

„რად უნდა ღობე, ციხესიმაგრეა? ღია უნდა იყოს და ხალხი დადიოდეს. როგორ შეიძლება ეს? დიდი სისულელეა,“ – ამბობს ფოთელი გრიგოლ ბერაია.  

„მე მომწონს ეს ღობე. რა ვიცი, ათასი ადამიანია, ათასი უმსგავსოებები ხდება. ჩემი აზრით, ლამაზია და საჭიროა,“ – ამბობს ფოთელი ზურაბ კაპანაძე.  

„ასეთი ღია ღობე დასაშვებია. რას გააკეთებენ, მათი საქმეა, ნებადართულია მათთვის,“ – ამბობს ვახტანგ გულუა.  

„ტაძარს რად უნდა ღობე? ჩვენ წინააღმდეგები ვართ, შემოღობილი არ უნდა იყოს ნამდვილად. მისავალი ტაძარს უნდა ჰქონდეს ყველა მხრიდან, რატომ უნდა იყოს შემოღობილი?“ – კითხულობს ფოთელი მარინა გველესიანი.   

 

 ფოთელების განწყობა ცნობილია ნუგზარ ტუღუშისთვის.

„მესერთან დაკავშირებით არის ფოთში აზრთა სხვადასხვაობა, მე ვერ გეტყვით, რომ უმრავლესობა წინააღმდეგია, მაგრამ ბევრი გამოხატავს ამაზე  პროტესტს. თითქოს ტაძარი დაიმალა, დაიფარა და შემოზღუდულია დიდი გალავნით და ღობით. აქ არის მეორე მომენტი, ეს არ არის მარტო საკათედრო ტაძარი. ეს არის კომპლექსი. ეს კომპლექსი მთლიანად შეთანხმებულია კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სამსახურთან და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრულ საბჭოსთან. ამ საკათედრო ტაძრის გარდა, აქ უნდა აშენდეს სხვა ნაგებობები. ჩრდილოეთ მხარეს უნდა აშენდეს სამრეკლო, სამხრეთის მხარეს უნდა გაკეთდეს საპატრიარქო რეზიდენცია და კელიები. თავიდან ღობე 4 მეტრამდე იყო და შემდეგ სამ მეტრამდე შემცირდა ღობის სიმაღლე,“ – ამბობს ნუგზარ ტუღუში.

ფოთელების აზრი ცნობილია ფოთის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გია დარჯანიასთვისაც.  

„მეც საქმის კურსში ვარ. ფოთის მოსახლეობის აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილი ეთანხმება ამ იდეას, მაღალი გალავანი ჰქონოდა ტაძარს, ნაწილი არ ეთანხმება, მაგრამ აქ გადამწყვეტი სიტყვა მაინც არქიტექტორს ეკუთვნის. როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენ. საკათედრო ტაძარი, მე მიაჩნია, რომ დახურულ სივრცეში უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტაძრის ტერიტორიაზე არის წყალკურთხევის ადგილი, სადაც ნაკურთხი წყალი უნდა გადმოდიოდეს… აი, ახლა წარმოვიდგინოთ ერთი მომენტი, ნასვამი კაცი მივიდეს წყალკურთხევის ადგილას, ან პირუტყვი მივიდეს, ან ძაღლი მივიდეს და ეს წმინდა წყალი… ერთი მომენტი, რამაც განაპირობა დაცულობა ტაძრის ტერიტორიის პერიმეტრისა, გარკვეულწილად ესეც იყო, რომ ეს წმინდა წყალი დაცული ყოფილიყო. რაც შეეხება სიმაღლეს, ეგ არის არქიტექტორის გადაწყვეტილება. მეუფეც დაეთანხმა ამ მაღალ ღობეს,“ – აცხადებს დარჯანია.

მისი თქმით, ტაძრის მშენებლობა მთლიანობაში 5 მილიონ ლარამდე დაჯდა. აქედან 4 მილიონი სახელმწიფომ გაიღო.

„იმდენად მასშტაბური იყო ტაძრის მშენებლობა, მხოლოდ შემოწირულობებით ვერ აშენდებოდა,“ – ამბობს გია დარჯანია.  

ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1906 წელს დაიწყო ფოთის იმჟამინდელი ქალაქისთავის – ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით. ტაძარი სწრაფ ტემპში აშენდა და 1907 წლის სექტემბერში მასში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა. კომუნისტური მმართველობის დროს ტაძარი თეატრად გადაკეთდა. 72 წლის განმავლობაში საკათედრო ტაძარს ფუნქცია შეცვლილი ჰქონდა. 2003 წლის დეკემბერში, ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაძარი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას გადაეცა. 

 

ფოთის საკათედრო ტაძარი, მე-20 საუკუნის 10-იანი წლები
ფოთის საკათედრო ტაძარი, მე-20 საუკუნის 10-იანი წლები

ტაძრის რესტავრაცია 2006 წელს დაიწყო. კითხვაზე – რა შეიცვალა რესტავრირების დროს, ტაძრის აღდგენის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს:

 

„ტაძრის კედლებში ნიშებია ჩადგმული წმინდანების ბარელიეფური გამოსახულებით. ეს არ იყო ნიკოლაძის პერიოდში, თუმცა ნიშები ნიკოლაძემ დატოვა. ეტყობა, ისიც ფიქრობდა თავის დროზე, რომ, აი, იმ ნიშებში წმინდანების გამოსახულებები ჩაესვა. მიიღო მეუფემ გადაწყვეტილება და დაახლოებით 63 წმინდანის ბარელიეფია ჩადგმული ტაძრის პერიმეტრზე და 55 ქართული ორნამეტებია“, –  ამბობს გია დარჯანია.

 

ძველ ფოტოებზე, რომელიც დღემდე შემორჩა, ტაძარს არ აქვს ღობე. ის ღია სივრცეა. გია დარჯანიას თქმით, ნიკო ნიკოლაძემ ტაძრის დასრულება ვერ მოასწრო.  

 

“ნეტგაზეთი” სამი დღის მანძილზე ცდილობდა სასულიერო პირებთან ინტერვიუს ჩაწერას. მამა თევდორემ, რომელიც საკათედრო ტაძრის წინამძღვრად მოიაზრება, ჩვენთან შეხვედრაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვა, საკათედრო ტაძარში მყოფმა სხვა საეკლესიო პირებმა კი მოუცლელობის მოტივით უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე. “ნეტგაზეთი” შეეცადა მეუფე გრიგოლთან დაკავშირებასაც. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეუფე საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ მას შეკითხვები ელექტრონული ფოსტით გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი