საზოგადოება

როგორ დავზოგოთ ენერგია და შევამციროთ გადასახადები

17 ოქტომბერი, 2012 • 2624
როგორ დავზოგოთ ენერგია და შევამციროთ გადასახადები

 

შოთა გუჯაბიძის ფოტო
შოთა გუჯაბიძის ფოტო

„კომუნალურ გადასახადებში ზამთრის თვეებში 100 ლარს ვიხდი. მიუხედავად იმისა, რომ გათბობა საძინებელ ოთახებში არ გვაქვს ჩართული და მხოლოდ ლოჯს ვათბობთ. თბოიზოლაციის შესახებ ბევრი არაფერი გამიგია, მაგრამ რამდენიმე წელია, რაც ბინაში ხის ფანჯრები მეტალოპლასტმასით ჩავანაცვლე,“ – ამბობს ავთანდილ ბურკაძე. 

 

 

 

დარგის სპეციალისტების თქმით, მოწესრიგებული ფანჯრები და კარები 25%-მდე ამცირებს სითბოს გადინებას და, შესაბამისად, გათბობის გადასახადს. იმის გასარკვევად, საიდან და როგორ იკარგება ენერგია, კარგად უნდა დაათვალიეროთ სახლში ენერგოდანაკარგების ანუ ჰაერის ნაკადის გადინების ძირითადი კვანძები: კედლები, ფანჯრები, კარები, ჭერი, საკვამურები, იატაკი.  

 

 

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, საიდანაც შეიძლება გაედინებოდეს სითბო შენობიდან, ეს არის ჭერი, სახურავი. ყველაზე მეტი სითბო გაედინება ზევით. ასევე აუცილებლად უნდა იყოს დათბუნებული იატაკი და კედლები. უნდა იყოს შეცვლილი ფანჯრები და კარები, არც ერთი ღრიჭო არ უნდა დარჩეს იმისთვის, რომ ჰაერი გამოვიდეს ან შევიდეს. სწორედ ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თბოიზოლაციიის გაკეთება,“ _ ამბობს განახლებადი ენერგიის ექსპერტი მანანა დადიანი.   

 

 

 

კითხვაზე, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ოჯახმა, თუკი ის თბოიზოლირებულ სახლში ცხოვრობს, მანანა დადიანი პასუხობს:

 

 

„ძალიან ეკონომიურია, თუ კარგად გაკეთდა ყველაფერი, თუ დაიგმანა მაქსიმალურად, შეიძლება 40 პროცენტის ეკონომია მივიღოთ ოჯახის ბიუჯეტში, რომელიც იხარჯებოდა გათბობაზე. გარდა ამისა, ამ გზით ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე. როცა ჩვენი ფანჯრებიდან, ჩვენი სახლიდან გაედინება სითბო, გამოდის, რომ ჩვენ ვათბობთ გარემოს. გარემოს გათბობას ძალიან ცუდი რაღაც მოყვება. გარდა თბოიზოლაციისა, სასურველია, ნათურები ენერგოდამზოგი ნათურებით შეიცვალოს.  ამ გზით შენარჩუნდება ბევრი ტყუილად დახარჯული ენერგია,“ _ ამბობს მანანა დადიანი.   

 

 

 

ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმების თანახმად, 2014 წლისთვის ქალაქებში სითბური გაზის გამოყოფა ოცი პროცენტით უნდა შემცირდეს. აღნიშნული ვალდებულების შესრულებას ბათუმის მერიამ გასული წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. ქალაქში ყველა საცხოვრებელი კორპუსი სითბოს დამზოგავი საფარით უნდა შეიფუთოს. ამ მიზნით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 1 700 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ჯერჯერობით მისი ათვისება ვერ მოხერხდა. პროექტი ააიპ „ბათუმის კორპუსმა“ უნდა განახორციელოს. თუმცა მისი დირექტორის არმაზ ვარშალომიძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.  

 

 

 

„დამუშავების პროცესში ვართ. მიმდინარეობს კორპუსების შესწავლა. ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს გათვალისწინებული იყო 1 700 000 ლარი, მაგრამ ჩვენმა ორგანიზაციამ სულ ორი თვეც არაა, რაც დაიწყო ფუნქციონირება, ასეთი დიდი პროექტის ასე მარტივად დაქოქვა, ადვილი არ არის,“ _ თქვა „ბათუმელებთან“  არმაზ ვარშალომიძემ. 

 

 

მისივე თქმით, მან ჯერ არ იცის, რამდენი კორპუსი მოხვდება პირველ ეტაპზე პროექტში. ერთადერთი, რასაც ვარშალომიძე ამბობს, ის არის, რომ პროექტი მრავალწლიანია.

 

 

რატომ არის საჭირო სახლების თბოიზოლაცია. განახლებადი ენერგიის ექსპერტი  იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც თბოიზოლაციის საჭიროება გააჩინა.

 

 

„მეცხრამეტე საუკუნის ბოლო-მეოცეს პირველ ნახევარში ნაგები შენობები რომ ნახოთ, თითქმის ერთმეტრიანი კედლები აქვთ. საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო სახლების მშენებლობა ძალიან თხელი კედლებით. მაშინ ძალიან იაფი იყო ენერგომატარებლები, დენი, გაზი, ქვანახშირი, არსებობდა ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც ათბობდა, მაგალითად, რაიონს მთლიანად. ამიტომ საკმარისი იყო  კედლის სისქე, დაზოგვაზე არავინ ფიქრობდა. მერე, როცა ეს ყველაფერი აირდაირია, მშენებლობის სტანდარტები და ნორმები არ შეცვალეს. დარჩა „სავეცკი საიუზის“ დონეზე. იმიტომაც არის, რომ სახლში გათბობას როგორც კი გამორთავ, აბსოლუტურად იყინება, გარეთ გადის და არ ნარჩუნდება სახლში სითბო,“ _ ამბობს მანანა დადიანი. 

 

 

რა ტექნოლოგიებით შენდება ახალი სახლები და არის თუ არა გათვალისწინებული თბოიზოლაცია _ ამ კითხვით ბათუმში არსებულ სამშენებლო კომპანიებს მივმართეთ.

 

 

სამშენებლო კომპანია „ანაგის“ წარმომადგენელი გია ჩიხლაძე ამბობს, რომ კომპანია ახალაშენებული სახლების თბოიზოლაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუკი  დამკვეთის მოთხოვნა არსებობს.

 

 

რაც შეეხება სამშენებლო კომპანია „ორბს“, კომპანიის პროექტების მენეჯერის მინდია გურგენიძის თქმით, მშენებლობის პროცესში სახლების თბოიზოლირება კომპანიის სტრატეგიის ნაწილია.

 

 

„ჩვენ რომელსაც ვაშენებთ, ყველგან ვიყენებთ კედლის დათბუნებას. თვითონ კედელს ვაშენებთ სპეციალური ბლოკით, რომელიც შემოგვაქვს გერმანიიდან. ეს არის მაღალი თბოდამკაობის ბლოკი, რომელიც ოდესმე სადმე გამოშვებულა და მაგით ვაშენებთ კედლებს. არის 23% მზის შეღწევადობა ბინებში, რაც ძალიან მაღალია. ასევე თბოდანაკარგი არის  დაბალი. ანუ, შესაბამისად,  ზამთარში ძალიან ცოტა ენერგიაა საჭირო სახლის გასათბობად და  ზაფხულში ძალიან ცოტა – გასაგრილებლად“ –  ამბობს მინდია გურგენიძე.

 

 

 

 „არანაირი  კანონი არ არსებობს, რომელიც აიძულებდა მშენებლებს, ააშენონ ისე, რომ  გათვალისწინებული იყოს ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენება იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვნად ზრდის ფასს.  არავის აღარ უნდა ზედმეტი ფულის გადახდა კვადრატულ მეტრზე. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ დღესდღეობით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს ადამიანს. არც იცის ალბათ ბოლომდე, რა სარგებელი ექნება, თუ დღეს ზედმეტ ხუთ ან ათ დოლარს გადაიხდის კვადრატულ მეტრზე, რის შემდეგაც  გათვალისწინებული იქნება  თბოსაიზოლაციო მასალები, გადასახადების დაზოგვით ალბათ ოთხ წელიწადში ზუსტად იმ განსხვავებას მიიღებს და დაიბრუნებს, რაც თითოეულ კვადრატზე ზედმეტი დახარჯა,“ _ ამბობს მანანა დადიანი.

 

 

რა სარგებელი მოუტანა ევროპას თბოიზოლაციამ 

 

„ნორვეგიაში, ოსლოში შეიფუთა თითქმის ყველა ძველი სახლი, შედეგად მცხოვრებლებმა საკმაოდ დიდი  შეღავათი მიიღეს. 5 გრადუსი რომ არის ტემპერატურა გარეთ, მხოლოდ მაშინ სჭირდებათ გათბობის  ჩართვა,“ _ ამბობს მანანა დადიანი.   

 

 

მისი თქმით, ერთი მხრივ, ენერგოეფექტურობა ეხმარება ადამიანებს, შეამცირონ გადასახადები და მეორე მხრივ, შეამცირონ სათბური გაზის ემისია, რაც ხელს უწყობს კლიმატის გლობალურ ცვლილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი