საზოგადოება

პატრიარქი მთავრობას და ოპოზიციას ბაგრატის ტაძრის გახსნაზე იწვევს

9 სექტემბერი, 2012 • 1786
პატრიარქი მთავრობას და ოპოზიციას ბაგრატის ტაძრის გახსნაზე იწვევს
ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის საზეიმო ცერემონია 17 აგვისტოს გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააშვილი მონაწილეობდა. პრეზიდენტმა ამის გამო ეს დღე უქმედ გამოაცხადა ქუთაისში. საქართველოს პატრიარქი ამ ღონისძიებას არ დასწრებია, თუმცა უცნობია ამის მიზეზი. მიზეზებზე ილია მეორეს არც დღეს უსაუბრია, როდესაც იგი ბაგრატის თემას პირველად შეეხო იუნესკოს სესიის შემდეგ, სადაც განიხილებოდა ბაგრატის ტაძრის მსოფლიო კულტურული მემკვდრეობის ძეგლთა ნუსხიდან შესაძლო ამორიცხვის საკითხი, არასწორად ჩატარებული საერაბილიტაციო სამუშაოების გამო.
 
 
პატრიარქმა დღეს განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარს ის 16 სექტემბერს გახსნის. დღესვე ილია მეორემ შენებისა და ნგრევის პროცესში ადამიანის როლზე ისაუბრა საკვირაო  ქადაგების დროს. 
 
 
“ჟამი არს ნგრევისა, ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ომისა, ჟამი არს მშვიდობისაო, .ე.ი. ის მოვლენები, რომელიც ხდება დედამიწაზე – ომები, ნგრევა და ა.შ. ყველაფერი ადამიანზე არ ყოფილა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი მონაწილე ხდება ან ნგრევისა, ან შენებისა”, – განაცხადა ილია მეორემ.
 
 
მისივე თქმით, “თუ ადამიანი აშენებს, ბედნიერია ის; თუ ანგრევს, უბედურია ის ადამიანი”:
 
“ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ის აშენებს, მაგრამ სინამდვილეში ის ანგრევს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ანგრევს და სინამდვილეში აშენებს… ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მუდამ მონაწილე უნდა ვიყოთ შენებისა და სიკეთისა, სიკეთის კეთებისა”,- განაცხადა ილია მეორემ.
 
ბაგრატის ტაძრის აღდგენის და გადახურვის სამუშაოები 2008 წელს დაიწყო, როცა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისი მეორე დედაქალაქად გამოაცხადა, ხოლო თავისი საპრეზიდენტო ფიცი ბაგრატის ტაძარში დადო. აღდგენითი სამუშაოების გამო იუნესკომ, რომელიც 1994 წლიდან იცავს ბაგრატის ტაძარს, უკმაყოფილება გამოხატა მიმდინარე წლის ზაფხულში, როცა გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც ბაგრატის ტაძარმა დაკარგა ის ღირებულება, რის გამოც ის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. იუნესკოს რამდენიმე თვის წინ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ბაგრატის ტაძრის ამ ნუსხიდან შესაძლო ამორიცხვის შესახებ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ორგანიზაცია ამ საკითხს 2013 წელს განიხილავს სესიაზე.
ბაგრატის ტაძარი რეაბილიტაციის შემდგომ
ბაგრატის ტაძარი რეაბილიტაციის შემდგომ
 

მასალების გადაბეჭდვის წესი