საზოგადოება

მთავრობათაშორისი კონფერენცია ‘თბილისი+35’ ხვალ გაიხსნება

5 სექტემბერი, 2012 •
მთავრობათაშორისი კონფერენცია ‘თბილისი+35’ ხვალ გაიხსნება

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის გიორგი ზედგინიძის თქმით, კონფერენცია ეძღვნება 1977 წლის თბილისის დეკლარაციის მიღებიდან 35 წლისთავს. აღნიშნული დეკლარაცია გარემოსდაცვითი განათლების ერთ-ერთ საბაზისო დოკუმენტს წარმოადგენს.

 

“მე ვნახე ფილმი 1977 წლის დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით, შემდეგ შევეცადე ეს ძველი ადგილები ახალ თბილისში მეპოვა და კადრები შემედარებინა. მე ვნახე, რომ მიმდინარეობს უამრავი მშენებლობა და მოხარული ვარ, რომ ძველმა ქალაქმა ახალი სიცოცხლე შეიძინა,” – განაცხადა UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ქიან ტანგიმ.

 

ორდღიანი კონფერენციის მიზანია, შეფასდეს ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ღონისძიებები და დაისახოს გარემოსდაცვითი განათლების სამომავლო გეგმები.

 

კონფერენციის ფარგლებში, ხვალ, 6 სექტემბერს დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას სიტყვით გამოსვლა, რომელიც „მწვანე უნარების“ შესახებ ისაუბრებს. ხოლო 7 სექტემბერს კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე, საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრი დალი ხომერიკი.

 

კონფერენციის ბოლოს გაფორმდება საერთაშორისო ხელშეკრულება გარემოს დაცვით განათლებაზე, რომელიც გაწერილი იქნება დოკუმენტში – “თბილისი+35 კომუნიკე”.

 

“ეს დოკუმენტი იქნება ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი ახალი კონფერენციისა, რომელიც გაიმართება აფრიკის გარემოსდაცვითი ლიდერების მონაწილეობით,” – განაცხადა UNEP-ის დირექტორმა იან დუსიკმა დღევანდელ პრესკონფერენციაძე.

 

„თბილისი+35“ ტარდება საქართველოს მთავრობის ორგანიზებით. პროექტის პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP). კონფერენციის მონაწილეები და საპატიო სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სექტორის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 300-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი