ვიდეორგოლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ძირითადად, ორგანიზაცია “საქართველო არ იყიდება” ამზადებს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კი – alternatvstudio.
რამდენიმე დღის წინ კი სოციალურ ქსელებში ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა, სახელწოდებით – “დასვიდანია მიშა”, რომელიც აზერბაიჯანული ვიდეორგოლის – Ты кто такой? Давай, до свидания! მიხედვითაა შექმნილი. შალვა რამიშვილის ეს კლიპი, რომელშიც სუფრასთან მოქეიფეები მიხეილ სააკაშვილს შაირებით ემშვიდობებიან, youtube-ზე ამ დროისთვის უკვე 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.
პიარ-სპეციალისტი ბერდია ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მსგავსი კლიპები ადამიანების დიდ რაოდენობაზე, მასაზეა გათვლილი და სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობს ხელს. შალვა რამიშვილიც აცხადებს, რომ სწორედ ფართო მასებში გასავრცელებლად შექმნა ვიდეორგოლი “დასვიდანია მიშა”. ორგანიზაცია “საქართველო არ იყიდება”-ს ხელმძღვანელი გიგა ნასარიძე კი ამბობს, რომ მსგავსი კლიპები ყველა ქვეყანაში იმისთვის კეთდება, რომ ხალხმა კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერზე სიმართლე გაიგოს.
“მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმე ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ან მიშას შეიძულებს, ან “ქართულ ოცნებას” შეიყვარებს. ეს არის სწორედ იმ ადამიანების აზრი, ვისაც ჰგონია, რომ ეს ვიდეო, მომიტევეთ და, გოიმობა, ქაჯობა და წარსულში დაბრუნებაა… ეს არის ვირუსული მარკეტინგი. ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გააზიარა ეს ვიდეო თავის კედელზე, რაც მე მიხარია. რაც მეტი ადამიანი ნახავს, უკეთესია”, – აცხადებს შალვა რამიშვილი.
“ჩვენ, უბრალოდ, გვგონია, რომ ადამიანებმა უნდა გაიგონ უფრო მეტი სიმართლე ბიძინა ივანიშვილზე, ვიდრე – ბიძინა ივანიშვილს სურს. ჩვენთვის არაა მთავარი, ეს იყოს ვირუსული ვიდეო. ჩვენ ამ რეკლამისთვის ვყიდულობთ ეთერს და ვუშვებთ, რომ ნახოს ტელემაყურებელმა”, – აცხადებს გიგა ნასარიძე, რომლის ორგანიზაციის დაკვეთითაც ქართულ ტელეარხებზე ყოველდღიურად გიდის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის სახით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ მსგავსი ვიდეორგოლები პროპაგანდისტული ტექნიკის ნაწილია:
“პროპაგანდისტული ტექნიკა, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იღებს საფუძველს და განსაკუთრებით იყენებდნენ როგორც ე.წ. ფაშისტები, ასევე, მათი მოწინააღმდეგე საბჭოელები. ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენ ვართ, სადაც სნობისტური მიდგომები საკმაოდ ხშირად შეინიშნება, ასევე, პრესტიჟულობის განცდა და აზრებისა თუ შეხედულებების მოდად ქცევა და აყოლა, ამგვარ ქმედებას კიდევ უფრო მეტი ეფექტის მოხდენა შეუძლია”.
იგებს თუ არა საზოგადოება, ვინ არის პუტინის არჩევანი საქართველოში? რატომ უნდა უთხრას საკუთარ პრეზიდენტს “დასვიდანია”? რაზე მეტყველებს ამონარიდების ტირაჟირება, როცა პოლიტიკურ ლიდერებს ერთნაირად ავიწყდებათ ციტატები ცნობილი ნაწარმოებებიდან?
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ მსგავსი ვიდეორგოლების ტირაჟირებით უმთავრესად დამარცხებული რჩება საზოგადოება, რომელიც კიდევ უფრო მართული ხდება:
“ეს კი თავისთავად მიანიშნებს საზოგადოების მოუმწიფებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების არარსებობაზე… გონიერი საზოგადოება არათუ ხოტბას არ უნდა ასხამდეს თუნდაც საკუთარი პოზიციის გამტარებელი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან მოწინააღმდეგის მიმართ ამგვარ პროპაგანდას, არამედ ნებისმიერი შემთხვევისათვის უნდა ახდენდეს მკაცრი კრიტიკის გამოხატვას, რაც მეტნაკლებად შექმნის საზოგადოების მხრიდან მცირე დაცვის მექანიზმს მაინც.”