საზოგადოება

დაწყებითი განათლება – პრობლემები და გამოწვევები

13 აგვისტო, 2012 •
დაწყებითი განათლება – პრობლემები და გამოწვევები

– დღის განმავლობაში რა დროს უთმობთ კითხვას?

– სიმართლე გითხრა, მაგისთვის დრო არ მრჩება.

– უკითხავთ შვილს?

– არც ისე ხშირად.

– კლასის დამრიგებელი შვილის მიღწევების ან პრობლემების შესახებ გატყობინებთ?

– მშობელთა კრებებზე ამბობს ხოლმე, თუ რამე პრობლემაა.

 

ქეთევან გონგაძის რვა წლის შვილი ქვემო ქართლის რეგიონის ერთ–ერთი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. როგორც მოსწავლის დედა ამბობს, მშობლები არც სკოლამდელ ასაკში და არც შემდგომ შვილის განათლებით დაკავებულნი არ ყოფილან. ბავშვის სასკოლო მზაობა საბავშვო ბაღში ნასწავლი ათამდე თვლით, რამდენიმე ზღაპრითა და ორი საახალწლო ლექსით შემოიფარგლებოდა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი


„ის, თუ რამდენად იყო ბავშვი სკოლამდელ ასაკში წიგნიერებას ნაზიარევი, პირდაპირპროპორციულია 9–10 წლის ასაკში მის წიგნიერებასთან, რომელიც, საბოლოო ჯამში, მის მომავალს განაპირობებს,“– ამბობს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელიც 2006 და 2011 წლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შორის წიგნიერების (PIRLS) საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის ჯგუფის წევრი და კონსულტანტი იყო საქართველოში.

 

ნეიროფსიქოლოგის განმარტებით, 9–10 წელი ის კრიტიკული ასაკია, როდესაც ირკვევა, რა ცოდნით აპირებს ის სხვა საფეხურზე გადასვლას და საჭიროებს თუ არა დახმარებას.

 

განათლების სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ადრეულ ასაკში ცნობიერება უნიკალური, დიდი ნახტომით ვითარდება, ამიტომ, მათივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, სადაც ბავშვი იზრდება.

 

მშობლის ფაქტორი


საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები, რომლებიც მოსწავლეთა განათლებისა და, შესაბამისად, ქვეყნის წიგნიერების სურათს აჩვენებს, მშობლის – როგორც ბავშვისთვის წიგნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლის – ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას.

 

„აჩვენეთ ბავშვებს, რომ ყოველდღიურად კითხულობთ გაზეთს, ჟურნალს ან წიგნს. ასე ისინი დარწმუნდებიან, რომ კითხვა მნიშვნელოვანია. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საბავშვო წიგნები. როცა ქუჩაში მიდიხართ, ხმამაღლა წაიკითხეთ მაღაზიების სახელწოდებები და წარწერები; მიეცით ბავშვს საწერი საშუალებები; დაბადების დღეებზე და სადღესასაწაულო დღეებში აჩუქეთ მათ წიგნები; მოუსმინეთ ბავშვებს, როცა ისინი გესაუბრებიან, უპასუხეთ მათ შეკითხვებს, ასწავლეთ მოთხრობები და სახალისო ლექსები, ეთამაშეთ ბავშვს ისეთი თამაშები, რომლებიც მათგან ყურადღებას, საუბარს და გაგებას მოითხოვს; კითხვის დროს წინასწარ ჰკითხეთ, მისი აზრით, როგორ დამთავრდება მოთხრობა, როგორ გადაიჭრება მასში დასმული პრობლემა,“–  ასეთ რეკომენდაციებს აძლევენ წიგნიერების კვლევის ექპერტები იმ მშობლებს, რომლებსაც შვილების განათლებაზე და, შესაბამისად, მათ მომავალზე ზრუნვა ჯერ არ დაუწყიათ.

 

საქართველოს სკოლების დიდი ნაწილი მსოფლიო ქვეყნებს შორის წიგნიერების დონით ერთ–ერთი ყველაზე დაბალ საფეხურზე აღმოჩნდა. ამის ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად  კვლევამ სწორედ მშობელთა დაბალი ჩართულობა გამოავლინა.

 

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე – 2006 და 2011 წლებში წიგნიერების საერთაშიროსო კვლევის ჯგუფის კონსულტანტი – ამბობს, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეთა წიგნიერების დონის კვლევის ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი მშობელებისთვის განკუთვნილი კითხვარები იყო.

 

როგორი დამოკიდებულებაა თქვენს ოჯახში წიგნის მიმართ? როგორ აფასებთ თქვენს სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას? გაქვთ თუ არა სახლში ბიბლიოთეკა? კომპიუტერი? სიამოვნებისთვის კითხულობთ, თუ მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად? რა დროს უთმობთ კითხვას? უკითხავთ თუ არა შვილს? – ეს არის ის ძირითადი კითხვები, რომლებზე პასუხებიც მოსწავლეთა წიგნიერების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა.

 

წიგნიერების საერთაშორისო კვლევების მიხედვით, რაც უფრო ნაკლები მოსწავლეა სკოლაში ეკონომიკურად ხელმოკლე ოჯახიდან, მით უფრო მაღალია წიგნიერების მაჩვენებელი. საქართველოში მოსწავლეთა 28% სწავლობს სკოლაში, სადაც ბავშვების ნახევარზე მეტი ეკონომიკურად ხელმოკლე ოჯახიდანაა.

 

კვლევების შედეგების მიხედვით, ამ მხრივ, დედაქალაქთან შედარებით, საქართველოს რეგიონები ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან.

 

„ამის განმსაზღვრელი კიდევ ერთი ფაქტორია ის, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში განათლებაზე საზოგადოების დაკვეთა ძალიან დაბალია. წიგნის ფასი თითქმის ნულამდეა დაყვანილი,“ – ამბობს პაატა პაპავა, დაწყებითი კლასების განათლების სფეროს მკვლევარი.

 

იმ ქვეყნებმა, სადაც საერთაშორისო კვლევებმა მშობლის ჩართულობის დაბალი დონე გამოავლინა, საქართველოსგან განსხვავებით, გამოსავალი იპოვნეს. კვლევის ხუთწლიანი ციკლის შემდეგ დაწყებით კლასებში წიგნიერების დონით ეს ქვეყნები მოწინავე ადგილებზე აღმოჩნდნენ.

 

მაგალითად, ჰონკონგში ყველა სკოლის დაწყებითი კლასის მშობელთან საკონსულტაციო სამუშაო და ტრენინგები დაიწყეს. მშობლებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა შთაუნერგონ შვილებს წიგნის სიყვარული და როგორ უნდა დაეხმარონ მათ კითხვის გავარჯიშებაში. ამის შემდეგ ქვეყანა ერთ–ერთი ბოლო ადგილიდან ბავშვთა წიგნიერებაში მოწინავე პოზიციაზე გადავიდა.

 

განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ნაბიჯების გადასადგმელად  საქართველოში პოლიტიკური ნებაა საჭირო.

 

სკოლის ფაქტორი


ფოტო განათლების სამინისტროს არქივიდან
ფოტო განათლების სამინისტროს არქივიდან


ბავშვის სააზროვნო უნარები ვითარდება სკოლაში, სადაც იგი თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს.

PIRLS-ის კვლევაში წერია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოს დაწყებით საგანმანათლებლო სფეროში ცალკე კითხვის გაკვეთილების არარსებობაა. აგრეთვე, არსებითია ის ფაქტორი, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ძირითადად, აქცენტი კეთდება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გაგებაზე, პირდაპირი დასკვნების გამოტანაზე და არა აზრების ინტერპრეტაციასა და ინტეგრირებაზე, – როგორც, მაგალითად, ამ მხრივ წარმატებულ ქვეყნებში: ჰონკონგში, კანადაში, შოტლანდიასა და რუსეთში.

 

განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ  ეროვნული სასწავლო გეგმაში იყო და არის მოთხოვნა მაღალ სააზროვნო უნარებზე, მაგრამ მოსწავლეები შესაბამის შედეგებს ვერ აჩვენებენ. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები და ინდიკატორები ითვალისწინებს საგაკვეთილო პროცესის ისე დაგეგმვას, რომ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები განუვითარდეთ. ამ ტიპის გაკვეთილების ჩატარება მოითხოვს მასწავლებლის მაღალ კვალიფიკაციას და განათლების პოლიტიკის იმგვარ დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების სისტემაში მოზიდვასა და მოქმედი მასწავლებლების ეფექტურ პროფესიულ განვითარებას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქვეყანაში არსებულ სიღარიბესთან ერთად.

 

წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ, რომელიც საქართველოში ორჯერ ჩატარდა, აჩვენა, რომ ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის გაგება საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ყველაზე მარტივია. რაც შეეხება ტექსტიდან გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებას და ა.შ. ამ მხრივ პრობლემები გამოიკვეთა.

 

„სხვადასხვა მიზეზის გამო საქართველოში მოსწავლეთა 18%-ს კითხვის ათვისების პრობლემა აქვს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.  შეუძლებელია, რომ კითხვის პრობლემა ამდენ მოსწავლეს ჰქონოდეს. პრობლემა სწავლებაშია.

 

იმის გაგებაში, რაც ზედაპირზე დევს, ქართველი ბავშვები ორივე კვლევის დროს ძალიან კარგები იყვნენ. წაკითხული ტექსტიდან მარტივ კითხვებზე პასუხს ძალიან ადვილად სცემდნენ. პრობლემა იწყებოდა მაშინ, როცა მსჯელობა და დასკვნა უნდა გაეკეთებინათ,“– ამბობს კვლევის ჯგუფის კონსულტანტი თამარ გაგოშიძე.

 

ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები რუსეთსა და ჰონკონგს ჰქონდა. 

 

სკოლის ფაქტორთან დაკავშირებით გაგოშიძე სხვა საინტერესო დეტალებზეც საუბრობს. მისი თქმით, კითხვარების შევსების დროს მასწავლებლები ხშირად ცრუობდნენ.

 

„როგორც მასწავლებელებს, ასევე მშობლებს ვეკითხებოდით, არის თუ არა მშობელსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა. აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები, მშობლებისგან განსხვავებით, კითხვას დადებითად პასუხობდნენ.

 

მასწავლებელთა გულწრფელობის მომენტი კიდევ ერთმა კითხვამ გამოავლინა. მასწავლებლები კითხვარში დადებითად პასუხობდნენ იმ შეკითხვებს,  საიდანაც გამომდინარეობდა, რომ ზედმეტ დროს უთმობენ კითხვას, მოაქვთ დამატებითი მასალა, სხვადასხვა აქტივობას მიმართავენ და ა.შ. მაგრამ რა იყო შედეგი? კავშირი დახარჯულ დროსა და კითხვის მიღწევებს შორის არ ჩანდა. ამან კვლევების ორგანიზატორებიც განაცვიფრა, ვინაიდან წარმატებული ქვეყნების მასწავლებლებსაც არ უთქვამთ, რომ ამდენ რესურსს ხარჯავენ,“– ამბობს გაგოშიძე.

 

ანალოგიური შედეგით დასრულდა ჩვენ მიერ გამოკითხული რამდენიმე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელთან გასაუბრებაც – თითქმის ყველა მათგანმა განაცხადა, რომ აკეთებს მაქსიმუმს: მოსწავლეებთან მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, მოაქვს დამატებითი საკითხავი ლიტერატურა და ა.შ.

 

განათლების საკითხების მკვლევართა თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქართველ მასწავლებელთა 99%–ს მასწავლებლის დიპლომი აქვს, მათ ცალკე საგნად არ გაუვლიათ კითხვის სწავლება, კითხვის თეორიები, კითხვის ფსიქოლოგია და ა.შ. რაც, საბოლოო ჯამში, მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი შედეგების განმსაზღვრელია.

 

„ორსაათიანი ტრენინგები არ შველის. საჭიროა გადამზადების ხშირი კურსები თანამედროვე მეთოდოლოგიით და კადრები, რომელიც დაატრენინგებდა პედაგოგებს. თუმცა ხშირად ამის რესურსი ფიზიკურად არ არის,“– ამბობს თამარ გაგოშიძე.

 

დაწყებით კლასებში ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად დაწყებითი განათლების სფეროს მკვლევარი პაატა პაპავა კომპიუტერისა და ინგლისური ენის სწავლებას ასახელებს. იგი დასძენს, რომ სხვა საკითხია, უნდა ისწავლებოდეს თუ არა აღნიშნული საგნები პირველივე კლასიდან.

 

ფოტო განათლების სამინისტროს არქივიდან
ფოტო განათლების სამინისტროს არქივიდან

 

წარმატებული ქვეყნების გამოცდილება


წიგნიერების მაღალი დონის მქონე ქვეყნების დაწყებით კლასებში კითხვის გაკვეთილები ცალკე ტარდება. რეკომენდაციებში, რომლებიც საქართველოს უნდა გაეზიარებინა, სწორედ კითხვის ინსტურქტორის სტანდარტის შემუშავება იყო.

 

საერთაშორისო კვლევების ინიციატორ აშშ–ში, მოსწავლეთა წიგნიერების მხრივ რთული მდგომარეობა იყო. შესაბამისად, აშშ-მა ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტთან კითხვის შემსწავლელი საბჭო შექმნა, რომელსაც პრობლემა უნდა შეესწავლა, გაეანალიზებინა და რეკომენდაციები მოემზადებინა. ქვეყანამ წარმატებას მხოლოდ 10–15 წლის შემდეგ შრომის შედეგად მიაღწია.

 

რუსეთის ფედერაციამ, მას შემდეგ, რაც პირველი კვლევების დროს ქვეყნებს შორის ერთ–ერთი ბოლო ადგილი დაიკავა, რეგიონებსა და სოფლებში კითხვის გაკვეთილები ფართოდ დანერგა. ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანას, უკანასკნელი კვლევის შედეგებით, სერიოზული წარმატება მოუტანა.

 

„უბრალოდ უნდა ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან და მათი გამოცდილება მოვისმინოთ. რას აკეთებენ ისეთს, რასაც ჩვენ ვერ შევძლებთ?! საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს გადაჭრილი და, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, არც ეს იქნება დაუძლეველი,“ – ამბობს პაატა პაპავა, განათლების სფეროს ექსპერტი.

 

საერთაშორისო კვლევების მნიშვნელობა


საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) კვლევაში საქართველო რამდენჯერმე მონაწილეობდა. 

 

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) 9–10 წლის ასაკობრივ ჯგუფში საქართველოში 2006 და 2011 წელს ჩატარდა. თუმცა 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კითხვას – რატომ არის საქართველო (80–მდე ქვეყნიდან) ერთ–ერთ ბოლო ადგილზე საერთაშორისო შეფასებების შედეგებით, თუ განათლების რეფორმამ ქვეყანაში სწავლის ხარისხი გააუმჯობესა – უპასუხა, რომ ის ამ კვლევებს არ ენდობა და დროა, ქვეყანა შიდა კვლევებზე გადავიდეს.

 

მაშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო კვლვევების ჩატარებას უზრუნველყოფდნენ, მინისტრის ეს გადაწყვეტილება მედიის მეშვეობით გაიგეს.

 

„ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის, არ გაგვეხადა ჩვენი პოზიცია საჯარო. ვეცადეთ, შიგნიდან მოგვეგვარებინა პრობლემა, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ შექმნილიყო. მინისტრსაც არაერთხელ ვესაუბრეთ, მათ შორის მაია მიმინოშვილიც არაერთხელ შეხვდა. ვცდილობდით, აგვეხსნა ამ კვლევების მნიშვნელობა და დაგვერწმუნებინა, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების გარეშე საქართველო გლობალური კონტექსტიდან ამოვარდებოდა,“– ამბობს ნათია მჟავანაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი.

 

პაატა პაპავას – დაწყებითი სწავლების საკითხებში ექპერტის – განმარტებით, საქართველომ რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო კვლევაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

 

სამინისტროს მიერ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო კვლევების გაუქმების შესახებ განათლების ექპერტი ასეთ შეფასებას აძლევს:

 

„ქვეყანაში პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ეს ვითარება გამოსწორდეს, ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა, ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას ძალიან მარტივი მიზეზი ჰქონდა, – როგორც მშობელს არ უნდა საკუთარი შვილის ხარვეზის გამომზეურება, არც სამინისტროს უნდოდა ამ შედეგების გამომზეურება. არადა, ეს არ არის შეჯიბრი, ეს არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. შენ სწავლობ სხვა ქვეყნების მაგალითით, როგორ გახდე  წარმატებული,“– ამბობს პაპავა.

 

რას აკეთებს სახელმწიფო


თუ მშპ–ს საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელი განათლების სისტემაში 18%-ია, საქართველოში სახელმწიფო ინვესტიცია განათლებაში ამ მაჩვენებელზე თითქმის 6–ჯერ დაბალია. საქართველოზე დაბალი მაჩვენებელი კვლევებში მონაწილე მხოლოდ ოთხ ქვეყანას აქვს.

 

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) შესახებ მასში ჩართული სპეციალისტები ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე დეტალი პროექტის შესახებ უკვე ცნობილია.

 

პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ხუთი წლით არის დაფინანსებული. მისი მიზანია ქართული და არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეების უნარების გაუმჯობესება კითხვასა და მათემატიკაში.

 

აღნიშნული მიზანი მიიღწევა დამატებითი სასწავლო მასალების შექმნის, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების, მასწავლებლების პროფესიული განვითარების, კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების მომზადებით.

კავშირი დაწყებით კლასებში განათლებასა და  საზოგადოების ფსიქიკურ  ჯანმრთელობას შორის


„მსოფლიოში ყველგან, ნებისმიერ საკლასო ოთახში, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესს არ მიჰყვება. საქართველოში ეს რიცხვი კლასის 15–20%–ს შეადგენს. ამ ნაწილზე სისტემა არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს, ან არ იცის, როგორ აიღოს. ამ რიცხვის უკან დგანან ბავშვები, რომლებიც  გაუნათლებლობისთვის არიან განწირულნი. თბილისის ზოგიერთმა სკოლამ კვლევებში თუ მაღალი შედეგები აჩვენა, დანარჩენი სკოლები სწორედ ამ პასუხსმგელობის მიღმა არიან დარჩენილი. ცნება „განათლება ყველასთვის“ საზოგადოებაში ჯერ გაცნობიერული არ არის,“ – ამბობს განათლების ექსპერტი პაატა პაპავა.

 

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელიც ნეიროლოგიის ინსიტუტში სწორედ ბავშვების საჭიროებებს იკვლევს, ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ცდილობს, თავი აარიდოს კლასში გამოკითხვას და გაკვეთილი ჩაშალოს: 

 

„ამ დროს მასწავლებელი უნდა მიხვდეს, რომ სპეციალისტის ჩარევაა სჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად. უნდა გაკეთდეს ანალიზი, რაშია საქმე. იქნებ ბავშვს დისლექსია, კითხვის უნარის დაქვეითება აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა იმისთვის, რომ მომავალში რესურსი არ დაიკარგოს. როცა იცი, რომ, მაგალითად, მარტივ კითხვასაც ვერ პასუხობ, თავი სულელი გგონია და იმასაც აღარ აკეთებ, რაც იცი. როცა დაბალი თვითშეფასება გაქვს და არ მოგწონს თავი, ძალიან ცუდი რამეების გაკეთება შეგიძლია. თვითშეფასება კრიმინალური ქმედებების 8ნ%-ის საფუძველია. მოძალადე ადამიანი არასრულფასოვნების კომპლექსითაა შეპყრობილი და ცდილობს დაამტკიცოს, რომ სხვაზე ძლიერია. ამიტომ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რა არის მნიშვნელოვანი – სისტემამ აღზარდოს მოძალადე და აგრესული ადამიანები, თუ რეალურად განათლებული ძალა.“

პროექტი ,,ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ და ხორციელდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, ასოციაცია ზეკარისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის მიერ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მოსაზრებებს.

 

 




მასალების გადაბეჭდვის წესი