საზოგადოება

ცხოვრება კლიმაქსის შემდეგ

9 ივლისი, 2012 • 30236
ცხოვრება კლიმაქსის შემდეგ

ჯანდაცვითი და სქესობრივი ცხოვრების პრომლემები კლიმაქტიკურ პერიოდში ორგანიზმში ჰორმონების –
ესტროგენისა (ქალების შემთხვევაში) და ტესტოსტერონის (მამაკაცების) შემცირების შედეგად იწყება.

 

სწორედ ესტროგენის  დეფიციტი იწვევს ქალებში მენოპაუზას. ამ დროს სასქესო ჯირკვალი– საკვერცხე, თავის ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკს ასრულებს, მისი რეპროდუქციული ფუნქცია მილევის ზღვარზეა და მენსტრუალური ციკლი არარეგულარული ხდება, რომელიც გარკვეული ეტაპის შემდეგ საბოლოოდ წყდება.

კლიმაქსის პერიოდში ანდროიდული ჰორმონის, ტესტოსტერონის შემცირება კი მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციაზე მეტად, მის სქესობრივ ფუნქციებზე აისახება.

იმის მიუხედავად, რომ კლიმაქსის დაწყების საშუალო ასაკად 50 წელია მიჩნეული, სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების გამო,  შესაძლებელია ნაადრევი კლიმაქსი 40 წლის ასაკშიც გამოვლინდეს. მამაკაცების შემთხვევაში სპეციალისტები გვიან კლიმაქსზეც საუბრობენ, რომელიც თავს 60 წლის შემდეგ იჩენს.

“ჰორმონების ქარიშხალი” და ჯანმრთელობა კლიმაქსის დროს


„ჰორმონების ქარიშხალი“, ასე უწოდებენ მედიკოსები იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს, რომელიც ორგანიზმში კლიმაქსურ პერიოდში და მის შემდეგ მიმდინარეობს.

ფსიქოვეგეტატიური დარღვევები – ალები, ოფლიანობა, უძილობა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, შფოთვა, უძილობა, ტემპერატურის პერიოდული მატება (ქალების 75 % ში) – ეს ნიშნები მენოპაუზის დროს სწორედ აღნიშნული ჰორმონის, ესტროგენის შემცირების ფონზე თავს ყველაზე ხშირად იჩენს. ეს სიმპტომები ქალთა 25–50 % –ს შესაძლოა, 5 წლის მანძილზე  აწუხებდეს.

ჰორმონების დეფიციტმა შესაძლოა, ჯანმრთელობას ბევრად მეტი საფრთხეც შეუქმნას.

ესტროგენისა და ტესტოსტერონის კლიმაქსური პერიოდიდან შემცირება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ოსტეოპოროზს, ათეროსკლეროზს, შარდის შეუკავებლობას, კანის დანაოჭებას, ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, კონიუქტივიტს,  ქოლესტერინის მატებას და სხვა ჩივილებს იწვევს.

თუმცა მენოპაუზის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველაზე მეტად ოსტეოპორზე, ძვლოვანი ქსოვილის დაშლაზე საუბრობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების შესაბამისად, ოსტეოპოროზის მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ მენოპაუზაა, რომლის დროსაც ქალთა 50 % –ს სწორედ ეს დაავადება უყალიბდება.

მენოპაუზიდან 5 წლის შემდე, ორგანიზმი ყოველწლიურად 3-5 %–ით ღარიბდება კალციუმით და ძვლოვან ქსოვილს კარგავს, რის გამოც 50 წლის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში გახშირებულია ხერხემლის დეფორმაცია და მოტეხილობები. ხანდაზმულებმა კი  რაიმე ტრავმის გარეშეც შეიძლება მოტეხილობა მიიღონ.

კლიმაქსით გამოწვეული ჯანდაცვითი პრობლემების აქტუალობას საქართველოში ის ფაქტორიც ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ასაკობრივი და გენდერული სტრუქტურის მიხედვით, ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი სწორედ 44 წელს გადაცილებულ ქალებზე მოდის.

ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამისი ჯანდაცვითი სერვისების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი, ნატა ყაზახაშვილი საუბრობს.

„ახალგაზრდობის ასაკის მილევის პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემა წინა პლანზე იწევს. როდესაც ვლაპარაკობთ ჯანდაცვის სერვისებზე, სწორედ ამ სამიზნე ჯგუფზე უნდა გამახვილდეს ყურადღება,“– ამბობს ყაზახაშვილი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ კლიმაქსის პერიოდში ხშირად ვერ ხვდებიან, რატომ აქვთ ესა თუ ის ჩივილი და მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს იტარებენ მიზეზების დასადგენად მაშინ, როდესაც ყველა ჩივილი, მათი განამარტებით, ჰორმონების დეფიციტით არის გამოწვეული.

„ქაოსურად მოძრაობენ, სხვადასხვა სპეციალისტთან ხვდებიან. პრემენოპაუზალურ პერიოდში სასურველია, ქალმა ერთხელ მაინც მიაკითხოს რეპროდუქტოლოგს, რათა  დადგინდეს, რამდენად რთულად მიმდინარეობს ეს პროცესი და არის თუ არა საჭირო მედიკამენტური ჩარევა, ანუ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია. ამ პერიოდში ქალები ხშირად ჰორმონოთერაპიის კურსს სპეციალისტების გარეშეც მიმართავენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამ დროს შეიძლება ის საჭირო არც იყოს და პირიქით, რისკებთან იყოს დაკავშირებული, “– ამბობს ჯანელიძე-ყურაშვილი, ექიმი რეპრუდუქტოლოგი.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრეკლიმაქსურ და შემდგომ პერიოდში ექიმის მეთვალყურეობა ნაადრევი დაბერებისგან იცავს.

რაც შეეხება მამაკაცებს, ანდროპაუზა ძირითადად ანდროგენული ჰორმონის – ტესტოსტერონის დონის დაქვეითება ყველაზე ხშირად სხვადასხვა სახის ფსიქოემოციურ დარღვევებს იწვევს, რაც ძირითადად  სქესობრივი პოტენციის დაქვეითებითა და ამ ფაქტორით გამოწვეული დეპრესიით აისახება.

სქესობრივი ცხოვრება კლიმაქსის შემდეგ

მენოპაუზისა და ანდროპაუზის შემდეგ  სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ შიშზე და სტიგმაზე საქართველოში მოღვაწე სპეციალისტებიც საუბრობენ.

ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად ჰორმონების დეფიციტი სექსუალური მოთხოვნილების (ლიბიდოს) დაქვეითებასაც იწვევს.

ამასთან, როდესაც ორგანიზმში ესტროგენი მცირდება, სასქესო ორგანოებს სისხლის მიწოდება უმცირდება,  მისი ლორწოვანი გარსი შრება, კარგავს ელასტიურობას და სქესობრივი აქტი მტკივნეული ხდება. თუმცა აღნიშნულ პრობლემების მოგვარებაც ჰორმონოთერაპიითაა შესაძლებელი.

 

“მამაკაცებისაგან განსხვავებით, რომელთაც ორგაზმის განცდა  ძირითადად გენიტალიების  სექსუალურ სტიმულაციაზე არის მიბმული, ქალებში ორგაზმი ძირითადად, ასე ვთქვათ, თავისი ფუნქციაა, რომელიც  ქალის ცხოვრების მანძილზე თავის ტვინის უმაღლესი რეფლექსების დონეზე ყალიბდება,“– ამბობს სექსოლოგიური კლინიკა “ლიგას“  დირექტორი, პროფესორი და მედიცინის დოქტორი, არჩილ ბაქრაძე.

სექსოლოგი განმარტავს, რომ მენოპაუზისთვის მზადება ქალების შემთხვევაში წინასწარ ხდება, რაც მენოპაუზამდე სქესობრივი ცხოვრების რეგულარობაში გამოიხატება.

 

“იმ ქალებს, რომლებსაც რეპროდუქციულ ასაკში ნორმალური და რეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვთ, ორგაზმით და ა.შ. მენოპაუზის შემდეგაც ხშირად შეუძლიათ ორგაზმის განცდა და მათ სექსუალურ ცხოვრებას ბევრი არაფერი აკლდება. რაც უფრო რეგულარული და ემოციებით არის სავსე ქალის სექსუალური ცხოვრება, მით უფრო დიდია იმის გარანტია, რომ ასევე გაგრძელდება სექსუალური ცხოვრება მენოპაუზის შემდეგ. ის ქალები, რომლებიც რეგულარული სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობენ, მენოპაუზის შემდეგ ვიზუალურად 12 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე ისინი, ვისაც რეგულარული სქესობრივი კავშირი არ აქვთ,“– ამბობს სექსოლოგი.

მამაკაცების სქესობრივი ცხოვრება კლიმაქსის შემდეგ, როგორც სექსოლოგები მიიჩნევენ, ქალებზე მეტად არის გახანგრძლივებული, თუმცა სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება ორგანიზმში უფრო მეტად იკვეთება. 

 

სპეციალისტები ამ შემთხვევაშიც ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიაზე საუბრობენ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კლიმაქსი საუკეთესო პერიოდია იმისთვის, სქესობრივი ცხოვრება უფრო აქტიური  გახდეს, რადგან ბავშვის ჩასახვის რისკების არარსებობის გამო კონტრაცეფტივების გამოყენება საჭირო აღარ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი