საზოგადოება

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები და შეთავაზებები სახელმწიფოსა და მედიას

1 ივლისი, 2012 • 1328
რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები და შეთავაზებები სახელმწიფოსა და მედიას

რეკომენდაციების პაკეტი დღეს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველთან, გიორგი ტუღუშთან ერთად წარმოადგინეს:

“ეს არის ჩამონათვალი რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სრულიად ტოლერანტული და თანასწორი გარემო ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის. იმ რეკომენდაციებზე რომელიც დღეს წარმოვადგინეთ უშუალოდ რელიგიურმა უმცირესობებმა იმუშავეს. გამოიკვეთა რამდენიმე თემა, თუმცა მე გამოვყოფდი ისეთ საკითხებს როგორიც არის საგადასახადო კანონმდებლობა და განათლების სისტემა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება და გაზიარება ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომავალში აღარ ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებზეც დღეს გვაქვს საუბარი”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

რეკომენდაციების პაკეტი რამდენიმე საკითხს მოიცავს. მათ შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები.

რელიგიათა საბჭო თვლის, რომ ყველა რელიგიური გაერთიანება თანაბრად უნდა გათავისუფლდეს ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადისგან, ასევე ნებისმიერი რელიგიური გაერთანების დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა უნდა გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე. რეკომენდაციების პაკეტში აღნიშნულია, რომ ამ მხრივ საგადასახადო კანონმდებლობაში განსხვავებული მიდგომა არსებობს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სხვა ეკლესიებს თუ რელიგიურ გაერთიანებებს შორის, რაც უთანასწორობის გამოვლინებაა.

საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს წყლის ტარიფი რელიგიური გაერთიანებებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის.

საბჭომ რეკომენდაციების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი განათლების სისტემასთან დაკავშირებით წარმოადგინა:

“სახელმძღვანელოების გრიფირებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ სახელმძღვანელო ხელს უწყობდეს არასტერეოტიპული და მრავალმხრივი აზროვნების და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში, სხვა შემთხვევაში სახელმძღვანელოს გრიფი არ უნდა მიენიჭოს”, – განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.

რეკომენდაციების პაკეტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსწავლეები და სტუდენტები უნდა იღებდნენ ინტერკულტურულ განათლებას რელიგიის საკითხებზე, სკოლებში გარემო რელიგიური თვალსაზრისით ნეიტრალური უნდა იყოს, ხოლო დირექტორების ცოდნა მრავალფეროვნებისა და ინტერკულტურული განათლების თვალსაზრისით ტესტირების მეშვეობით უნდა მოწმდებოდეს. ამ კუთხით მასწავლებლების მომზადება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრმა უნდა უზრუნველყოს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგი თევზაძე რეკომენდაციებს მიესალმება, თუმცა თვლის რომ მათი განხორციელება დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული:

“არის ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვს დამატებით ფონდებს. თუკი დაგვეხმარებიან და ამ თანხების მოძიება მოხდება რატომაც არა”, – განაცხადა გიგი თევზაძემ.

ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი თვლის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც რეკომენდაციებშიც შევიდა სადაო ეკლესიებია:

“რელიგიური კუთხით კლიმატი უნდა გაუმჯობესდეს კულტურის სფეროში, სადაც არსებობს რელიგიური საკუთრებების ჩამორთმევის ფაქტები რომლის დაბრუნებასაც დღემდე ვერ ახერხებენ უმცირესობები, ავარიულ მდგომარეობაშია სომხური ტაძრები, ზოგიერთი მეჩეთი და ა.შ. ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ ძალიან მუშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა რელიგიური გაერთიანებებისა და სახელმწიფო უწყებებისა”, – განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

სახალხო დამცველითან არსებული რელიგიათა საბჭო ასევე მიმართავს პროკურორს და მოუიწოდებს რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების სათანადოდ გამოძიებისკენ.

გარდა რეკომენდაციებისა ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო შეთავაზებები მედიისადმი:

“ ეს არ არის რეკომენდაციები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო დროს, განსაკუთრებით პრესაში ხშირია ქსენოფობიური გამონათქვამები და მოწოდებები. იმედია პრესა ჩვენს შეთავაზებებს გაითვალისწინებს”, – აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

რელიგიათა საბჭო თვლის, რომ მედიაში რელიგიური დისკრიმინაციის, ქსენოფობიის, სიძულვილის ენისა და შეუწყნარებლობის აკადემიური კვლევისა და მონიტორინგისთვის სახელმწიფომ თავისი ფონდებიდან გრანტი უნდა გამოყოს.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 2005 წლიდან არსებობს და 21 ეკლესიასა და რელიგიურ გაერთიანებას მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი