საზოგადოება

ზღვის წყლის ხარისხი ბათუმში ადლიის გამწმენდი ნაგებობის შემდეგ

18 ივნისი, 2012 • 3332
ზღვის წყლის ხარისხი ბათუმში ადლიის გამწმენდი ნაგებობის შემდეგ

ადლიის გამწმენდ ნაგებობას საკმაოდ ვრცელი ფართობი უკავია. ადგილზე სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს, ნებისმიერ დანადგართან მიახლოებისას კი, სადაც მექანიკური გაწმენდის პროცესი უკვე მიმდინარეობს, კანალიზაციის სუნი მძაფრდება. დათვალიერებისას გაწმენდის პროცედურას ადლიის გამწმენდი ნაგებობის მმართველი მარიკა გვიანიძე გვაცნობს. გამწმენდ ნაგებობაში ჩანადენი წყლები ამ დროისათვის ორი მილის საშუალებით შედის, დამონტაჟებულია კიდევ ერთი მილი, რომელსაც გონიოსა და ახალსოფლის საკანალიზაციო სისტემა უნდა მიუერთდეს, მისი ამუშავება აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება. 

 

პირველი პროცედურა შემოსული წყლის მყარი ნარჩენებისგან გაწმენდაა. მარიკა გვიანიძის განმარტებით, ეს იმისათვისაა საჭირო, რომ შემდეგ სხვა განყოფილებაში გადასულმა წყალმა ტუმბოების გაჭედვა არ გამიოწვიოს. გამცხრილავი სისტემები წყლის დონის მიხედვით მუშაობენ, ამავე განყოფილებაში დამონტაჟებულია სენსორი, რომელიც წყლის დონეს განსაზღვრავს. როცა სენსორზე წყლის დონე იმატებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ წყალი ნარჩენებისგან თითქმის გაცხრილულია, რის შემდეგაც დანადგარს ნარჩენები სპეციალურ განყოფილებაში გადააქვს, სადაც მას პრესავს და რეცხავს. გარეცხილი წყალი კი ისევ შემომავალ წყალში ბრუნდება.  


პირველი გაცხრილვის შემდეგ ჩანადენი წყალი მეორე ავზში გადადის, სადაც წყალში ქვიშისა და ცხიმის დაჭერას აწარმოებან, ამ პროცედურისთვის სულ ოთხი ავზია გათვალისწინებული. ქვიშის დამჭერ ავზში დამონტაჟებულია აირაციის სისტემა, რომელიც ქვიშას დალექვას აიძულებს. ცხიმი კი სპეციალურად დამონტაჟებულ ფირფიტებს შორის, გვერდით ავზში გადადის და იქ გროვდება. მექანიკური გაწმენდა მიმდინარეობს ასევე ანაერობულ ავზებში.  


მექანიკურად გაწმენდილი წყლის შემდგომი, ბიოლოგიურად გაწმენდის დანადგარი ჯერჯერობით ექსპლუატაციაში არ შესულა, მის ამუშავებას აგვისტოს ბოლოსთვის გეგმავენ. მარიკა გვიანიძის განმარტებით, მხოლოდ მექანიკური გაწმენდით წყალი 50 პროცენტამდე სუფთავდება, რასაც ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე უარყოფს, მისი განმარტებით, მთავარი სწორედ ბიოლოგიური გაწმენდაა და მექანიკური გაწმენდით მხოლო 20 პროცენტამდე გასუფთავებაა შესაძლებელი.


წლევანდელ საკურორტო სეზონზე ნაწილობრივ ამუშავებული ადლიის გამწმენდი ნაგებობა რომ აჭარის სანაპიროს გასუფთავების თვალსაზრისით დიდ ცვლილებას ვერ მოუტანს, პროექტის კოორდინატორი, ბათუმის საკრებულის წევრი ზაურ ფატლაძეც ადასტურებს. მისივე თქმით, სრული დატვირთვით ადლიის გამწმენდი ნაგებობა მხოლოდ 2017 წლისთვის შეძლებს ამუშავებას და სასურველი შედეგების მიღებას სწორედ ამ დროისთვის უნდა ველოდოთ:


„ამისათვის მთლიანად უნდა იყოს მოწესრიგებული საკანალიზაციო მეურნეობა, წყლები უნდა იკრიბებოდეს კანალიზაციაში, შემდეგ თავი უნდა მოიყაროს გამწმენდ ნაგებობაში, იქ მოხდეს მისი გაწმენდა და ამის შემდეგ ჩაეშვას ზღვაში. ეს ერთ და ორ წელიწადში ვერ გაკეთდება და თანაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა სამუშაოს დიდი ნაწილი, რომელიც პროექტის მიხედვით ფაზებად იყო დაყოფილი, უკვე შესრულებულია.“

ამ ეტაპზე არ ხდება გოროდოკის, ბონის, ბენზე-ბარცხანას საკანალიზაციო სიტემაში ჩანადენი წყლების გაწმენდა. ამ უბნებში საკანალიზაციო სისტემა რეაბილიტირებული არ არის, შესაბამისად, მისი მიერთება გამწმენდ ნაგებობაზე ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ უბნებიდან ჩანადენი წყალი ზღვაში ისევ ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე ჩაედინება, იგივე მდგომარეობაა ქობულეთის სანაპიროზეც. გარემოსდამცველები ტურისტებს სარფის, გონიოსა და მწვანე კონცხის სანაპიროზე ბანაობას ურჩევენ, მათი ინფორმაციით, იქ წყალი ნაკლებად დაბინძურებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი