საზოგადოება

ბავშთა სახლების პრობლემები სახალხო დამცველის აპარატის კვლევაში

26 აპრილი, 2012 • 1434
ბავშთა სახლების პრობლემები სახალხო დამცველის აპარატის კვლევაში

2012 წლის 25 აპრილს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა  ბავშვთა სახლებზე მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევა 2011 წლის მონაცემებს ასახავს. მონიტორინგის ფარგელებში მთელი წლის მანძილზე დაკვირვება 13 დიდი ზომის ბავშვთა სახლსა და 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლზე მიმდინარეობდა. დაკვირვების ფარგლებში პრევენციულმა ჯგუფმა შეამოწმა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვების უფლებების დაცვის ხარისხი.

გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მრავალმხრივი დარღვევისა, წინა წლებთან შედარებით, ბავშთა სახლებში ბავშვთა უფლებები შედარებით უკეთაა დაცული.

დარღვევების კუთხით, სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის კვლევაში მოყვანილია პრობლემების მთელი რიგი, რომელიც გამოსწორებასა და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.

ბავშვთა სახლებში პრობლემური აღმოჩნდა ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, ასევე ბავშვების ფიზიკური და ემოციური ძალადობის უგულვებელყოფის სერიოზული ფაქტები აღმზრდელების მხრიდან. როგორც სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის ანგარიშშია ნათქვამი, რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო გახდა მოძალადე ზედამხედველისა და აღსაზრდელის ერთმანეთისაგან დაუყოვნებელი დაცილება.

დაკვირვების პერიოდში ბავშვთა სახლებში აღმოაჩინეს  მომვლელების მხრიდან ბავშვების წკეპლით ცემისა და ბოთლის ჩარტყმის, კუთხეში დაყენების, ახალი ტანსაცმლის ჩამორთმევის, შეჯანჯღარებისა და თავში ბეჭდის ჩარტყმის ძალადობრივი ფაქტები. ასევე, დიდი ზომის ბავშვთა სახლებში ხშირი იყო პერსონალის ზეწოლა ბავშვებზე მათი უფლებადამცველებთან ურთიერთობის გამოც.

საჯარო სკოლებში მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვებთან სახალხო დამცველის პრევენციული მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა ბავშვის ღირსების შემლახველი მოპყრობა, რიგ შემთხვევებში, ფიზიკური ძალადობის ფაქტები, როგორიცაა ჯოხით, სკამის საზურგით, წკეპლით ცემა.

სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის მონიტორინგის ფოკუსში მოხვდნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვებიც. ზოგიერთ შემთვევაში, სავარაუდო ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშები ამორიცხული იყვნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან სამედიცინო და სოციალური დახმარების გაწევის გარეშე. უფლებადამცველებისათვის ამ დროისთვისაც უცნობია ამ ბავშვების ადგილმდებარეობა.

სახალხო დამცველის პრევენციულმა ჯგუფმა დაკვირვების პერიოდში გამოავლინა უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვის მიერ საკუთარი თითის ნაჯახით მოკვეთის ფაქტიც.

პრევენციული ჯგუფის ყურადღება მიიქცია ბავშვთა არასათანადო გარემოში გადაყვანის ფაქტებმაც – ხშირად მოზარდები ცივ, ურემონტო, ცხოვრებისათვის შეუსაბამო სახლებში იყვნენ გადაყვანილი. ბავშვთა სახლებში აღმოჩენილი იყო: ბავშვთა მოუწესრიგებელი სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე გამოიკვეთა მოზარდდათვის არაჯეროვანი სამედიცინო დახმარების გაწევის ფაქტებიც. ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარებისა და ამ პროცესისათვის არასათანადო მომზადების გამო, ბავშვები ხშირად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებდნენ.

სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის ანგარიშში მოხვდა საპატრიარქოს მიერ გახსნილი ბავშვთა სამი თავშესაფარიც, რომელშიც 300 ბავშვია განთავსებული. ანგარიშის მიხედვით, საპატრიარქოს ბავშვთა თავშესაფრებში სახელმწიფო არ ახორციელებს ბავშვთა უფლებრივ მონიტორინგს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ანაგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული სახელწიფოს ვალდებულებაზე, აკონტროლოს მოზარდების არასაზოგადოებრივი ქცევა – მათხოვრობა, რისი კონტროლიც, არასწორი მენეჯმენტის გამო ვერ ხორციელდება.

სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით, არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ფლობდა ინფორმაციას მშობლების მზურნველობას მოკლებული რამდენიმე ასეული ბავშვის შესახებ, შესაბამისად, ვერ ახდენდა მათ მონიტორინგს.

მასალების გადაბეჭდვის წესი