“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების მრავალმხრივ პრობლემებს ეხება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების (შემოკლებით ლბტ) პრობლემებზე: დისკრიმინაცია სამართალდამცავების მხრიდან, პრობლემები პენიტენციალურ სისტემაში, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დისკრიმინაცია, ასევე, პრობლემები შვილის აყვანის დროს.
ჩრდილოვანი ანგარიში ამბობს, რომ საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არასებობის გამო ლბტ ჯგუფის ქალები, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დისკრიმინაციის შემთხვევაში, ხშირად ვერ მიმართავენ სამართალდამცავებს. სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართვის დროს კი ხშირია პატრულის მხრიდან ლბტ ჯგუფის ადამიანების მიმართ მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, ცინიკური დამოკიდებულება ლბტ ჯგუფის წევრების და ლესბოსელი წყვილების მიმართ.
“ჩრდილოვანი ანგარიშის” კვლევისათვის მიცემულ ინტერვიუში ლბტ ჯგუფის ადამიანები ხშირად საუბრობენ იმ პრობლემაზე, რომელიც მათ და მათ პარტნიორებს საპატრულო პოლიციასთან ექმნებათ. მაკა, რომელსაც “ჩრდილოვანი ანგარიშის” მკვლევარები ესაუბრნენ, იხსენებს ინციდენტს, როცა ის და მისი მეგობარი სექსუალური ორიენტაციის გამო პატრულის მხრიდან დაცინვის ობიექტები გახდნენ.
“მაშინ მეგობარ გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი. ნასვამები ვიყავით და სერიოზული კონფლიქტი მოგვივიდა. მეზობლებმა პატრული გამოიძახეს. პატრული რომ მოვიდა და დაგვინახეს, რა მდგომარეობაში ვიყავით – თან ჩემი მეგობარი გოგო ზუსტად ისე „საეჭვოდ” გამოიყურებოდა, რომ შეიძლება დაგეშვა, რომ სხვა ორიენტაციის არის – პატრული მოუტრიალდა და მეზობლებს უთხრა ძალიან ცინიკურად, რომ საქმე ოჯახურ კონფლიქტთან გვაქვს, რომელშიც ჯობია არ ჩავერიოთო და სიცილი დაიწყეს… ძაალინ აგვიგდეს, რა… ჩვენ არც გვჭირდებოდა იმ სიტუაციაში პატრულის ჩარევა… გვეკითხებოდნენ, კაცი და ქალი რომელი ხართო? იქნებ კაცს ველაპრაკოთო?” – განმარტავს ლბტ ჯგუფის წამომადგებელი, მაკა, რომელიც სახელის და გვარის დასახელებას ერიდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით “ჩრდილოვან ანგარიშში” მოხსენიებულია “ქალთა ფონდ საქართველოში” გამართული დისკუსიაც, სადაც დისკუსიის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის წამომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებსაც ლბტ ჯგუფის წევრები პატრულთან ურთიერთობისას აწყდებიან. მათი განამრტებით, აუცილებელია მუშაობა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთან, რათა მოხდეს მათი ცნობიერების ამაღლება.
“ასეთი მუშაობა საჭიროა, რათა ამ ადამიანებმა იმოქმედონ პროფესიონალურად და არა მათი პირადი მოსაზრებებით ჰომოსექსუალობის შესახებ, რაც ხშირად საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გავლენითაა ნაკარნახევი,” – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
ანგარიშში მოყვანილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის კომენტარები. გოცირიძე აცხადებს, რომ „პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი ასევე ხშირად ხდებიან სექსმუშაკები, მათ შორის ლბტ სექსმუშაკებიც. ვინაიდან პროსტიტუცია საქართველოში კანონით აკრძალულია და მსგავსი ქმედება ექვემდებარება ადმინისტრაციულ სასჯელს (ჯარიმა), ისინი ერიდებიან მსგავსი ფაქტების გასაჩივრებას. შესაბამისად, ასეთი საქმეები არსად ფიქსირდება, მოძალადე პოლიციელი კი დაუსჯელი რჩება”.
“ჩრდილოვან ანგარიშზე” დაყრდნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა პენიტენციალურ სისტემაში მყოფი ლბტ ქალებს აქვთ. მათ შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ისინი არც სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში არიან ნახსენები, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის ფარგლებში შექმნილი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქცია აკისრია; სახალხო დამცველს ეკისრება პენიტენციალური სისტებაზე მონიტორინგის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილებაც, მიუხედავად ამისა, ლბტ ჯგუფის ადამიანები 2011 წლის წლიურ მოხსენებაში ნახსენები არ ყოფილან.
“საზოგადოება მიტოვებს მხოლოდ ორ არჩევანს – ან კესოსავით საკუთარი ქამინაუთის ტყვე უნდა ვიყო და ერთადერთი იარლიყი – “სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი” მქონდეს მოკერებული, ანდა არ გამაჩნდეს ინდივიდუალიზმი და პირადი ცხოვრება შევწირო სხვა ადამიანების პურიტანულ წარმოდგენებს ზნეობასა და მორალზე!” – ამბობს 19 წლის ანა ჩრდოლოვანი ანგარიშის ავტორებისათვის მიცემულ ინტერვიუში. იგი იძულებულია, დამალოს მისი სექსუალური ორიენტაცია, რადგან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და ოჯახთან მოსალოდნელი პრობლემების ეშინია. ანას ეშინია, რომ მარტო, საზოგადოებისაგან გარიყული დარჩება.
შექმნილი სტერეოტიპების, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ლბტ ჯგუფის ადამიანები შინაგანი ჰომოფობიის მსხვერპლნი ხდებიან – წერია ანგარიშში.
“ეს არის შემთხვევა, როცა ჰომოფობიას ადამიანი საკუთარი თავისკენ მიმართავს” – განმარტავს ფსიქოლოგი ლელა კურდღელაშვილი. მისი თქმით, საკუთარი თავისადმი მიმართული ჰომოფიბიის მიზეზი კი საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებია.
“აქ საზოგადოება არაფერ შუაშია! საქმე მხოლოდ ჩემს პიროვნულ შეხედულებებშია – ცხოვრებაში ამდენი დილემის წინაშე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სექსუალობის შეცნობით გამოწვეული დავიდარაბის გამო აღმოვჩნდი. რა საჭიროა ხმამაღლა ვიყვირო, რომ ქალთან დაწოლა მსიამოვნებს? ვფიქრობ, რომ ეს ჟესტი თავხედობა და უპატივცემულობაა არა მხოლოდ გარეშე ადამიანების, არამედ საკუთარი თავისაც! სულაც არ ვგრძნობ თავს მსხვერპლად, რადგან პრობლემა ჩემშია“ – განმარტავს ანა კვლევაში.
აღნიშნულ საკითხზე ჩრდილოვან ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სახალხო დაცველის წარმოამდგენელიც. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს გამოვლენილი ნება, რათა მოხდეს ამ პრობლემის დაძლევა და საზოგადოების ცნობიერების გაფრთოება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების შესახებ.
ანგარიშშის მიხედვით, ერთ –ერთი მწვავე პრობლემა ლბტ ჯგუფის ადამიანებს ექიმებთან ჯანდაცვის კუთხით ექმნებათ. მათთვის არ არსებობს სპეციალური სამედიცინო პროგრამა, სამედიცინო დაწესებულებებში კი ისინი სტიგმისა და ჰომოფობიის მსხვერპლნი ხდებიან.
„გინეკოლოგთან ვიყავი კონსულტაციაზე. ჯერ ისედაც რა დამოკიდებულება აქვთ, ხომ იცით – გათხოვილი ხარ, თუ არა, თუ გათხოვილი არ ხარ, რატომ ხარ გინეკოლოგთან… აი, აქედან რომ იწყებენ და ამ დროს ვეუბნები, რომ სექსოპათოლოგთან ვიყავი და მან მითხრა, რომ მგონი გოგოები მომწონსო. მაშინვე მითხრა, აღარ მიხვიდე იმასთან, ნაცნობი სექსოპათოლოგი მყავს, ნორმალური და იმასთან მიდიო. თქვენ წარმოიდგინეთ, პირდაპირ რომ მეთქვა, რომ ბისექსუალი ვარ… შეიძლება საერთოდ არც მივეღე”, – განმარტავს მაია ჩრდიოლოვანი ანგარიშის კვლევაში.
ანგარიში ასახავს იმასაც, რომ სახალხო დამცველის აპარატი ლბტ ჯგუფის წევრების აივ/შიდსთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისას ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო შექმნილი სამედიცინო პრობლემების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ჩრდილოვან ანგარიშში ნათქვამია, რომ ლბტ ადამიანები ხშირად ხდებიან იძულებითი მკურნალობის მსხვერპლნიც. უმეტესად მათ მშობლები აიძულებენ, ჩაიტარონ ფსიქოლოგიური მკურნალობა საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ლბტ პრობლემებზე მომუშავე ერთ–ერთი სექსოლოგი აღნიშნავს, რომ მშობლები იძულებითი მკურნალობისას არ ითვალიწინებენ შვილების სურვილს.
“ჩვენთან ძირითადად ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც უკვე გაცნობიერებული აქვთ თავიანთი სექსუალური იდენტობა და მიღებული აქვთ სქესის ქირურგიული გზით შეცვლის გადაწყვეტილება. ამ ბოლო 2-3 წელიწადში მქონდა შემთხვევა, როცა მშობელი დამიკავშირდა და შვილის განკურნებას მთხოვდა. შვილს კი სულ სხვა რამ სურს. აი, აქაც გვაქვს ძალიან რთული სიტუაცია” – ყვება სექსოლოგი ინტერვიუში.
კვლევაშივე ანალოგიურს ადასტურებს ფსიქოლოგიც: “ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ოჯახის წევრებს ეჭვი ჰქონდათ შვილის ორიენტაციაზე, რის გამოც უკრძალავდნენ სახლიდან გასვლას, ურთიერთობას მეგობართან. დღის განმავლობაში მუდმივად აკონტროლებდნენ და სულ სკანდალი ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. კეტავდნენ და საერთოდ არ უშვებდნენ გარეთ. ბოლოს და ბოლოს, სახლიდან გამოიქცა”.
“ლბტ ჯგუფის წევრებისთვის კიდევ ერთ, მწვავე პრობლემას ბავშვის შვილად აყვანა წარმოადგენს” – ნათქვამია “ჩრდილოვანი ანგარიშის” მოხსენებაში. აქვეა განმარტებული, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბავშვის შვილად აყვანის უფლება ეძლევათ მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ წყვილებს; ვინაიდან კანონი არ ცნობს ერთსქესიანთა ქორწინებას, ამიტომაც ლბტ წყვილებს არ შეუძლიათ შვილის აყვანა.
თუმცა კანონი შვილის აყვანის საშუალებას მარტოხელა დედებს აძლევს. თუ ლბტ წყვილთაგან ერთ–ერთი მარტოხელა დედის უფლებით ისარგებლებს, მაშინ მას საშუალება ექნება, ბავშვი აიყვანოს. თუმცა ამ შემთხვევაშც არსებობს გარკვეული შეზღუდვა: იმ შემთვევაში, თუ მარტოხელა დედას “მორალური და პირადი თვისებრივი” პრობლემები აქვს, მას მშობლის უფლება ეკრძალება.
კანონში დაკონკრეტებული არ არის, რა იგულისხმება “მორალური თვისებებში” და როგორია მათი შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან. ამ ბუნდოვანებამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს კანონის დისკრიმინაციული განმარტება, რაც ლბტ ჯგუფის ადამიანებს შვილის აყვანის შანსებს ძალიან შეუმცირებს.
ჩრდილოვან ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ დისკრიმინაცია ლბტ ჯგუფის ადამიანების უფლებადამცველ ორგანიზაციებზეც ვრცელდება.
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” ჩრდილოვანი ანგარიში ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” და “ქალთა გლობალური ფონდის” დაფინანსებით მოამზადა.