21 აპრილს კრიშნაიდები კრიშნას სახეცვლილებას ზეიმობენ , როცა, მათი გაგებით, კრიშნა დედამიწას ჩაიტანია მაჰაპრაპუს სახით მოევლინა. ვაიშნავისტების, ანუ კრიშნაიდების გაგებით, კრიშნას ეს რეინკარნაცია ჭეშმარიტი სიყვარულის შეცნობის სურვილით აიხსნება.
როგორც ვაიშნუისტური რელიგიის მიმდევრები განმარტავენ, კრიშნას მრავლი რეინკარნაცია, ანუ სახეცვლილება აქვს. ვაიშნუისტური სწავლების თანახმად, ღმერთი კრიშნა უხსოვარ დროს გაიყო და მან საკუთარი თავისაგან შექმნა მხევალი ქალი ლათიკა, რომელიც მისი თანამეცხედრე უნდა გამხდარიყო. კრიშნამ მალევე აღმოაჩინა, რომ ლათიკას უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე თავად, ამიტომაც იმისათვის, რომ კრიშნას ლათიკას გრძნობების გაგება შეძლებოდა, დედამიწაზე სახეცვლილი, ჩაიტანია მაჰაპრაპუს სახით ჩამოვიდა და იმგვარი ჭეშმარიტი სიყვერულის ძიება დაიწყო, როგორიც ლათიკას ჰქონდა.
შაბათს თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელში თერთმეტიოდე მორწმუნე იყრის თავს – წრიულად არიან შეკრებილნი და ფეხმორთხმით სხედან იატაკზე. ყველა მათგანს ყელზე ხის მძივები უკეთია, შუბლზე კი ყვითელი ფერის ნიშანი აქვს მიხატული, ყელსაბამი წმინდა ხისგანაა გამოთლილი, რაც მორწმუნეებს ცოდვების შენდობაში ეხმარება.
რიტუალი ვედურ ენაზე შექმნილი სიმღერებითა და ლოცვებით მიმდინარეობს. შეკრებილებილთაგან უხუცესი ქალბატონი ნანდილი დოლის მსგავს ინსტრუმენტზე უკრავს. აქვეა პატარა კლავისინის მსგავსი საკრავიც, რომელიც რბილ და წვრილ ბგერებს გამოსცემს. მორწმუნენი ერთად მღერიან და ზეიმობენ. ყველა მათგანი ღმერთთა ქანდაკებების წინ იჩოქება, რითაც ფერად სამოსელში გამოწყობილ ღვთაებებს პატივს მიაგებს. ვაიშნავიზმის გაგებით, სიხარულის გამოხატვას ლოცვებში და სიმღერებში ერთ–ერთი მთავარი ადგილი უკავია.
ლოცვის შემდგომ ლექცია იწყება. ლექციას დღესასწულის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სახლის პატრონი ალეკო შუგლაძე კითხულობს. იმისათვის, რომ ზეიმის მიზეზი ყველასათვის გასაგები იყოს, იგი ჯერ თავად ვაიშნავიზმის იდეას განმარტავს და ხაზს უსვამს იმ მთავარ განმასვხვავებელ ნიშნებს, რაც ვაიშნაიზმს სხვა რელიგიებისაგან გამოყოფს.
“ვაიშნავიზმი სხვა რელიგიებისაგან იმით განსვავდება, რომ იგი ღმერთის პერსონიფიკაციას ახდენს. მაშინ, როცა ბუდიზმი, ქრისტიანობა და სხვა რელიგია ინტერპერსონალურია. ვაიშნავიზმი საშუალებას იძლევა, ღმერთი, ანუ კრიშნა ვიგულოთ, როგორც მეგობარი, ძმა, შვილი და შეყვარებულიც კი” – ამბობს ლექციის მოდერატორი ალეკო შუგლაძე. კრიშნაიდებთა ამ ჯგუფში რაიმე ტიპის იერარქია არ არსებობს, ამიტომაც ლექციის პროცესში ყველას შეუძლია, საკუთარი აზრი გამოთქვას, ან კორექტოვები შეიტანოს.
შეკრებილთაგან ყველა ყოფილი ქრისტიანია, ამიტომ ხშირად მოყავთ პარალელები ბიბლიიდან, საუბრობენ საერთო სიბრძნეზე. აქ ყველას სწამს, რომ ღმერთი ერთია. კრიშნაიდების გაგებით, ჭეშმარიტება მხოლოდ ვაიშნუისტურ რელიგიაშია, თუმცა არ უარყოფენ არც ალაჰს, არც იესოს და არც ბუდას. მათი რწმენით, იესოც, ალაჰიცა და ბუდაც კრიშნას რეინკარნაციებია, რომელიც ადამიანთა დასახმარებლად სხვადასხვა დროს დედამიწას მოევლინა.
ამ პატარა ჯგუფის წევრებს რწმენის გარდა საერთო სულიერი მოძღვარიც აერთიანებს, რომელთანაც ინდოეთში იმყოფებოდნენ. მათ წმინდა ადგილები მოილოცეს. ვაიშნავიზმამდეც ყველამ საერთო გზა გაიარა.
ჯერ კიდევ კომუნისტების დროს უმეტესობა ჩუმად ეცნობოდა მწირ ვაიშნავისტურ ლიტერატურას, რომელიც ძალიან რთულად იშოვებოდა საქართველოში.
ბევრი მათგანი ამბობს, რომ დევნის მსხვერპლიც გამხდარა სამღდელოების მხრიდანა, რომლებიც რელიგიურ ლიტერატურას ანადგურებდნენ და სხვა რელიგიების საწინაღმდეგო ქადაგეგებს ავრცელებდნენ. თუმცა მორწმუნენი ყველაზე დიდ წინააღმდეგობას მაინც საკუთარ ოჯახებისა და მეგობრებში აწყდებოდნენ.
“ამბობდნენ, რომ ეს რელიგია ქართულ ტრადიციაში არ ზის. თუმცა ჩემი ოჯახი ყველა იმ ტრადიციას მისდევს, რასაც სხვა ქრისტიანები. აი, აღდგომას, მაგალითად, ჩვენც გავდივართ სასაფლაოზე გარდაცვლილების სულების მოსახსენიებლად, ჩვენც ვაცხობთ პასკას, ოღონდ კვერცხის გარეშე და ვილხენთ, როგორც დანარჩენები”,– ამბობს ვლადიმერ აბრამიანი.
ჯგუფში სულ რამდენიმე ახლაგაზრდაა. მათ შორისაა ალეკო შუგლაძის უფროსი შვილი სანდრო. როგორც ალეკო ამბობს, მართალია, შვილებს მისთვის სასურველი რწმენის მიღებას არ აიძულებს, მაგრამ შვილებისგან კატეგორიულად მოითხოვს იმ პრინციპის დაცვას, რომელიც ხორცის მიღებას კრძალავს.
“მე მინდა, ჩემმა შვილმა თვითონ იპოვს თავისი გზა, ყველაფერი ნახოს და რწმენით მოვიდეს ვაიშნავისტურ აღმსარებლობამდე. ამას გარდა, მისთვის, როგორც მოზარდისათვის, ძნელია ყოველა წესის დაცვა, ხშირად მეგობრები იკრიბებიან, სასმელს სვამენ, ყოველთვის უარს ვერ იტყვის ამაზე. მე ჩემი სამეგობრო ისე მყავს შემოკრებილი, რომ ყველამ იცის ის წესი, რითაც მე ვცხოვრობ, თუმცა მოზარდისათვის ეს რთულია” – ამბობს ალეკო შუგლაძე.
ალეკო შუგლაძის მეუღლე ლიკა წიკლაური ქმრის გაცნობამდე არ ყოფილა ვაიშნავისტი, თუმცა დღეს ჯგუფის მთავარი მგალობელია და ლექციის დროს მეუღლეს ხშირად შენიშვნებსაც აძლევს.
ლექცია სრულდება და კრიშნაიდული ტრადიციის თანახმად, საკვების მიღების დრო დგება. კრიშნაიდები ვეგეტარიანელები არიან და მხოლოდ ბალახეულ საკვებს იღებენ. ესეც რელიგიური კანონიდან გამომდინარეობს, მათ სწამთ, რომ გარდაცვალების შემდგომ სული, ანუ კარმა ახალ ფორმას ეძებს, რომელშიც ჩასახლდება და კვლავინდებურად დედამიწას მოევლინება. ამ გაგებით შეიძლება გარდაცვლილი ადამიანი ნებისიერ ცხოველის სახით მოევლინოს. ამიტომ, როცა ძროხის, ქათმის ან თევზის მოკვლა კრიშნაიდებისთვის თითქმის ადამიანის მოკვლის ტოლფასია.
ვეგეტარიანული საკვები უხვადაა და თანაბრად ნაწილდება. საკვებს იატაკზე, დანა–ჩანგლისა და კოვზის, ყველანაირი ატრიბუტის გარეშე, ხელით ჭამენ.
ჭამას მწუხრის ხანმოკლე ლოცვა მოსდევს, რის შემდგომაც შეკრებილები დაშლას იწყებენ. დღესასწაულიც მთავრდება და ინდურ ყაიდაზე გამომშვიდობების მერე შეკრებილები ისევ ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდებიან.