საზოგადოება

საქართველო და ეკოლოგიური რისკების პრევენცია

19 აპრილი, 2012 •
საქართველო და ეკოლოგიური რისკების პრევენცია

ეკოლოგიური რისკების კვლევის შეფასებისა და თავიდან აცილების სფეროში დანერგილი ახალი ტექნოლოგიების შესახებ  დღეს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის გარემოს დაცვის ორგანიზაციათა ქსელის (CENN) და ტვენტეს უნივერსიტეტის გეოინფორმაციული მეცნიერებისა და დედამიწის შემსწავლელი ფაკულტეტიის (ITC) ერთობლივი  საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების ატლასის პრეზენტაცია ჩატარდა.  ატლასი თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების საფუძველზე მომზადდა. კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა წარმოადგინეს კატასტროფების რისკების მართვისა და რისკების შეფასების აპრობირებული და ინოვაციური მიდგომები.

CENN-მა და ტვენის უნივერსიტეტის გეოინფორმაციული მეცნიერებისა და დედამიწის შესწავლის ფაკულტეტმა (ITC) ერთობლივი პროექტი განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკოლოგიური კატასტროფების– გეოლოგიური, ბიოლოგიური, ჰიდროლოგიური და ტექნოლოგიური რისკების მართვისა და პრევენციის მეთოდები შემუშავდა.

“ქართულ მხარეს ამ პროექტის ფარგლებში ტვენის უნივერსიტეტში  ეკოლოგიური კატასტროფების პროცესებზე არსებული ინფორმაციის შეგროვება და დამუშავების ახალი მეთოდები გაუზიარეს. პროექტის ფარგლებში ასევე განხილული იქნა საქართველოს ეკოლოგიური საფრთხეები და მათი მოგვარების საკითხები,”- აცხადებს CENN-ის წარმომადგენელი კახა ბახტაძე.

“მნიშვნელოვანია, რისკების კვლევა და მათი პრევენცია, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ კვლევა ეკოლოგიური კატასტროფებით მიყენებულ ზიანს შეამცირებს. ხშირად ეს გაფრთხილებები არ არის ყურადღებული მთავრობის მხრიდან. თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ასეა თითქმის ყველგან, რადგან შეზღუდული რაოდენობის ფინანსებია გამოყოფილი გარემოს დაცვისათვის,” – ამბობს ვენის უნივერსიტეტის მკვლევარი ტომას გლეიდი.

მკვლევარმა ასევე ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა სტიქიური უბედურებების ურთიერთკავშირზე და იმაზე, რომ სტიქიური უბდურებები გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. მიწისძვრები აძლიერებენ ღვარცოფებს, დიდთოვლობა ანადგურებს ხის საფარს, ხის საფარის არარსებობა აბინძურებს მდინარეებს და ვერ აკავებს ქვათა ცვენას, რაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო არსებობისათვის.

მკვლევარის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია სტიქიურ უბედურებებში გლობალური კლიმატის როლიც, თუმცა აქვე დასძენს, რომ ყველა სტიქიური უბედურების წყაროდ კლიმატის ცვლილების მიჩნევა დაუშვებელია.

“კლიმატის ცვლილებასთან ყველაფრის დაკავშირება არასწორია. კლიმატის ცვლილება მხოლოდ ერთი ნაწილია გლობალური პრობლემებისა. ამ პრობლემების არსებობაში დიდია ადამიანის ჩართულობა. ადამიანები ტექნოლოგიური ჩარევით უდიდეს გავლენას ვახდენთ დედამიწაზე,” – განაცხადა ტომას გელიდმა.

ადამიანების მხრიდან ტექნოლოგიურ ჩართულობასა და ზიანზე ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა, ITC-ის წარმომადგენელმა ჩეს ვან ვესტენმაც. მისი თქმით, ადამიანის მხრიდან ეკოლოგიურ პროცესებში ჩარევის შედეგია დედამიწის საფარის ცვლილება, თევზისა და ცხოველთა სახეობების გადაშენება.

პროექტის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა რისკების პრევენციაზე, რომელშიც უმთავრესი როლი უნდა მიენიჭოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას. ვესტენის თქმით, რისკების პრევენციისათვის შემუშავებული უნდა იქნას ადრეული შეტყობინების სისტემა, რაც სტიქიის დროს მოსახლეობის მსხვერპლის არიდების მთავარი ბერკეტია, ასევე, უნდა განვითარდეს კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფები, უნდა გაიზარდოს, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები, უნდა არსებობდეს ინფორმაცია კატასტროფების რისკის შესახებაც.

“საქართველოში მუშაობისას საკმაოდ გაჭირდა, კონკრეტულად, იმის დადგენა, თუ რამდენი შენობა და ადამიანი იმყოფება ეკოლოგიური კატასტროფების რისკის ქვეშ, არსებული ინფორმაცია, როგორც წესი, მოძველებული და გამოუსადეგარია,” – განაცხადა ჩეს ვან ვესტენმა.  

საკუთარ პრეზენტაციაში მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან რისკების შეფასებაზე, აღნიშნული რისკებისათვის საჭირო პრვენციულ ზომების გატარებასა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

უკანასკნელი წლების მანძილზე “მსოფლიო ბანკის”  ორი სხვადასხვა შეფასების მიხედვით, ბუნებრივი სტიქიური საფრთხეების წარმოქმნის სხვადასხვა ალბათობის (0.5%; 5%; 20%) გათვალისწინებით, მათ მიერ გამოწვეული შესაძლო წლიური ზარალი 146 მილიონი აშშ  დოლარიდან 3.3 მილიარდ აშშ დოლარამდეა შეფასებული. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1995-2011 წლებში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიური პროცესებით გამოწვეულმა ზარალმა 2,338.5 მილიონი ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი