საზოგადოება

ჩხავერის ახალი სიცოცხლე [Video]

17 აპრილი, 2012 •
ჩხავერის ახალი სიცოცხლე [Video]

ჩხავერი ძველი ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოში – აჭარა-გურიაში და აფხაზეთი-გუდაუთის მთიან რეგიონებში არის გავრცელებული. აჭარაში ჩხავერი ძირითადად ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხარობს. თითო-ოროლა ძირი ჩხავერი ბევრი ქედელის ოჯახშია, მაგრამ ვენახის მეპატრონეები თითზე ჩამოსათვლელია.

ჩხავერი, როგორც პრევენცია და სარგებელი

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივის (OECI) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტებს იწყებს. CENN -ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის თქმით, ქედაში დაგეგმილია  ეროზირებულ ფერდობებზე ჩხავერის ჯიშის ვაზის გაშენება. მისივე თქმით, ეს ინიციატივა ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენციის გარდა ადგილობრივი მოსახლეობის  შემოსავლების ზრდასაც ითვალისწინებს.  

„ჩხავერის ნერგი დაირგვება ეროზირებულ ნიადაგზე. მიზანი არის ის, რომ  ერთწლიანი კულტურები უნდა შეიცვალოს მრავალწლიანი კულტურებით. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ვაზთან. სპეციალისტების რეკომენდაციებით, საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ. აპრილიდან დავიწყებთ სამუშაოებს. პირველ რიგში უნდა შეირჩეს ნერგი და მერე ადგილის იდენტიფიცირება -სად უნდა დავრგოთ. მოსახლეობისთვის შესათავაზებელი პროექტიც მზადდება. იმედი გვაქვს, რომ კონტრიბუციით მოსახლეობაც შემოვა პროექტში,“ –  ამბობს რეზო გეთიაშვილი.  

დანდალოში მცხოვრები მერაბ ხალვაში, რომელსაც  29 ძირი ჩხავერი აქვს, ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს.
„46  წლის კაცი ვარ და ყურძენს ეროზია შეეჩერებინოს, ასეთი რამ პრაქტიკაში არ არსებობს. ეროზირებულ ნიადაგზე შეიძლება აკაციის და სხვადასხვა ჯიშის ხის დარგვა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ყურძენის. ჩვენს პირობებში მაგი ეროზიას არ აჩერებს. მაგ არის აბსურდი“, – ამბობს ხალვაში.

მერაბ ხალვაშმა ჩხავერი 2002 წელს  გააშენა.  როგორც თვითონ ამბობს, 50 ძირი ჩაყარა, აქედან კი მხოლოდ 29 ძირმა გაიხარა. მოსავალს  ჯერჯერობით 22 ძირიდან იღებს. მისი მაღლარი ვენახი სახლთან ახლოს, ბაღშია გაშენებული.  

„ყოველწლიურად იზრდება მოსავალი. შარშან 22 ძირზე 782 კილოგრამი ყურძენი დავკრიფე. აჭარულ ღვინის სახლში  ჩავაბარე კილო 4 ლარად. წელს ალბათ ყველა მოისხამს და უფრო მეტ მოსავალს მივიღებ.“ – ამბობს მერაბ ხალვაში. მას მეურნეობის გაფართოება სურს, თუმცა ამისათვის საჭირო ფინანსები ჯერ არ აქვს.

„კარგი იქნებოდა, რამე გრანტის ან კიდევ მრავალწლიანი, მაგალითად, 5-წლიანი სესხის სახით ყოფილიყო დახმარება. ამით საშუალება მექნებოდა, სანერგე გამეკეთებინა და მე თვითონ გამომეყვანა ნერგები. მერე ამ ნერგებს ქედის და შუახევის რაიონის მოსახლეობას, ვისაც სურვილი ექნებოდა, უფასოდ დავურიგებდი.  მასიურად თუ დარგავს მოსახლეობა ყურძნის ამ სახეობას, კარგი იქნება. ამით ცალკეული ოჯახების შემოსავალი გაიზრდება,“ _ ამბობს მერაბ ხალვაში.

ჩხავერის ახალი სიცოცხლე


ჩხავერი ტექნიკური ჯიშის ვაზია. მისი ნერგის გამოყვანა დღეისათვის ძირითადად ბუნებრივ პირობებში დაკალმვით, დამყნობით ხდება. სოფელ დანდალოში მცხოვრებმა ძნელაძეების ოჯახმა სანერგე მეურნეობა საკუთარი ფინანსებით გააკეთა და ისინი ახლა 50 ათასი ძირი ჩხავერის ნერგის გამოყვანას აპირებენ.  

„ჩვენი რელიეფი ამფერია, ჩხავერი ხარობს კარგად. კარგა ხანია სათბური მაქვს, მაგრამ ახლა გადავწყვიტე,  ჩხავერის და ცოლიკაურის ნერგი გამოვიყვანო. 50 ათას ძირს ვრგავ. უნდა გავაშენო, მე მგონი, გაამართლებს,“ – ამბობს დანდალოელი  მოედინ ძნელაძე. მეურნეობის აწყობაში მისი ოჯახი მთლიანადაა ჩართული. მეუღლეს საქმიანობაში მარო ძნელაძეც ეხმარება.

„ეს არის კვირტი, ეგი არის მწარე ძირი. ამ  ძირში უნდა ჩადო ეს კვირტი და კარგად უნდა გადაახვიო,“ – მარო ძნელაძე უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის, ჩხავერის მყნობის პროცესსზე გვიამბობს და სანამყენე კვირტს საძირეზე „სკოჩით“  ოსტატურად ახვევს.

ბუნებრივი პირობების გარდა,  ჩხავერის ინ ვიტრო მეთოდით ანუ სინჯარაში გამოყვანის მცდელობა იყო. ბათუმში, სუბტროპიკული კულტურების შენახვა-გადამუშავების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყეს მოსინჯვითი სამუშაოები ჩხავერის ინ ვიტრო კულტურაში გასამრავლებლად. შოთა რუსთაველის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი სოფიკო მანჯგალაძე, რომელმაც აღნიშნული სამუშაოები  შეასრულა, ინ ვიტრო მეთოდის მნიშვნელობაზე საუბრობს: „ამ გზით მიღებული მცენარეები ვირუსული დაავადებებისაგან თავისუფალია, მაღალია სიცოცხლისუნარიანობა  და გამრავლების კოეფიციენტი და ყველა მიღებული სანამყენე მასალა გამორჩეული ნიშან-თვისებების მატარებელია. ახალი მეთოდების დანერგვა და სხვადასხვა კვლევის ჩატარება გვაძლევს ბევრ საშუალებას იმისა, რომ გავამრავლოთ ისეთი მცენარეები, რომელთა რესურსი ნაკლებია ბუნებაში, გამორჩეული ნიშან-თვისებები ახასიათებთ, ან უნიკალური გენოტიპების მქონეა (ბევრი წითელ წიგნშია, ბევრი გადაშენების პირას არის). ჩხავერის გამრავლება ინ ვიტრო  მეთოდით შესაძლებელია.  გამოყვანილი გვქონდა მცენარეები, მაგრამ ბევრი სამუშაოა კიდევ ჩასატარებელი, რათა შემდეგ მოხდეს ამ გზით მიღებული მცენარეების რეაბილიტაცია ბუნებაში,“ – ამბობს სოფიკო მანჯგალაძე.

ღვინო მწიფე ატმისა და ვარდის არომატით

მსუბუქი, ჰარმონიული, ეგზოტიკური; დაუვიწყარი გემო და სურნელი, მწიფე ატმის, ატმის ჩირის, ცოტაოდენი ვარდისა და ხილის ყვავილების არომატით; ეფექტური ფერი და რეკორდული ფასი ქართულ ბაზარზე – ასე ახასიათებენ დეგუსტატორები ჩხავერს,  ქართულ ღვინოებს შორის ერთ-ერთ ძვირადღირებულ და ეგზოტიკურ ღვინოს.

„ჩხავერისაგან მიიღება როგორც მაღალხარისხიანი სუფრის ღვინო, ისე საშამპანურე მასალაც. ეს ჯიში პერსპექტიულია სასუფრე ვაზის ჯიშადაც, რადგან მისი ყურძენი დიდხანს ინახება და არის ტრანსპორტაბელური. ჩხავერი საგვიანო ჯიშია და მისი მოსავალი იკრიფება ნოემბრის შუა რიცხვებში. ქართულ ენაში სიტყვა „ჩხა“ ეწოდება ვაზზე აჭრილ რამდენიმემტევნიან რქას, გარკვეული დროით შესანახად. ვინაიდან ჩხავერის ყურძენი ძალიან კარგად ინახება გაზაფხულამდეც კი და მოსახლეობა მის ყურძენს სწორედ ჩხებად აჭრილს ინახავდა ზამთრისათვის, შესაძლოა ამ ჯიშმა სახელწოდება სწორედ აქედან მიიღო. ახლო წარსულში ჩხავერი მაღლარის სახით საკმაოდ ბევრი გვხვდებოდა შუა აჭარაში, კერძოდ, ქედის რაიონის სოფლებში. ამ ადგილებში ჩხავერის მოსავალი საკმაოდ კარგი იყო და ერთი ძირი ვაზი, რომელიც ხეზე იყო აშვებული, იძლეოდა 100-150 კილოგრამ ყურძენს. მრავალწლიანი დაკვირვება ადასტურებს, რომ ჩხავერი მოითხოვს ამაღლებულ ფორმირებას, ანუ მაღლარად გაშენებას. ამგვარად ფორმირებული ვაზი იძლევა როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად მაღალ მოსავალს,“ –  ამბობს მევენახეობა-მეღვინეობის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი.

ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია კი ჩხავერის განსაკუთრებულ თვისებებზე საუბრობს: „ჩხავერიდან განსაკუთრებული გემური თვისებების ღვინო დგება. ესაა ძალიან ცოცხალი, ხალისიანი, ღრმა ღვინო, ხანდახან ეგზოტიკურიც, ხილის (მაგალითად, მწიფე ატამი) და წითელი კენკრის ტონებით. განსხვავდება ყველა სხვა ქართული ღვინისგან. ძვირფასია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან იშვიათია, არამედ იმიტომაც, რომ ძალზე გამორჩეულ პროდუქტს იძლევა გემური თვალსაზრისით. დაუვიწყარი სურნელი აქვს და დაუვიწყარი გემოც. ფერიც ძალიან ეფექტური აქვს, ხშირ შემთხვევაში ვარდისფერია ჩხავერი, თუმცა არსებობს ლალისფერი, ძოწისფერი, ქარვისფერი და ოქროსფერი ჩხავერიც, გააჩნია, რა მეთოდითაა ღვინო დაყენებული. დღესდღეობით ბაზარზე ორნაირი ჩხავერია გამოტანილი, პირველ რიგში, ეს არის კომპანია „იბერიელის“ ჩხავერი, რომელიც გურიის სოფლებში მოწეული ყურძნიდანაა დაყენებული. და კიდევ, „აჭარული ღვინის სახლის“ ჩხავერი.“

მასალების გადაბეჭდვის წესი