საზოგადოება

ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ

26 მარტი, 2012 •
ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ

მალე საქართველოშიც შესაძლებელი გახდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებზე ის ვაქცინები გამოყენონ, რომელიც კიბოს უჯრედებს გავრცელების საშუალებას აღარ მისცემს.

უჯრედული ტენოლოგიებისა და თერაპიის ცენტრი დაახლოებით ორ კვირაში შეძლებს მოემსახუროს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს და კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინით მათ სრულ გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს.

იმის მიუხედავად, რომ მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული ვაქცინა არ არის პანაცეა, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა, ამ დრომდე მიღებული შედეგები მათ იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ ვაქცინა ეფექტურია.

უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრის დირექტორი გიორგი ლოლაძე ამბობს, რომ ვაქცინა, კვლევის ფარგლებში, საქართველოში უკვე გამოიყენეს 10-15 პაციენტზე. შედეგები კი, მისივე თქმით, ეფექტური იყო – ინდივიდუალურად დამზადებული ვაქცინების საშუალებით კიბოთი დაავადებული პაციენტის იმუნური სისტემა გაძლიერდა და კიბოს საწინააღმდეგოდ იმოქმედა.

“იმუნური უჯრედები უკვე კიბოს უჯრედებში “არაკეთილმოსურნეს” ხედავენ და მათ განადგურებას იწყებენ,”- ამბობს ეკატერინე ბერიშვილი, სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

როგორ ანადგურებს კიბოს უჯრედებს აღნიშნული ვაქცინა, ამას უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრის დირექტორი, გიორგი ლოლაძე განმარტავს:

“ადამიანის იმუნური სისტემა ებრძვის უცხო სხეულებს, ინფექციებს, ვირუსებს, ბაქტერიებს, თუმცა კიბოს უჯრედებს, როგორც საკუთარს, ისე აღიქვამს და არ ებრძვის. ამიტომ ის ან ქირურგიული ჩარევით უნდა მოცილდეს ორგანიზმს, ან სხივური ან ქიმიოთერაპიით. ამ შემთხვევაში ვაქცინაცია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ წინასწარ ვიღებთ ადამიანის იმუნურ უჯრედებს და მასთან ერთად სინჯარაში ვზრდით ამავე ადამიანის კიბოს უჯრდებს. შეიძლება ითქვას, „ვგეშავთ“ მათ კიბოს წინააღმდეგ. შემდეგ ისევ ხდება მათი განცალკევება და ვაბრუნებთ უკან ორგანიზმში, სადაც იმუნური სისტემა კიბოს უკვე უცხოდ აღიქვამს. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი უკვე საკუთარი ძალებით ებრძვის კიბოს და ოპერაციის შემდეგ დარჩენილ კიბოს უჯრედებს გავრცელების საშუალებას აღარ აძლევს,”-ამბობს ლოლაძე.

ლოლაძის თქმით, ასეთი მეთოდით მკურნალობის ეფექტურობა განსაკუთრებით მაღალია მელანომების მკურნალობისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევებში.

ამ მეთოდის გამოყენებით კიბოს უკვე მკურნალობენ აშშ-ში, საფრანგეთში, იაპონიაში.

2011 წელს გამოცემებმა Science Translational Medicine და New England Journal of Medicine გამოაქვეყნეს სტატიები, რომლებშიც მოთხრობილია იმის შესახებ, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტთან არსებულ კლინიკებში ახალი ვაქცინების საშუალებით ორი პაციენტი ლეიკემიისგან სრულიად განიკურნა.

იმის გამო, რომ საქართველოში, კვლევის ფარგლებში, აღნიშნული მეთოდის გამოყენებისთვის საფასური არც ერთ პაციენტს არ გადაუხდია, ჯერჯერობით უცნობია ღირებულება, რა დაუჯდება პაციენტს ამ მეთოდით მკურნალობა, თუმცა, ლოლაძის თქმით, ეს თანხა დაახლოებით 3-4 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი