საზოგადოება

ჰომოსექსუალობის “პროპაგანდის” აკრძალვა, ჰომოფობია და დემოკრატია

23 მარტი, 2012 •
ჰომოსექსუალობის “პროპაგანდის” აკრძალვა, ჰომოფობია და დემოკრატია

გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი მიიჩნევს, რომ ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვისკენ მოწოდება აძლიერებს ჰომოფობიას და არის უკანგადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მას ამ საკითხზე კომენტარისთვის  “ნეტგაზეთმა” მას შემდეგ მიმართა, რაც უფლებადაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ  “ჰომოსექსუალობის პროპაგანდა” უნდა აიკრძალოს.

დისკუსია ნანა კაკაბაძის, ორგანიზაციის “პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”  ხელმძღვანელის შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომლის მიხედვითაც ნანა კაკაბაძე ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციის მომხრეა.

ჰომოსექსუალობა ისჯებოდა საბჭოთა კავშირში და ნაცისტურ გერმანიაში. საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო პოსტსაბჭოტა ქვეყნებიდან, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჰომოსექსუალობის დეკრიმინილიზაცია მოახდინა.

შესაბამისად, ნეტგაზეთი დაინტერესდა, მართლაც განაცხადა თუ არა ნანა კაკაბაძემ, რომ ჰომოსექსუალობა უნდა ისჯებოდეს.

ორგანიზაცია “პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, იურისტი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ  ”ასავალ-დასავალმა” მისი განცხადება განსხვავებული ინტერპრეტაციით გამოაქვეყნა, თუმცა გაზეთთან ამ საკითხის გარკვევას არ აპირებს. ”ასავალ-დასავალი” კი ამტკიცებს, რომ ზუსტად ის გამოაქვეყნა, რაც ნანა კაკაბაძემ თქვა და გაზეთში გაუგებრობის მიზეზს ვერ ხვდებიან.

გამოქვეყნებულ სტატიაში ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი მეგი საჯაია ნანა კაკაბაძეს ეკითხება: ”რას ითვალისიწნებდა საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლი და მომხრე ხართ თუ არა, რომ აღნიშნული მუხლი კვლავ აღდგეს?”

ნანა კაკაბაძემ უპასუხა: ”ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ამ მუხლში გარკვეული უზუსტობები არსებობდა, თუმცა მისასალმებელი იყო, რომ კანონი კრძალავდა მამათმავლობის აგიტაცია-პროპაგანდას.  ამავე დროს, არსებობდა სასჯელები, ადამიანებს აპატიმრებდნენ. ალბათ, არასწორია ციხეში ჩასვა ადამიანი თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო, მაგრამ ნამდვილად დანაშაულია, როცა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ხმამაღლა საუბრის საშუალებას აძლევ მამათმავალს და ამის პროპაგანდას ეწევი. პირადად მე მომხრე ვარ, რომ ქართულ კანონმდებლობაში აღდგეს 121-ე მუხლი. საქართველოს ხელისუფლებას გარყვნილების პროპაგანდის საშუალება არ უნდა მივცეთ.”

ამ თემაზე დაწყებულ დისკუსიას ნანა კაკაბაძე დღეს, 23 მარტს უკვე მეორედ გამოემხმაურა სპეციალური განცხადებით.

”ჩემო მოდას აყოლილო “კოლეგებო”! სანამ რაღაც “იზმების” მიმდევრობას დაიბრალებდეთ, ჯერ წერა-კითხვა და წაკითხულის გაგება უნდა ისწავლოთ. რა იყო, რა კაკანი ატეხეთ გაზეთ “ასავალ დასავალის” 19 მარტის ნომერში ჩემი ინტერვიუს გამო, რა ვერ გაიგეთ?! წერა-კითხვის ოდნავ მცოდნეც კი გაიგებდა ჩემი იმ სიტყვების სულისკვეთებას, რომ მიუღებელია ადამიანის სისხლის სამართლებრივი დევნა მისი სექსუალური ორიენტაციისთვის, რაც დაფიქსირებული იყო საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლში. ამ სიტყვების შემდეგ, თუ მისი შინაარსისა და სულისკვეთების საწინააღმდეგოდ ჟურნალისტმა სათაურში საწინააღმდეგო აზრი გამოიტანა ან ინტერვიუს სხვა მონაკვეთში ასევე ამის საწინააღმდეგო აზრი ჩადო, ამაზე “აღშფოთებით” თქვენი “ლიბერალობის” დამტკიცება მოგინდათ?,”-მიმართა ნანა კაკაბაძემ იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი ინტერვიუ უარყოფითად შეაფასეს.

ნანა კაკაბაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ არასწორი ინტერპრეტაციის გამო ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტისთვის ჩივილს და საქმის გარკვევას არ აპირებს, რისი მიზეზიც ასე ახსნა:

”მე ვარ ადამიანის უფლებათა დამცველი და მე მაინტერესებს ხელისუფლების დარღვევებზე რეაგირება და ჩემი მოვალეობაა ხელისუფლების კრიტიკა, შემოწმება და არა ჟურნალისტისთვის ჩივილი. მესმის, რომ გაზეთისთვის ასეთი მყვირალა სათაური იყო საჭირო, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რის გამოც ადამიანი სასამართლოში უნდა მიიყვანო და ისიც, ჟურნალისტი”.

ნანა კაკაბაძისგან არანაირი პრეტენზია ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაციის გამო არ მიუღია ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტ მეგი საჯაიას.

”ნანა კაკაბაძეს დღემდე არ დაურეკავს ჩემთვის და მე ვიფიქრე, რომ ამ ინტერვიუს გარშემო ატეხილი ამბის შემდეგ დამირეკავდა. რაც შეეხება არასწორ ინტერპრეტაციას, მაქვს ჩანაწერი . ჩვენი გაზეთი არ არის ისეთი არასერიოზული გაზეთი, რომ რაღაცეები მოვიგონოთ და არასწორი რამეები დავწეროთ. პირდაპირ გაფრთხილებულები ვართ რედაქტორისგან და ისეთი პოლიტიკა გვაქვს, რომ არ ვწერთ არაფერს, რასაც რესპოდენტი არ ამბობს,” – უთხრა მეგი საჯაიამ ”ნეტგაზეთს”. ჟურნალისტისთვის ასევე გაუგებარია, რატომ მოჰყვა ნანა კაკაბაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს საზოგადოების მხრიდან აჟიოტაჟი.

”ნანა კაკაბაძემ მითხრა, რომ ადამიანები არ უნდა დაიჭირონ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო, თუმცა ასევე თქვა, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა დაუშვებელია. ჩემს სტატიაში არსად არ ეწერა, რომ ჰომოსექსუალები ციხეში უნდა ჩასვან ამის გამო,” – ამბობს ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი.

ნანა კაკაბაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ის არ ემხრობა ჰომოსექსუალთა ციხეში ჩასმას და მათთვის თავისუფლების აკრძალვას, თუმცა მიაჩნია, რომ ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” უნდა აიკრძალოს.

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ”ჰომოსექსუალიზმის პრობაგანდა,” ის პასუხობს: ”საზოგადოებაში ჩვენ რომ გამოკითხვა ჩავატაროთ, დავინახავთ, რომ იმ პოზიციას, რომელსაც მე ვაჟღერებ, ბევრი იზიარებს –  ხელისუფლება ეწევა ანტიეროვნულ საქმიანობას და უხამსობის პროპაგანდას. პროპორციულად, ქვეყანაში სექსუალური უმცირესობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ის პროპაგანდა, რომელიც ვრცელდება ტელევიზიით სხვადასხვა გადაცემებში. ეს იწვევს საზოგადოების უმრავლესობის გაღიზიანებას. ხელისუფლება არის მიდრეკლი უხამსობის რეკლამირებისკენ, ტრადიციების ნგრევისკენ და ეს მას პოლიტიკურად სჭირდება.”

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ”ნეტგაზეთმა” ასევე ჰკითხა, მისი აზრით, რას ნიშნავს ”უხამსობის რეკლამირება” და კონკრეტულად რა ფაქტებს გულისხმობდა ამ სიტყვებში.

”ავიღოთ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არამც თუ მსგავსი თემები, ჩვეულებრივი, ქალისა და მამაკაცის სქესობრივი ურთიერთობა, კოცნა  – აკრძალულია, ტელევიზიით ამის გაშუქების უფლება არავის არა აქვს. ეს იქ რეგულირდება კანონით და თუ არის ვინმე, ვისაც ამის ყურება უნდა და ამისკენ აქვს მიდრეკილება, არის კოდირებული არხები, სადაც ამის ყურება შეუძლიათ. რაც ქართულ ტელეეთერში გადის, ეს პორნოგრაფია არ არის? გაიხსენეთ ფილმები, სადაც პორნოსიუჟეტებია გასული. ჩემს ოჯახში და არა მარტო ჩემთან, ბაბუა და შვილიშვილი ერთად ტელევიზორს ვეღარ რთავს. ის, რაც ჩვენთან გადის, ნებისმიერ ქვეყანაში არის შეზღუდული. ეს არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოზარდისთვის, ჩვენთან კი ყველაფერი ხელმისაწვდომია, მათ შორის ისიც, ერთსქესიანი ქორწინებები როგორ ხდება, როგორი სქესობრივი უროერთობა აქვთ ერთი სქესის ადამიანებს. ამას ყველაფერს ჩვეულებრივ მოვლენასავით გვაწვდიან,” – უთხრა ნანა კაკაბაძემ ”ნეტგაზეთს”.

იურისტს მიაჩნია, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს პრობლემები არ აქვთ და ამის დასტურია ის, რომ ამ უმცირესობის წარმომადგენლები სამართალდამცავებსა და შესაბამის ორგანიზაციებს არ მიმართავენ საკუთარი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ნანა კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ მათ პრობლემები რომ ჰქონდეთ, საზოგადოება ამის შესახებ აუცილებლად გაიგებდა.

რაც შეეხება მის მიერ გამოყენებული სიტყვების – ”მამათმავლობა” და ”უზნეობა” – სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში დისკრიმინაციულობაზე კითხვისას,  ნანა კაკაბაძე პასუხობს:

”ამას ზოგადად მამათმავლობა ჰქვია და ამას თავადაც არ უარყოფენ. უმცირესობამ არ შეიძლება თავისი კანონები თავს მოახვიოს უმრავლესობას. ეს არის ტოტალიტარიზმი. უმცირესობა, რომელიც თავის სტანდარტებს თავს ახვევს უმრავლესობას, ეს დემოკრატია არ არის. დემოკრატია არის უმრავლეოსობის მართვა. მე ვამბობ, რომ კანონი უნდა იყოს მორგებული უმრავლესობის უფლებებზე და არა პირიქით.”

გენდერის სპეციალისტის, ეკა აღდგომელაშვილისთვის  გაუგებარია, საერთოდ რა იგულისხმება ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში”.

”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” ძალიან გაურკვეველი სიტყვათშეთანხმებაა და ვინც ამაზე საუბრობს, ალაბათ გულისმხობს, რომ  ჰომოსექსუალები საჯარო სივრციდან უნდა გაქრნენ, ისინი არ უნდა ჩანდნენ და მათზე არავინ არ უნდა საუბრობდეს.  ცოტა ხნის წინ რუსეთში მიიღეს კანონი, რის საფუძველზეც აიკრძალა ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” და ამის გარშემო წარმოქმნილი დისკუსიებიც, ვფიქრობ, ამისი გამოძახილია. რუსეთშიც კი ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” ძალიან ბუნდოვნად იყო განმარტებული და რას ნიშნავს, ზუსტად ვერავინ ამბობს.  ეს კი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, ხელი შეუშალოს lgbt ორგანიზაციების დაფუძნებას, ამ საკითხზე მასალების ბეჭდვასა და გავრცელებას, მათ საქმიანობას და ა.შ” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ეკა აღდგომელაშვილმა.

მისი თქმით, ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვისკენ მოწოდება და მსგავსი განცხადებები აძლიერებს ჰომოფობიას და არის უკანგადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

”ეს ზოგად, უარყოფით ფონსაც აძლიერებს და აქეზებს სხვა ადამიანებს, მით უმეტეს, მაშინ, როცა მსგავს განცხადებას უფლებადამცველი აკეთებს, ეს ძალიან გაუგებარია ჩემთვის. თავისთავად ცხადია, რომ ეს განცხადება არის ჰომოფობიის ხელშეწყობა, სხვა არაფერი.  ეს იგივეა, რომ ჩვენ ანტისემიტიზმსაც რაღაც გამართლება უნდა მოვუძებნოთ,” -ასე აფასებს ეკა აღდგომელაშვილი ნანა კაკაბაძის განცხადებას.

ეკა აღდგომელაშვილს ასევე აბსურდულად მიაჩნია იმის მტკიცება, რომ რადგან სექსუალური უმცირესობის წარმოამდგენლები სამართალდამცავებსა და კონკრეტულ ორგანიზაციებს არ მიმართავენ, მათ პრობლემა არა აქვთ.
”უფლებადამცევლი ორგანიზაციები ბევრია და ერთს თუ არ მიმართავენ, არ ნიშნავს, რომ სხვებსაც არ მიმართავენ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს აქვთ შიში და გასაჯაროვების მოლოდინი. საზოგადოებაში იმდენად ძლიერია ჰომოფობია, რომ ამ ადამიანებს ურჩევნიათ, აიტანონ  დამცირება და ძალადობის ფაქტები, ვიდრე თავიანთი პრობლემა გახდეს საზოგადოებრივი განსჯის საგანი. ამის გამჟღავნებას მოჰყვება კონკრეტული პრობლემები ამ ადამიანის საცხოვრებელ გარემოში,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ეკა აღდგომელაშვილმა.

მისივე თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სამართალდამცავები თვითონ ცდილობენ დააშანტაჟონ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, რაც მათ მიმართ ნდობას ამცირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი