საზოგადოება

რაზე თხოვენ პრეზიდენტს ვეტოს დადებას

23 მარტი, 2012 •
რაზე თხოვენ პრეზიდენტს ვეტოს დადებას


არასამთავრობო ორგანიზაციების  და საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტს ვეტოს დადებას თხოვენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებს დაარეგულირებს.

ამ საკითხზე დღეს თბილისში, ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბებიან საზოგადოების წარმომადგენლები და ხელს მოაწერენ მიმართვას, რომელსაც პრეზიდენტს გაუგზავნიან.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც შედის  საქართველოს კანონში გარემოს დაცვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს კანონში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ.

კანონპროექტის 57 -ე მუხლის მიხედვით, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამ პირს შორის შესაძლებელია დაიდოს შეთანხმება,  რომლითაც პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში ჩადენილი განხორციელებული ყველა ქმედება ითვლება კანონიერად.

შეთანხმების დადების დღიდან  პირს არ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ასევე დაუშვებელია პირის საქმიანობის კონტროლი, ან  რაიმე სახის ჯარიმის თუ სხვა სახის  პასუხისმგებლობის დაკისრება.

ბუნებისდამცველები აღნიშნავდნენ, რომ კანონპროექტი ბუნების ულიმიტო გამოყენებას გულისხმობს:

”ადამიანს შეუძლია გაჩეხოს ტყის მასივები, ააშენოს ნებისმიერი ტიპის დაწესებულება, გაანადგუროს ცხოველები, ენდემური სახეობები, ნარჩენები შეუძლია ჩაყაროს წყალში და არავინ გააკონტროლებს, შეუქმნას საზოგადოებას საფრთხე სასმელ წყალთან დაკავშირებით და მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუ შეთანხმებას მიაღწია ენერგეტიკის სამინისტროსთან. მას არც მართვის გეგმა ჭირდება”, – აღნიშნავს ნინო ჩხობაძე, “მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე.

ნეტგაზეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მათი პასუხების მიხედვით ირკვევა, რომ  კანონპროექტით გათვალისწინებული შეთანხმება იდება არა სამომავლო პერიოდზე, არამედ წარსულ პერიოდზე:

“შესაბამისად, შეთანხმების გავრცელება კანონპროექტის თანახმად გათვალისწინებულია არა პირის მიერ მომავალში განსახორციელებელ ქმედებებზე, არამედ მის მიერ წარსულში განცხორციელებულ ქმედებეზე”– ვკითხულობთ სამინისტროს პასუხში.

“მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კანონპროექტი აკანონებს უკანონოდ მოქმედების შესაძლებლობას, შესაბამისად, ის ეწინააღმდეგება თვითონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის იდეას, რომელიც გარემოსდაცვითი პრობლემების პრევენციას გულისხმობს:

“თუ პირს ეცოდინება, რომ მას შეუძლია მსგავს შეთანხმებას მიაღწიოს , ის იმოქმედებს კანონმდებლობის დარღვევით და ამით დაზარალებული, საბოლოო ჯამში, გამოდის საზოგადოება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შეთანხმება და ნანატრი კომპენსაცია ადგილზეა.”

გარდა ამისა, ბუნებისდამცველს მოჰყავს დარიალის ჰესისის მაგალითი, რომელიც, ქოჩლაძის თქმით, მისი მშენებლობა კანონმდებლობის დარღვევით დაიწყო, რადგან გარემოზე ზემოქმედების შეფასების გეგმა არ არსებობდა:

“ამას რომ ლეგიტიმურად ცნობს აღნიშნული კანონი, მომავალში მე ეს ჰესი ნაკლებ ზარალს მომაყენებს?  ვფიქრობ, რომ ამ კანონის მიღებიდან გააფორმებენ ხელშეკრულებას დარიალის ჰესთან და მერე ჩვენს სარჩელებზე, რომელიც გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგაა, გვეტყვის სასამართლო, რომე ეს კაცი სრულიად კანონიერად მოქმედებს, მაგრამ იმ შედეგებს რა ვუყოთ, რომელიც რჩება“

რაც შეეხება შეთანხმების დროსთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო “ნეტგაზეთს” პასუხობს:

“განუსაზღვრელი ვადით შეთანხმების დადება განპირობებულია იმით, რომ პირის მიერ კონკრეტულ წარსულ პერიოდში განხორციელებული ქმედებების კანონიერად მიჩნევის საფუძველია შეთანხმება. შესაბამისად, აღნიშნულს რომ არ ჰქონდეს დროებითი ხასიათი, შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და მისი გაუქმება მხოლოდ პირის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში მოხდება. შეთანხმების გაუქმება კი გამოიწვევს წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. თქვენ მიერ აღნიშნული ნაწილი გაგებულია იმგვარად, რომ შეთანხმება იმიტომ იდება განუსაზღვრელი ვადით, რომ პირს შეთანხმების დადების შემდგომ განუსაზღვრელი პერიოდით უკანონოდ მოქმედების შესაძლებლობა მიეცეს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და არ გამომდინარეობს კანონპროექტიდან.”

გარემოსდამცველი ლია თოდუა ამბობს რომ კანონპროექტში ეს ასე არ იკითხება და  ნებისმიერი ვადა, რასაც გაითვალისწინებს ის ხელშეკრულება, გაათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან, ვადა შეიძლება იყოს უსასრულო:

“არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ინტერპრეტაციას აძლევს ერთი მინისტრი ან მეორე მინისტრი, კანონი დამოუკიდებლად მოქმედებს”.

ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აღნიშნავს, რომ  კანონპროექტის დებულება არ მოიცავს სამომავლო პერიოდს  და შეუძლებელია პირს მიეცეს შეთანხმების დღის შემდგომ პერიოდში უკანონოდ ქმედების შესაძლებლობა:

მანანა ქოჩლაძე კი ამბობს, იმისთვის, რომ დაზღვეული ვიყოთ მომავალში ჩადენილი ქმედებებისგან,  საჭიროა, კანონში ცალსახად ჩაიწეროს, რომ იგი ვრცელდება მის მიღებამდე ჩადენილ დანაშაულზე:

“შეთანხმება შუძლია პირს ხვალ დადოს, ორი წლის მერე დადოს, კანონში არსად არ წერია, რა არის ის დღე და რიცხვი, რომელზეც მე თუ გარემოსდაცვითი დანაშაული ჩავიდინე, ის არ გავრცელდება. იმისთვის, რომ ავიცილოთ მომავალში ჩადენილი დანაშაული, უნდა განისაზღვროს დრო, რომელამდეც ეს კანონი იმოქმედებს”.

რატომ წაიკითხეს ბუნებისდამცველებმა კანონპროექტი ისე, თითქოს ის პირის მიერ მომავალში დადებულ ხელშეკრულებას ეხება: “მწვანე ალტერნატივა” ,“CENN”-ი,  “მწვანეთა მოძრაობა” ის ორგანიზაციებია, რომელთაც “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა და რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ კანონპროექტის მიხედვით, პირსა და სამინისტროს შორის სამომავლო ქმედებებზე იდებოდა ხელშეკრულება. გარდა ამისა, არსებობს ორჰუსის ცენტრის მიერ გავრცელებული სპეციალური განცხადება, რომელშიც ასევე არ არის ნახსენები პირის მიერ წარსულში განხორციელებული ქმედებები.

ნინო ჩხობაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არც კანონპროექტში და არც მის ახსნა–განმარტებით ბარათში არ იკითხება ის, რომ შეთანხმება წარსულში განხორციელებულ ქმედებებს ეხება. იმავეს ამბობენ სხვა ბუნებისდამცველებიც.

ირაკლი მაჭარაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, თუ დავუშვებთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს კანონპროექტს, პირველ რიგში, ეს არის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და გარემოს დაცვის სამინისტროს ბრალი, ვინაიდან მათ, ორჰუსის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, არ უზრუნველყვეს კანონის საჯარო განხილვა პარლამენტში გაგზავნამდე.

“კანონმდებლობის ეს დარღვევა უკვე საკმარისია იმისათვის, რომ გახდეს სასამართლო სარჩელის და ამ კანონის გაუქმების მოთხოვნის საბაბი. ეს ამ სამინისტროს მესვეურებმაც კარგად უწყიან და სიტყვებით თამაშით ვერ გადაფარავენ უკანონობას.”

წინასწარ განხილვასთან დაკავშირებით არსებობს ორჰუსის სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ იყო უზრუნველყოფილი საზოგადოების მონაწილეობა, როგორც ამას მოითხოვს ორჰუსის კონვენციის მე–8 მუხლი:

“რომლის თანახმადაც, ქვეყანას ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა  ისეთი აღმასრულებელი დებულებების და საყოველთაოდ მისაღები სამართლებრივად სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებისას, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ გარემოზე. ამავე მუხლის მიხედვით, საზოგადოების ჩართვა უნდა ხდებოდეს აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავების ეტაპზე, სანამ არჩევნის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია.”

გარემოს დაცვის სამინისტრომ მოაწყო შეხვედრა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებთან, რომლის შესახებაც ცნობილი 4 საათით ადრე გახდა. შეხვედრა 21 მარტს გაიმართა. გარემოს დაცვის სამინისტროს Facebook -ის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ მინისტრმა და გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს უპასუხეს. გაიმართა დისკუსია, რომლის შედეგადაც შეხვედრის მონაწილეები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„შეხვედრისას გამოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის აზრით, კანონის ტექსტი საჭიროებს გარკვეულ დაზუსტებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი წერილობით მოგვაწვდიან საკუთარ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი მათ მიერ ტექსტის წაკითხვასა და საკანონმდებლო ენის გაგებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრა” – აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

გარემოსდაცვითი ექსპერტი ლია თოდუა ერთ–ერთი მათგანია, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, ნეტგაზეთთან საუბრისას ის ამბობს, რომ შენიშნვნების მიწოდებასთან დაკავშირებით შემოთავაზება მართლაც იყო, თუმცა დღეს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად შედის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შენიშნვნების მიწოდებას აზრი არ აქვს:

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ პრეზიდენტს, იქნებ მოვახერხოთ და ეს კანონი შეჩერდეს და თუ ეს არ გაჭრის, შემდგომ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას.”

მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ თუ ეს კანონი ისეთი დანაშულის შემსუბუქებას ეხება, როგორიც პირის გამო რამდენიმე ხის მოჭრას შეიძლება მოყვეს, ამას ყველა მიესალმება და არავინ უჭერს მხარს 3 ხის მოჭრის გამო ადამიანის ციხეში ჩასმას, თუმცა მაშინ ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა ტიპის დანაშაულს ეხება ეს კანონი და ერთი და იგევე შემსუბუქება არ შეიძლება გავრცელდეს ხის მოჭრაზე და ჰესის მშენებლობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი