საზოგადოება

რატომ გახანგრძლივდა ნადირობა “წითელი ნუსხის” სახეობებზე

10 თებერვალი, 2012 • 3095
რატომ გახანგრძლივდა ნადირობა “წითელი ნუსხის” სახეობებზე

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, “წითელი ნუსხის” ორ სახეობაზე – ჯიხვსა და არჩვზე– ნადირობის სეზონი გახანგრძლივდა. კერძოდ, თუ აქამდე ამ სახეობებზე ნადირობა წელიწადში 2,5 თვის მაძილზე (15 დეკემბრიდან – პირველ მარტამდე) იყო დაშვებული, ამიერიდან ეს პირველი იანვრიდან პირველ მარტამდე და პირველი ივლისიდან პირველ ნოემბრამდე იქნება ნებადართული.

ალექსანდრე ხეთაგურმა ეს ბრძანება 30 იანვარს გამოსცა, წინა დღით კი, 29 იანვარს, ბლოგერებთან გამართული შეხვედრის დროს, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ასეთი პასუხი გასცა ჟურნალ “ლიბერალის” ჟურნალისტის შეკითხვას “წითელი ნუსხის” სახეობეზე დაშვებულ ნადირობასთან დაკავშირებით:

“წითელ ნუსხაზე ნადირობის სეზონი დარჩენილია პირველ მარტამდე, დარჩენილია ნიამორზე და ჯიხვზე, მისაღწევია პირველ მარტამდე.  ამის პარალელურად შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც ბიომრავალფეროვნების სპეციალისტები, ზოოლოგები ჩართული იქნებიან და წითელი ნუსხის სახეობების შესწავლაზე, დაცული ტერიტორიების ფარგლებში და მის გარეთ, გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის დასწყისის განმავლობაში იმუშავებენ”.

რატომ გახანგრძლივდა წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა და როგორ აისახება ეს საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე?

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ “ნადირობის ვადები დადგენილია შესაბამის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.”

“გარდა ამისა, ჯიხვზე და არჩვზე ნადირობა აკრძალულია 6 თვის განმავლობაში. კერძოდ კი, ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ხდება ამ სახეობების დაწყვილება და მარტიდან – პირველ ივლისამდე, რაც ემთხვევა მათი შობადობის პერიოდს,”– აცხადებენ სამინისტროში.

ბუნების დამცველების თქმით, სეზონის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ეტაპი მას შემდეგ დგება, რაც მისაღებია ნადირობა, ამ ეტაპზე კი გარემოსდამცველები თანხმდებიან იმაზე, რომ ნადირობა წითელი ნუსხის სახეობებზე დაუშვებელია, რადგან ქვეყანამ არ იცის, რა რესურსი აქვს.

მართალია, ამ ეტაპზე ჯიხვსა და არჩვზე ნადირობის სეზონი მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნულ სახეობებთან დაკავშირებით, ისევე როგორც “წითელი ნუსხის” სხვა სახეობების მიმართ, სანადირო კვოტები არ არსებობს.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ინფორმაციით, არჩვსა და ჯიხვზე ნადირობა არ განხორციელებულა, სამონადირეო კომპანია “კავკასიან საფარის” დამფუძნებლის, საბა კიკნაძის თქმითაც, ვინაიდან კვოტები დადგენილი არ არის, ნადირობა ჯიხვზე არ მომხდარა.

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის,  “ნაკრესის”, თავმჯდომარე ირაკლი შავგულიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ  ვადების გახანგრძლივება სანადირო ვადის ხელსაყრელობას უკავშირდება:

“ჯიხვსა და არჩვზე ზამთრის პერიოდში ნადირობა რთულია, რადგან აღნიშნული ცხოველები მაღალმთიან რეგიონებში ბინადრობენ, დიდი ალბათობით მათზე ამ პერიოდში ნადირობა ვერ განხორციელდება, ზაფხულში უფრო მოსახერხებელია. ამიტომ ისეთი დრო შეირჩა, რომ მათზე ხელმისაწვდომობა მარტივი იყოს,”– ამბობს შავგულიძე, რომელიც ასევე ვარაუდობს, რომ პირველი ივლისის მოახლოვებამდე სამინისტრო “წითელი ნუსხის” სახეობებზე სანადირო კვოტებსაც დაამტკიცებს.

აღნიშნული ვარაუდი რომ საფუძველს მოკლებული არ არის, ამას გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ “მწვანე ალტერნატივისადმი” გაგზავნილი პასუხიც მოწმობს, სადაც ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილ ცხოველთა შერჩეული სახეობების აღრიცხვის განხორციელება.

გარემოს დაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ იმის დაკონკრეტება, თუ რომელი სახეობების აღრიცხვა მოხდება და როდის, თუმცა, მათი თქმით, მონიტორინგის პროცესი უკვე დაწყებულია. დაგეგმილია თუ არა კვოტების დამტკიცება საზაფხულო სამონადირეო სეზონისთვის, ამის შესახებ ზუსტი პასუხის ვერც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაგვცა.

“საფარის” დამფუძნებლის, საბა კიკნაძის განცხადებით, საგაზაფხულოდ კვლევები და დათვლის პროცესი დაიწყება, რის შემდეგაც 2012 წლის კვოტები დამტკიცდება:

“მაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული კვოტები ივლისისთვის იქნება, მთელი აზრი მაგაშია, რომ ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, კვოტები დამტკიცებული იქნება. მანამდე დათვლა უნდა მოხდეს. თუ აღმოჩნდა, რომ ჯიხვი არ არის, ბუნებრივია, ვერ ინადირებ”.

“წითელი ნუსხის” სახეობებზე ნადირობის ვადების შესახებ პირველი ბრძანების გამოცემამ ბუნების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების აღშფოთება გამოიწვია. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების რაოდენობისა და მათი პოპულაციების განაწილების შესახებ ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარეთ არსებულ ტერიტორიებზე.

“მწვანე ალტერნატივამ” გამოითხოვა წითელი ნუსხის სახეობების რაოდენობისა და მათი პოპულაციების განაწილების შესახებ ინფომაცია. კანონის მიხედვით, გარემოს დაცვის მინისტრს დაევალა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების დასაშვები ოდენობის განსაზღვრა. სამინისტროს პასუხის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მიზეზი გამართლდა: სამინისტროს პასუხში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს არ გააჩნია.

“მწვანე ალტერნატივის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროში ასეთი მონაცემების არარსებობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მინიმუმ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში “წითელი ნუსხის” სახეობებზე კომერციული ნადირობა არ დაიშვას.

“ნაკრესის” თავმჯდომარის, ირაკლი შავგულიძის თქმით, აღწერის ჩატარება და პოპულაციის დადგენა, სახეობების მდგომარეობებიდან გამომდინარე, სპეციფიკური პროცესია. ეროვნული მასშტაბით საყოველთაო აღრიცხვას მინიმუმ ერთი წელი ჭირდება.

“ჯიხვის დათვლა საკმაოდ რთულია, რასაც ბევრი ფიქრი და რესურსი ჭირდება, თუ რა მეთოდი იქნება გამოყენებული. თუ ვინმე ქვოტას დაამტკიცებს ზაფხულამდე, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება მოგონილი ქვოტები, შეუძლებელია ამ პერიოდში დათვლა, სატელიტიდან ვერ დათვლი ჯიხვებს. მილიონებიც რომ გამოყოს სახელმწიფომ, დროის ამ მონაკვეთში შეუძებელი იქნება ამ ქვოტების ზუსტად დადგენა,”– აღნიშნავს შავგულიძე.

კომერციული ნადირობის დაშვება კავშირშია ფინანსურ მოგებასთან, თუმცა, როგორც ირაკლი შავგულიძე განმარტავს, კერძო კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს მოკლევადიანი ინტერესები, ხოლო სახელმწიფო გრძელვადიან ინტერესზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც რესურსის არცოდნის შემთხვევაში ვერ მოხერხდება:

“სახელმწიფო არ შეიძლება ორიენტირებული იყოს მოკლევადიან  ფისკალურ ეფექტზე, მით უფრო, როცა საქმე ბიოლოგიურ რესურსს ეხება, ეს არის დარღვევა საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობის. საერთაშორის კანონმდებლობა, მათ შორის, ევროპული კანონმდებლობა ამბობს, რომ რესურსის მდგრადი გამოყენება უნდა მოხდეს, რაც რესურსის გამოყენებას გრძელვადიან პერსპექტივაში გულისხმობს”.

არასამთავრობო სექტორისთვის უცნობია სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ, თუ რა თანხები შეუვა ქვეყანას კომერციული ნადირობით, თუმცა, შავგულიძის განცხადებით, რამდენიც არ უნდა იყოს ეს შემოსავალი, იგი ვერ განიხილება იმის საპირწონედ, რომ საქართველომ გარემოსდამცველი ქვეყნის იმიჯი დაკარგოს:

“ვინმემ დათვალა, რა შემოსავალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ეკოლოგიურ ტურიზმს განავითარებს? ამის შედარება ხომ უნდა მოხდეს, ჩვენ რას ვიღებთ და რას ვკარგავთ ეკოლოგიური ან სამონადირეო ტურიზმის განვითარებით?!”

გარდა იმისა, რომ უკონტროლო ნადირობა ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის, ასეთი დამოკიდებულობა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს. საქართველოს სახელმწიფო დონორებიდან ძალიან დიდ თანხებს იღებს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად:

გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი თამაზ გამყრელიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ WWF–ის კონსულტირებით, საქართველოში 1992 წლიდან დონორების მხრიდან ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა:

“ჩვენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დავაარსეთ და ვეხმარებოდით მთავრობას ამ პროცესებში, ამ წუთასაც ვეხმარებით, ხევსურეთის ეროვნულ პარკს ვაარსებთ, ახლა დავიწყეთ 2– მილიონიანი პროექტი, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ტყეების ადაპტაციას ემსახურება”.

თამაზ გამყრელიძის განცხადებით, როცა ეროვნულ პარკს აარსებ, ავტომატურად იცავ მასში შემავალ ყველა რესურსს, ამიტომ ეს ცხოველთა სახეობების არაპირდაპირი დაცვაა და მათზე დაშვებული უკონტროლო ნადირობა დონორებისთვის გახდება საბაბი, 5-ჯერ მეტად დაფიქრდნენ, გაიღონ თუ არა თანხები ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.

ირაკლი შავგულიძე ასახელებს რამდენიმე პროექტს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე განხორციელდა და იმ პროექტებზე, რომელიც მომავალში იგეგმება, მაგალითად, მსოფლიო ბანკის რვამილიონიანი პროექტი, რომელიც ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას გულისხმობს, UNDP–ის პროექტი, ევროკავშირის პროექტები, გერმანიის მთავრობის წვლილი. ბუნებისდამცველი აღნიშნავს, რომ ნადირობის ასეთი ფორმით დაშვება დონორების მხრიდან შესაძლოა ამ პროცესების საწინააღმდეგოდ იქნას დანახული:

“ჩვენ კავშირი გვაქვს ყველა ამ დონორთან იმიტომ, რომ ისინი ჩვენი დონორებიც არიან, ერთმანეთს ვუცვლით ინფორმაციას და ისინი საქმის კურსში არიან ყველა მიმდინარე პროცესზე. მე, მაგალითად, ევროკავშირისგან მაქვს დადასტურება იმისა, რომ აღნიშნული თემა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე – საქართველოს ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით, აუცილებლად დადგება. იქ არის ძალიან ძლიერი ქვეთავი გარემოს დაცვაზე, ევროკავშირს აქვს ძალიან მკაცრი მოთხოვნები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.”

მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა შესაძლოა დონორისთვის გახდეს იმის ინდიკატორი, რომ მან სახელმწიფოსთან ურთიერთობის რესურსი ამოწურა და მთლიანად არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე გადავიდეს, რაც შავგულიძის განცხადებით, საერთო შედეგზე დადებით ზეგავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან არასამთავრობო სექტორი და სახელმწიფო პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა თანამშრომლობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი