საზოგადოება

საოლქო კომისიების წევრების შიდა გადაადგილება საპარლამენტო არჩევნების წინ

4 ივლისი, 2016 • 1740
საოლქო კომისიების წევრების შიდა გადაადგილება საპარლამენტო არჩევნების წინ

საოლქო საარჩევნო კომისიებში ცესკოს კვოტით პარტიების ყოფილი წარმომადგენლები შედიან, რასაც პოლიტიკური პარტიები პარიტეტის პრინციპის დარღვევად მიიჩნევენ, თუმცა ცესკო აცხადებს, რომ საოლქო კომისიები კანონის სრული დაცვით დააკომპლექტეს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიები 15 ივნისს დააკომპლექტეს. საოლქო კომისიების წევრების შემადგენლობაზე თვალის გადავლებით ჩანს, რომ ცესკოს სიით საოლქო კომისიების წარმომადგენლები არიან ისინი, ვინც 2012 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნების” კოალიციაში შემავალი პარტიების – “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსა” და “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლები არიან.

ცესკოს კვოტით გასული კანდიდატები წინა, 2012 წლის არჩვენებზე ასევე წარმოადგენდნენ “ევროპელ დემოკრატებს”, “ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას”, “ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიას”.  მაგალითად, ცესკოს კვოტით საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად დაინიშნა 10 ადამიანი, რომლებიც მანამდე იყვნენ ქდმ-ის კვოტით საოლქო კომისიებში, ასევე 5 ადამიანი – მრეწველებიდან, 4 – კონსერვატორებიდან, 4- ევროპელი დემოკრატებიდან და ორიც – ქდსპ-დან.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც საოლქო კომისიების შემადგენლობისთვის თვალის გადავლების შემდეგ ხდება ცხადი, არის ის, რომ საოლქო კომისიების პარტიული წარმომადგენლები სხვადასხვა პარტიაში გადანაწილდნენ:

თუკი კონკრეტული პირები 2012 წელს წარმოადგენდნენ, მაგალითად, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, 2016 წლის არჩვენებზე ისინი “ქართულ ოცნების” წარმომადგენლები არიან. 

პარტიიდან პარტიაში გადასული დამკვირვებლების გადანაწილება კი ასე გამოიყურება:

ქდმ-დან გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში – 9;

მრეწველებიდან რესპუბლიკელებში – 6;

ევროპელი დემოკრატებიდან მრეწველებში – 6;

კონსერვატორებიდან ოცნებაში – 4;

კონსერვატორებიდან რესპუბლიკელებში – 4;

ევროპელი დემოკრატებიდან ენმ-ში – 4;

მრეწველებიდან თავისუფალ დემოკრატებში  – 3;

მრეწველებიდან ქართულ ოცნებაში – 3;

ქდსპ-დან ოცნებაში – 3;

კონსერვატორებიდან მრეწველებში – 2;

ევროპელი დემოკრატებიდან – რესპუბლიკელებში – 2;

ქდმ-დან მრეწველებში – 2;

კონსერვატორებიდან თავისუფალ დემოკრატებში – 2;

ქდსპ-დან გაერთიანებულ დემოკრატებში – 2;

ქდსპ-დან მრეწველებში – 2;

ქდსპ-დან კონსერვატორებში – 2;

მრეწველებიდან კონსერვატორებში – 2;

ენმ-დან ქართულ ოცნებაში – 2;

ქდმ-დან ოცნებაში – 1;

ქდმ-დან თავისუფალ დემოკრატებში – 1;

ქდსპ-დან თავისუფალ დემოკრატებში – 1;

ლეიბორისტებიდან მრეწველებში – 1;

ცესკოდან ოცნებაში -1;

ქდსპ-დან რესპუბლილკელებში – 1;

ევროპელი დემოკრატებიდან   თავისუფალ დემოკრატებში – 1.

საინტერესო ტენდენციაა ის ფაქტი, რომ ისინი, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს კვოტით დამოუკიდებელი წარმომადგენლები იყვნენ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებად ფიქსირდებიან. ასეთი 15 შემთხვევა დააფიქსირა ნეტგაზეთმა საოლქო კომისიების სიების შედარებისას. ეს პირები გასულ საპარლამენტო არჩევნებზე იყვნენ საოლქო კომისიის წევრები, მდივანი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან თავმჯდომარე.

საოლქო კომისიებში შედის სულ 13 წვერი, აქედან 6 წევრი ცესკოს სიით არის დანიშნული, ხოლო დანარჩენი 7 წევრი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან.

2016 წლის 8 ოქტომბრისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში თავისი წარმოადგენლები ჰყავთ პარტიებს – “ქართულ ოცნებას”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “საქართველოს კონსერვატიულ პარტიას”, “თავისუფალ დემოკრატებს”, “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას”, “საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასა” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

“ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის წევრი”, პარლამენტარი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ მონოპოლიზებულია საარჩევნო კომისიები, თუმცა ბევრად უფრო დიდი პრობლემა იყო 2013 და 2014 წლებში, როდესაც კოალიცია “ქართული ოცნება” ერთიანი იყო.

ლევან თარხნიშვილის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრის პრინციპით, უმრავლესობით, ამიტომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მმართველ პარტიას შედეგზე გავლენის მოხდენა შეეძლება. მისი თქმით, იგივე ტენდენცია გრძელდება საუბნო კომისიებში.

“გამოდის ისე, რომ არაპარტიული წევრები პარტიული წევრები არიან ხშირ შემთხვევაში. თუ დავამატებთ იმას, რომ 7 პარტიიდან 5 ყოფილი “ქართული ოცნების” კოალიციის წევრი არის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამას, რა თქმა უნდა, რაღაც გავლენა ექნება”, – ამბობს თარხნიშვილი.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცის დაკომპლექტების წესი წინა ხელისუფლების მიერ არის მიღებული  და რასაც ნაციონალურ მოძრაობას ედავებოდა არასაპარლამენტო ოპოზიცია, იმავე საკითხზე უწევს დავა დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან.

კაციტაძის თქმით, კანონი მმართველ პარტიას აძლევს საშუალებას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მკვეთრი უპირატესობით იყოს წარდგენილი.

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დაკომპლექტება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ რამდენ დაფინანსებას იღებს სახელმწიფოსგან და დაფინანსების ოდენობების მიხედვით ნაწილდება ის შვიდი ადგილი პარტიებზე, რომლებსაც აქვთ საუკეთესო დაფინანსება.

კაციტაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილების განაწილება ქართული ოცნების სასარგებლოდ შეფარდებაა ისე, როგორც 9:4-ზე.

“უპირატესობა იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც კი მოუნდება ხელისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციისგან იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც უნდა ხელისუფლებას. ერთი მხრივ, პარტიები აკომპლეტქებენ იმ 4 ადგილს, რომელზედაც გესაუბრეთ თქვენ. მეორე მხრივ, ის 6 ე.წ პრფესიონალი დამტკიცებულია პარლამენტის მიერ, სადაც უმრავლესობა აქვს ოცნებას, ხოლო ცესკოს დაკომპლექტების შემდეგ, ამავე თანაფარდობის ცესკო შემდეგ აკომპლექტებს საოლქოს, საოლქო აკომპლექტებს საუბნოს და ეს დისბალანსი ყველა დონეზე ვითარდება საარჩევნო ადმინისტრაციაში”, – ამბობს კაციტაძე.

გოჩა თევდორაძის, “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურ მდივნის აზრითაც, ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს, რომ პროფესიული ნიშნით ირჩევენ საოლქო კომისიების წევრებს, მაგრამ რეალურად პროცესი ტენდენციურად არის წარმართული.

თევდორაძის თქმით, საუბნო და საოლქო კომისიები წარმართავენ ხმის დათვლის პროცედურას და არჩევნების შეჯამებას, რის შედეგადაც არჩევნებზე გავლენას ახდენენ.

ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე კი განმარტავს, რომ ცესკოს წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტულ პარტიებს წარმოადგენენ, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები ხდებიან და იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულ პარტიების კვოტით შედიან კომისიებში, მაინც არ აქვთ უფლება, რომ გამოხატონ საკუთარი დამნიშნავი სუბიექტის ინტერესი, მათი ვალდებულებაა, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედონ.

მიქელაძის განმარტებით, იმ პირებს, რომლებიც წინა წლებში კონკრეტულ პარტიების მიერ იყვნენ წარდგენილი საოლქო კომისიებში, საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის პერიოდში პარტიული მიკერძოებულობის შესახებ არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ.

ცესკოს სპიკერი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დროს, კვლავ გრძელდება მონიტორინგი და თუ გამოვლინდება ამ პირების პოლიტიკური მიკერძოებულობა, ცესკო კანონის შესაბამისად მოიქცევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი