საზოგადოება

არაასაკობრივი პენსიის დანამატს სადაზღვევო პაკეტი ჩაანაცვლებს

24 იანვარი, 2012 • 1928
არაასაკობრივი პენსიის დანამატს სადაზღვევო პაკეტი ჩაანაცვლებს

დღეს ორგანიზაციებმა–  “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და “არა”–  სპეციალური ბრიფინგი გამართეს სახელწოდებით “პრეზიდენტის მიერ პენსიონერთა მოტყუება”.

ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, არაასაკობრივმა პენსიონერებმა ბოლო თვეში 10 ლარით ნაკლები თანხა აიღეს ისე, რომ ისინი არავის გაუფრთხილებია.“სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და მოძრაობა “არა” პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას ითხოვენ.

 

მერია კი აცხადებს, რომ თანხის ჩანაცვლება სადაზღვევო პაკეტით მოხდა, რომელსაც უახლოეს მომავალში ყველა არაასაკობრივი პენსიონერი მიიღებს.

“მას შემდეგ, რაც ხმაური ატყდა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს 10 ლარი დაზღვევას მოხმარდება, მაგრამ რეალურად სადაზღვევო პოლისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს არ მიუღიათ”, – განაცხადა მოძრაობა “არას” ერთ–ერთმა წევრმა, ლევან ჩიტაძემ.

მოძრაობა “არას” წევრ თიკო ნიბლაშვილის თქმით კი, ამ ყველაფრის შემდეგ პენსიის 100 დოლარამდე გაზრდის დაპირება სრული აბსურდია: “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები იმაზე ნაკლებ თანხას იღებენ, რასაც ასაკით პენსიონერი იღებს თვეში, მაშინ, როცა მდგომარეობიდან გამომდინარე მათ გაცილებით მეტი დანახარჯი აქვთ. საარსებო მინიმუმი კი 155 ლარს შეადგენს და თანაც ამ თანხაში საკვების გარდა არაფერი შედის”, – განაცხადა თიკო ნიბლაშვილმა.

როგორც თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურში განმარტავენ, 10 ლარის ჩანაცვლება მართლაც დაზღვევის გაკეთების ხარჯზე მოხდა, თუმცა ეს 10 ლარი არც მანამდე შედიოდა პენსის თანხაში. ეს იყო დანამატი, რომელსაც პენსიონერები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იღებდნენ:

“ეს არ იყო პენსია, ეს იყო პროგრამული დახმარება რომელიც გამოყოფილი იყო არაასაკოვანი პენსიონერებისთვის. მერიამ გადაწყვიტა, რომ მომხდარიყო ამ დახმარების ჩანაცვლება სადაზღვევო პაკეტით. ამ კატეგორიის ადამიანებისათვის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება პენსიის გაზრდას, ეს მუნიციპალიტეტის საკითხი არ არის”, – განაცხადა მერიის  სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ. მისივე თქმით, პოლისების სახლებში დარიგება უკვე დაიწყო, ხოლო იმ პირებს, ვინც მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, შესაბამის მუნიციპალიტეტში მისვლა და პოლისის აღება შეეძლებათ.

მერიაში ასევე განაცხადეს, რომ ის ადამიანები, ვინც უკვე სარგებლობს სხვა სადაზღვევო პაკეტით, 10– ლარიანი დანამატის მაგივრად ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის 120– ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

არაასაკობრივი პენსიის მქონე პირთა დაზღვევას ტენდერის საფუძველზე სამი სადაზღვევო კომპანია განახორციელებს. ესენი არიან: “ჯი პი აი ჰოლდინგი”, “ირაო” და “არქიმედე გლობალ ჯორჯია”.

ახალი სადაზღვევო პაკეტის მიხედვით, გარკვეული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ანაზღაურდება, მათ შორის, ოჯახის ექიმის და სხვადასხვა სპეციალისტების მომსახურება, საერთო ანალიზები, 15 000 ლარითაა დაზღვეული ქირურგიული ოპერაცია, ხოლო 12 000 ლარით ონკოლოგიური ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა. 500 ლარითაა დაფინანსებული მშობიარობა.

რაც შეეხება მედიკამენტებს, როგორც მერიაში აცხადებენ, ეს ნაწილი დაზღვევის სუსტი წერტილია, რადგან მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 50 ლარის ღირებულების წამლების შეძენის დაფინანსებას მოიცავს, ისიც 50%–იანი თანადაფინანსებით.

არაასაკობრივ პენსიას იღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც, მათთან მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მათ უკვე მიიღეს ინფორმაცია სადაზღვევო პოლისების გაცემის თაობაზე. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  სადაზღვევო პაკეტში ბევრი ისეთი დახმარება არაა შესული, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ, ინიციატივა მაინც მისასალმებელია, რადგან აქამდე ამ ადამიანების დაზღვევაზე ყველა სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებდა:

“საერთოდ ის პრეცედენტი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იქნებიან დაზღვეული, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სადაზღვევო პაკეტით არ ხდება რეაბილიტაციის  კურსის დაფინანსება, რომელიც ესოდენ საჭიროა ეტლში მჯდომი ან იგივე სარეცელს მიჯაჭვული ადამიანებისთვის, რათა თავიდან იქნას არიდებული დაავადების კიდევ უფრო დამძიმება”, – განაცხადა კავშირი “ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” გენერალურმა მენეჯერმა ნანა ლომაძემ.

სადაზღვევო პაკეტს გაეცნო კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავმჯდომარე გია ძნელაძეც:

“პენსიაზე დანამატი 15– ლარიანი დაზღვევის ხარჯზე მოიხსნა. მართალია, სადაზღვევო პაკეტი თითქმის არ ანაზღაურებს მედიკამენტების ყიდვას, მაგრამ საჭირო მედიკამენტებს ეს ადამიანები ვერც იმ 10 ლარით იყიდიდნენ, დაზღვევის პაკეტში კი ბევრი ისეთი რამ შედის, რაც შეიძლება უფრო მეტად გამოადგეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს”.

ორგანიზაციები –“სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და მოძრაობა “არა” კი, თანხის ჩამოკლებას სხვა მიზეზით ხსნიან:

“ეს არის დანაზოგი, რომელსაც ხელისუფლება არჩევნებისთვის აკეთებს. არჩევნებზე ამ ფულს უკეთესად გამოიყენებენ. რაც შეეხება დაზღვევას, ყველამ კარგად იცის, რომ რეალურად სადაზღვევო კომპანიები ამ თანხებს არ ანაზღაურებენ”, – აცხადებს ლევან ჩიტაძე. მისი თქმით, ისინი შეეცდებან რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე და საბოლოოდ დაადგინონ, თუ რამდენი ლარი დაზოგა ხელისუფლებამ არჩევნებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი