საზოგადოება

რა ემუქრება მტკვარს თურქეთ–საქართველოს საზღვართან

12 იანვარი, 2012 • 4548
რა ემუქრება მტკვარს თურქეთ–საქართველოს საზღვართან

იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის ხელისუფლების პროექტი განხორციელდება, მდინარე მტკვარი თურქეთ-საქართველოს საზღვართან გადაიკეტება და საქართველოში აღარ  გაივლის.

”მწვანეთა პარტიის” მტკიცებით, პროექტის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე, არდაგანის ოლქში, წყალსაცავების კასკადი ”ბეშიქ ჰაია” აშენდება და მდინარე მტკვარი საზღვართან გადაიკეტება.

”მწვანეთა პარტიის” ხელმძღვანელის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ჰიდროსადგურებზე გამოყენებული მტკვრის წყალი გადაშვებული იქნება მდინარე ჭოროხის კალაპოტში, იქ მშენებარე კასკადის ბოლო წყალსაცავების ”კილიჩის” და ”ისპირი”-ის შესავსებად, საიდანაც მდინარე მტკვრის წყალი კასპიის ზღვის ნაცვლად შავ ზღვაში მოხვდება.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი განხორციელდა, ”მწვანეთა პარტიის” ხელმძღვანელი ეკოლოგიური და ეკონომიკური პროცესების გამწვავებას ვარაუდობს.

მდინარე მტკვრის მეშვეობით საქართველოში წამში 33 კუბური მეტრი წყალი შემოდის,  თუ საქართველოში ეს მდინარე აღარ შემოვა, საქართველოს საზღვრიდან 5-10 კილომეტრის ქვევით მტკვრის კალაპოტში წყალი აღარ იქნება, სანამ საქართველოში არსებული პატარა მდინარეები არ შუერთდება:

”კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნება ბორჯომში, რადგან იქ გამავალი მდინარე მტკვარია. მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისანიტარიის საფრთხე არსებობს, რადგან მტკვარში წყალი იქნება მინიმალური და ძირითადი მასა იქნება საკანალიზაციო წყლები”.

გია გაჩეჩილაძე სიტუაციის გამწვავებას ვარაუდობს თბილისშიც, განსაკუთრებით კი, ზაფხულის სეზონზე:

”მტკვარში წყლის მინიმალური რაოდენობის გამო ძაირითადი მასა იქნება რუსთავისა და თბილისის საკანალიზაციო წყლები, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ ველოდებით ეპიდემიების გავრცელებას, რადგან ადამიანები თევზაობენ, ბანაობენ”.

საქართველოს არ აქვს წყლის რესურსის დეფიციტი, თუმცა წყლის რესურსების 75% კონცენტრირებულია დასავლეთ საქართველოში, 25%  კი – აღმოსავლეთ საქართველოში, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველო წლის თვალსაზრისით დეფიციტურია და მისი მთავარი არტერია მდინარე მტკვარია.

ამის გამო გია გაჩეჩილაძე თვლის, რომ აღნიშნული პროექტი ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს:

”როცა მტკვრის წყალი მინიმუმამდე დავა, ჩვენი აგრარული სოფლის მეურნეობის განვითარება აღარ შეგვეძლება, მორწყვის საშუალება აღარ იქნება., რაც სოფლის მოსახლეობის მიგრაციას გამოიწვევს და სოფლის მეურნეობის  განვითარებას შეაფერხებს.”

პრობლემები  მხოლოდ საქართველოს არ შეექმნება. აზერბაიჯანი ძირითად წყლის რესურსს მინგეჩაურის წყალსაცავიდან იღებს, რომელსაც  სამი მდინარე – იორი, მტკვარი და ალაზანი– კვებავს.

გია გაჩეჩილაძის თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მინგეჩაურის წყალსაცავს წყლის რაოდენობის 10 % მოაკლდება.

”ეს ნიშნავს, რომ მინგეჩაურის ჰესზე გამომუშავება შემცირდება და აზერბაიჯანის ტერიტორიას წყალი მოაკლდება, რომელიც ისედაც დეფიციტურია წყლის კუთხით”.

“მწვანეთა პარტიის” პოლიტიკური მდივანი ამირან ქაშაკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ ეკოლოგიურად, არამედ პოლიტიკურად საშიში პროექტიცაა:

”კავკასია ისედაც დაძაბულობის წყაროა, ამ პროექტმა კი შესაძლოა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კონფლიქტური სიტუაცია შექმნას”.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართა, თუმცა მათ გარემოს დაცვის სამინისტროსთან გადაგვამისამართეს. მიმდინარეობს თუ არა რეალურად მოლაპარაკებები ქართულ და თურქულ მხარეს შორის, ამ საკითხზე პასუხი ვერც ერთი სამინისტროსგან ვერ მივიღეთ.

ამ საკითხზე გარემოს დაცვის მინისტრმა რადიო “თავისუფლებას” ასეთი კომენტარი მისცა:

”ზუსტად ვერ გეტყვით, რა აშენდება ან რა არ აშენდება. ამ წუთშიც, დღესაც, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველო-თურქეთს შორის. არაფერი ისეთი კონკრეტული არ არის გადაწყვეტილი, რის თქმასაც აზრი ექნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა იმ აპოკალიპსური სურათის საწინააღმდეგოდ, რაც იხატება: თურქეთიდან მტკვარი საქართველოში ყოველთვის შემოვა. არ ვგულისხმობ მე თბილისში ჩამომდინარე მტკვარს და მის უამრავ შენაკადს. მე ვსაუბრობ კონკრეტულად საქართველო-თურქეთის საზღვარზე, საიდანაც ყოველთვის შემოვა მდინარე მტკვარი”.

კონკრეტულ და დეტალურ ინფორმაციას არც არასამთავრობო ორგანიზაციები ფლობენ. ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, რომ კასკადის მშენებლობის შესახებ აზერბაიჯანის გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან იცის, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ფლობენ ინფორმაციას  თურქეთის მხარის ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა საფრთხედ არ მიიჩნევენ. მას შემდეგ კი, რაც პროექტი გაკეთდება,  იმედი აქვთ, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან საკითხები შეთანხმდება.

ნებისმიერი ტრანსსასაზღვრო პროექტი არის ტრანსსასაზღვრო ქვეყნების შეთანხმების საფუძველი. აქედან გამომდინარე, ქვეყნებმა თავად უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები. არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებები, მაგალითად, მდინარეების და ტბების გამოყენების შესახებ ჰელსინკის კონვენცია. თუმცა, ნინო ჩხობაძის აზრით, ეს ამ შემთხვევაში ვერ გამოდგება, რადგან არც საქართველო და არც თურქეთი კონვენციის მხარეები არ არიან. წყლის რეგულირების საკითხებზე თურქეთს არავითარი ვალდებულება არ აქვს  და გადაწყვეტილება მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

CENN-ის პროექტების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის თქმით, საუკეთესო გამოსავალია, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მოხდეს შეთანხმება:

”თუ ვერ ახერხებს საქართველო თურქეთთან ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას, შეიძლება ჩაერთოს სხვა საერთაშორისო მექნანიზმები. ეს, რა  თქმა უნდა, გააფუჭებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ თურქეთი არის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, მაშინ ისევ დიპლომატიურად უნდა მოვიქცეთ.”

საქართველოს აქვს მსგავსი წარსული გამოცდილება, როცა მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობის პროცესი დაიწყო. მაშინ მთავრობებს შორის შეთანხმება ოფიციალურად ვერ შედგა, მხარეები მხოლოდ ერთობლივი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. ნინო ჩხობაძე ვარაუდობს, რომ იგივე განმეორდება ”ბეშიქ ჰაიას” პროექტის შემთხვევაშიც.

რეზო გეთიაშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის აქტიურობა:

”თუნდაც მწვავე და არადიპლომატიური განცხადებების გაკეთება ამ შემთხვევაში გამართლებულია, იმიტომ, რომ ხელისუფლება ხდება საზოგადოების დაკვეთის შემსრულებელი და ეს დიპლომატიისთვისაც ეხმარება, რომ ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აწარმოოს არა საკუთარი სიჯიუტის ხარჯზე, არამედ იმის გამო, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ამიტომ ამ საკითხის შესწავლა და შეფასება  იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა მოხდეს სიტუაციის შესწავლა, რა პროექტია, წყლის დებეტი როგორ შემცირდება, ამას ექსპერტიზა ჭირდება, თუ არსებობს ასეთი ექსპერტიზა, იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ.”

“მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე ჭოროხთან დაკავშირებული გამოცდილების მიუხედავად, ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში მეტი შანსი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, შეთანხმებას მიაღწიოს თურქეთის მხარესთან:

”ჭოროსხის საკითხი დაკავშირებული იყო სანაპირო ზოლის გარეცხვასთან. აქ საუბარია წყლის რაოდენობის შემცირებაზე, რაც უფრო ტრაგიკული და მწვავეა, ზიანი მეტია და, შესაბამისად, მეტი შანსია, რომ გაითვალისწინებენ სხვადასხვა ფაქტორს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი