საზოგადოება

შემოვლითი რკინიგზით დაზარალებულები

12 იანვარი, 2012 • 2496
შემოვლითი რკინიგზით დაზარალებულები

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ერთ–ერთი მშენებარე გვირაბის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა კომპენსაციის გარეშე რჩება.

სოფელ გლდანში, თიანეთის გზატკეცილზე, მშენებარე გვირაბი ერთ–ერთია იმ ხუთი გვირაბიდან, რომელიც შემოვლითი რკინიგზის პროექტის ფარგლებში შენდება.

ბესიკ ჭანტურიას სახლის ეზოში მდებარე მარანი სწორედ მშენებარე გვირაბის თავზე აღმოჩნდა. სამი კვირის წინ ბესიკ ჭანტურიას საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ შემოვლითი რკინიგზის ლიანდაგი მის მარანს ჩაუვლის.

სახლის მეპატრონემ ჯერ არ იცის, რამდენი მეტრის მანძილზე ჩაუვლის მისი სახლის ეზოს რკინიგზის ლიანდაგი, თუმცა, როგორც მისი მეზობლები, ისიც შიშობს, რომ რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სახლი და მარანი მაინც დაინგრევა.

საქართველოს რკინიგზის მიერ დაქირავებულმა ესპერტებმა გვირაბის სიახლოვეს მცხოვრებლებს აცნობეს, რომ მათ სახლებს საშიშროება არ დაემუქრება, შესაბამისად, ისინი ფულად კომპენსაციასაც ვერ მიიღებენ.

შემოვლითი რკინიგზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში წერია, რომ “ბენზინის ცისტერნის შესაძლო აფეთქების შედეგად 100 მეტრის რადიუსშიც კი მოსალოდნელია შენობების 100 %–ით ნგრევა და შენობა–ნაგებობების გარეთ მყოფი მოსახლეობისთვის უკიდურესად მძიმე, პრაქტიკულად ლეტალური შედეგები.”

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, როგორც ოფიციალურ დოკუმენტაციაშია განსაზღვრული, სარკინიგზო ობიექტების ქალაქის ფარგლებს გარეთ გატანის გზით, გაზრდის ქალაქის ცენტრალური უბნებში უსაფრთხოებას.

თიანეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ–ერთი სახლის ტერიტორია საქართველოს რკინიგზამ სახლის მეპატრონისგან სამი თვით იჯარით აიღო. სახლის მეპატრონეს კი ერთი წლის წინ აშენებული სახლის დანგრევა თავადვე მოუწია, სახლის დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო მასალები ეზოს სხვა კუთხეში მოათავსა, სამი თვის შემდეგ იმავე სამშენებლო მასალით ახალი სახლის აშენებას ფიქრობს.

“რომ არ დავთახმებოდი, ტრაქტორი მაინც გადაუვლიდა სახლს. ისევ საკუთარი ხელით ვარჩიე მისი დანგრევა და დემონტაჟი,”–ამბობს სახლის მეპატრონე.

სამშენებლო მასალებთან ერთად, ეზოს სხვა კუთხეში სახლის ახლოს დარგული ხეებიც გადაიტანა და ხელახლა დარგო.

საქართველოს რკინიგზის მიერ დაქირავებულმა ექპსეტებმა მას და თიანეთის გზატკეცილზე მდებარე სახლების მეპატრონეებს უთხრეს, რომ არც გვირაბის მშენებლობა და არც ექსპლუატაციაში შესული რკინიგზა მათ საცხოვრებელ სახლებზე გავლენას არ მოახდენს.

შესაბამისად, გვირაბის სიახლოვეს მდებარე სახლების მეპატრონეებისთვის ფულადი კომპენსაცია არ გაუციათ.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ირაკლი ეზუგბაია ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნავს, რომ კომპენსციების გაცემა უკვე დასრულებულია, ხოლო იმათ, ვისაც რაიმე სადავო აქვთ, ეზუგბაიას თქმით, მათ საკითხს სასამართლო განიხილავს.

“ვისი ნაკვეთი და უძრავი ქონებაც ამ პროექტის ფარგლებში მოხვდა, კომპენსაცია პრაქტიკულად ყველას მიღებული აქვს. შესყიდვები საქართევლოს რკინიგზის იურიდიულმა დეპარტამენტმა განახორციელა. ჯამში შევისყიდეთ 980 ნაკვეთი, რაშიც 22 მილიონ ლარზე მეტი არის გახარჯული. რამდენიმე მოსახლესთან შეგვექმნა კონფლიქტი შეთავაზებული თანხის მოცულობის გამო. ეს საკითხი ახლა სასამართლოს დავის საგანია. ერთმა მოსახლემ იჩივლა იმის გამო, რომ მას გზით სარგებლობა შეეზღუდა. თუმცა მასთან შეთანხმება მოხდა და ჩვენ ვგეგმავთ ალტერნატიული ხიდის მშენებლობას. რაც შეეხება სასამართლო დავებს, ამ საკითხში საქართველოს რკინიგზის იურიდიული დეპარტამენტია ჩართული. ვფიქრობ, მომჩივან მხარეებთან შევთანხმდებით,”–ამბობს ეზუგბაია.

დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, რომელიც თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ თანხის დაზოგვის მიზნით აღნიშნულ პროექტში ბუფერული ზონა განსაზღვრული არ არის.

“გვირაბთან მდებარე სახლებს საფრთხე აუცილებელად შეექმნებათ. სახლების დანგრევა დამოკიდებულია ვიბრაციაზე, რა თქმა უნდა, როდესაც 20–30 მეტრში რჩება სახლი, ვიბრაცია აუცილებელად იქნება. შესაძლოა ერთ დღეში არ დაინგრეს ეს სახლები, თუმცა დროთა განამვლობაში ეს მოსალოდნელია. გარდა ამისა, იქნება სუნი, იმის გამო, რომ ამ რკინიგზაზე იმოძრავებს არა სამგზავრო, არამედ ნავთობით დატვირთული შემადგენლობები, იქნება ხმაური. რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მათ ქონებას, გაუფასურდება და მათი უძრავი ქონების ის საბაზრო ფასი, რომელიც რკინიგზის მშენებლობამდე არსებობდა, დაიკლებს,”- ამბობს ჭიპაშვილი.

ბუფერული ზონების განსაზღვრასთან და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით “მწვანე ალტერნატივამ” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საჩივარიც შეიტანა, თუმცა EBRD-ის პროექტიდან გამოთიშვის შემდეგ  აღნიშნული საჩივარი აღარ განხილულა.

დღესდღეობით თბილისში არსებობს უბნები, სადაც რკინიგზის ლიანდაგიდან საცხოვრებელი სახლები რამდენიმე მეტრშია განთავსებული (ნაძალადევი, სანზონა), თუმცა მაშინ ამ ტერიტორიებზე მოსახლეობა თვითნებურად, საკუთარი გადაწყვეტილებით დასახლდა.

“2007 წლიდან ამ სახლს ვაშენებ. იმის გამო, რომ ერთბაშად ბევრი ფული არ მქონდა, ნელ–ნელა მომიწია მისი მშენებლობა. ძალიან ბევრი შრომა მაქვს მშენებლობაში ჩადებული. რომ მცოდნოდა, თითქმის სახლის ეზოში რკინიგზის ლიანდაგი მექნებოდა, სახლის აშენებას სხვაგან გადავწვეტდი,” – ამბობს სოფელ გლდანში, მშენებარე შემოვლითი რკინიგზის ახლოს მდებარე სახლის მეპატრონე.

შემოვლითი რკინიგზა, გეგმის მიხედვით, სადგურ ”ავჭალიდან” იწყება და ლილოს დასახლებასთან მთავრდება. რკინიგზის ხაზი ავჭალის დასახლებას შუაზე ყოფს და ადგილობრივ მცხოვრებლებთა კუთვნილ საკარმიდამო და სააგარაკე ნაკვეთებზეც გაივლის.

”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ განსახლების ჩარჩო –დოკუმენტში მოცემული კომპენსაციისა და განსახლების პრინციპები და პროცედურები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი