საზოგადოება

კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევა საქართველოში

27 დეკემბერი, 2011 • 3148
კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევა საქართველოში

„კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევამ საქართველოში“ აჩვენა, რომ რეპეტიტორობაზე მოთხოვნის გამომწვევი ორი ძირითადი ფაქტორია: სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის გამოცდების მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა კერძო რეპეტიტორობის თემაზე კვლევის მესამე ეტაპი 2011 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში განახორციელა. (კვლევის პირველი ეტაპი 2003 -2006  წლებში, მეორე ეტაპი კი 2009-2010  წლებში განხორციელდა).

კერძო რეპეტიტორობის თემაზე ჩატარებული კვლევის მიზნებს წარმოადგენდა– საქართველოში რეპეტიტორობის ფენომენის მასშტაბების დადგენა, რეპეტიტორობის მოთხოვნის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზების კვლევა, კერძო რეპეტიტობაზე მშობელთა მიერ გაწეული ხარჯების ანალიზი და კერძო რეპეტიტორობასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.

კვლევის დროს, 2011  წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა მშობლები გამოიკითხნენ. სულ 1200 პირისპირ ინტერვიუ შედგა.

კვლევამ საქართველოს ყველა რეგიონის ქალაქები და სოფლები მოიცვა  – აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

რა აჩვენა კვლევამ?

კვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, დღეისათვის საქართველოში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადება. რეპეტიტორებთან მომზადების მაჩვენებლები იზრდება საფეხურების ზრდასთან ერთად და კრიტიკულ მაჩვენებელს დამამთავრებელ კლასში აღწევს.

კვლევის შედეგების მიხედვით, მომზადების მასშტაბები კავშირშია ოჯახის შემოსავალთან. მაღალშემოსავლიან ოჯახებს შორის კერძოდ მომზადების წილი (64%)  მნიშვნელოვნად აღემატება დაბალშემოსავლიან ოჯახებში მომზადების წილს (24%).

კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში მცხოვრები  მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე ემზადება რეპეტიტორთან.

გამოკითხულთა 60%, რომელიც არ ემზადება, მიზეზად მხოლოდ ფინანსების სიმცირეს ასახლებს.  სოფლებში ეს მიზეზი 60%-მა დაასახელა.

კვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ თუ დამამთავრებელ კლასში რეპეტოტორობის მასშტაბები გამოცდებისათვის მზადებით არის გამოწვეული, საბაზო და საშუალო საფეხურზე რეპეტიტორობის გავრცელება სასკოლო განათლების დაბალ ხარისხით არის განპირობებული.

ისინი, ვინც რეპეტიტორობის სერვისს იყენებს, შედეგების თანახმად, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მაქსიმუმ სამ საგანში ემზადებიან, საშუალო საფეხურზე – 4-ში, დამამთავრებელ კლასში კი – მაქსიმუმ 9 საგანში.

რესპონდენტების უმეტესობა კერძო რეპეტიტორობის გავრცელებულობის მთავარ მიზეზად სასკოლო განათლების დაბალ ხარისხს ასახელებს (53%).

ასევე, რესპოდენტების 40%-ის აზრით, რეპეტიტორობაზე მოთხოვნას სკოლაში ნასწავლი მასალის გამოცდების მოთხოვნებთან შეუსაბამობა განაპირობებს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მშობელთა დანახარჯი განათლებაზე დაახლოებით 300  მილიონი ლარის ფარგლებშია, რაც სახელწიფოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებასთან მიმართებაში 85.5%-ს შეადგენს.

კითხვაზე, ვინ არის თქვენი შვილის რეპეტიტორი, არსებული პასუხებიდან უმრავლესობამ დაასახელაიმავე სკოლის პედაგოგი, კლასის მასწავლებელი, სხვა სკოლის პედაგოგი, ლექტორი, სხვა სკოლის პედაგოგი.

კვლევაში წერია, რომ მიუხედავად იმისა, ეროვნული გამოცდების შემოღების შედეგად კორუფცია მისაღებ გამოცდებზე აღმოიფხვრა, დამამთავრებელ კლასში რეპეტიტორობის მასშტაბები არ შემცირებულა 2004  წელთან შედარებით. დროის ამ მონაკვეთში გაიზარდა იმ საგნების რაოდენობა,  რომლებშიც გამოიყენება კერძო რეპეტიტორობის სერვისი. თუ ადრე დამამთავრებელი კლასში სამ საგანზე მეტში მხოლოდ მეოთხედი ემზადებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა, რაც სერვისის მომხმარებლებისათვის რეპეტიტორობის საერთო ღირებულების გაძვირებას იწვევს და სერვისის მომწოდებლებზე მოთხოვნას ზრდის.

კვლევის შედეგების პარალელურად, რეპეტიტორობის საკითხთან დაკავშირებით მკვლევართა მიერ რეკომენდაციებიც შემუშავდა, რომლის მიხედვით, აუცილებელია შენარჩუნდეს განათლების სისტემის დაფინანსების ზრდის ტენდენციები და ეტაპობრივად გაიზარდოს განათლების დაფინანსების წილი მშპ-ში,  რომელიც 2011  წლის მონაცემებით მხოლოდ 2,7%-ია, და პირველ ეტაპზე გაუტოლდეს მეზობელი ქვეყნების (სომხეთი,  აზერბაიჯანი)  მაჩვენებლებს,  ხოლო შემდგომი ეტაპებისათვის საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე,  ანუ 5%-მდე გაიზარდოს.

გაზრდილი რესურსების მიმართვის პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სეგმენტები (პედაგოგთა კვლიფიკაციის ამაღლება,  სკოლების მართვის ხარისხის გაუმჯობესება, სახელმძღვანელოების გაუმჯობესება და სხვ.). პირველ რიგში აუცილებელია იმ მნიშვნელოვანი სხვაობის მინიმიზაცია,  რაც მშობლების მხრიდან ხარისხიან განათლებაზე მოთხოვნასა და სკოლის მხრიდან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას/ვერდაკმაყოფილებას შორის არსებობს.  

უნდა მოხდეს სკოლის სასწავლო პროგრამისა და ეროვნული გამოცდების მოთხოვნების მაქსიმალური სინქრონიზაცია; ამ ეტაპისათვის აუცილებელია გაგრძელდეს და გაფართოვდეს პედაგოგების მატერიალური სტიმულირების პროგრამები და უფრო მრავალფეროვანი სახე მიიღოს. გარდა ფინანსური სტიმულირებისა, გამოყენებულ იქნას სხვა ფორმებიც, როგორიცაა– გარკვეული საგადახადო შეღავათები,  ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა სოციალური პაკეტები,  პროფესიონალური განვითარებისათვის დამატებითი ვაუჩერები და ბევრი სხვა. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის პედაგოგის პროფესია გახდეს საზოგადოებისათვის მიმზიდველი და პრესტიჟული, რაც უთუოდ წაახალისებს დარგში ახალი პროფესიონალური კადრების მოზიდვას სხვა მონათესავე სფეროებიდან.

კვლევის ანალიზის მიხედვით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, აფრიკაში კერძო რეპეტიტორის მომსახურების გაწევა ნაწილობრივ განპირობებულია პედაგოგების დაბალი ხელფასით და მათზე ზედამხედველობის დაბალი დონით.

“კანადაში კი პირიქით,  501  ოჯახის (რომლებშიც სასკოლო ასაკის ბავშვები იყვნენ) სატელეფონო გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ იმ დროისათვის ოჯახების მხოლოდ 9.4% იხდიდა კერძო რეპეტიტორის მომსახურების თანხას, 8.4%–ს კი წარსულში ჰქონდა გადახდილი ამ მომსახურების საფასური.  ეს შეესაბამება ჩრდილოეთ ამერიკის ზოგად მოდელს,  სადაც კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტი ზოგადად ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე აზიასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში, თუმცა მზარდ ხასიათს ატარებს,”–ნათქვამია კვლევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი