საზოგადოება

როგორ აღნიშნავენ ხანუქას საქართველოში

22 დეკემბერი, 2011 • 2493
როგორ აღნიშნავენ ხანუქას საქართველოში

“ხაგ სამეახ ხანუქა”- ასე დაიწყო ხანუქას დღესასწაული ლიკა დავარაშვილის ოჯახში, რომელიც 32 წელია საქართველოში ცხოვრობს. დავარაშვილების ოჯახი 5 წევრისგან შედგება, დღესასწაულისთვის ისინი ერთი თვით ადრე იწყებენ მზადებას:

”ხანუქა ებრაელი ერის გადარჩენის დღესასწაულია და განსაკუთრებული მხიარულებით ვხვდებით ამ დღეს, ვცდილობთ, ეს განწყობა ოჯახის ყველა წევრს ჰქონდეს”.

ხანუქას დღესასწაულს ებრაელი ხალხი 8 დღისა და ღამის განმავლობაში აღნიშნავს. მთვარის კალენდრის მიხედვით, “ხანუქას” ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის თვეში ზეიმობენ. დღესასწაული ბერძნულ-სირიულ არმიაზე ებრაელთა მცირერიცხოვანი ჯარის გამარჯვებას ეძღვნება, რომლის შედეგად ტაძარი გათავისუფლდა და ღვთისმსახურება აღდგა. ბერძენთა წინააღმდეგ აჯანყებულები მაკაბელთა სახელით არიან ცნობილნი.

ამ დღესასწაულის ტრადიციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჩვეულებებისგან, რასაც ებრაელი ხალხი ყოველდღიურად ატარებს. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამ დღეს ხანუქას სანთელი ინთება და სპეციალურ ლოცვას კითხულობენ.

ებრალი ხალხი ცდილობს, ამ დღეს განსაკუთრებული კერძებიც მოამზადოს. ლიკა დავარაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ოჯახში ზეთისგან დამზადებული კერძი ყოველთვის არის.

ზეთისგან დამზადებული კერძი ხანუქას დღესასწაულის ისტორიასთან უშუალო კავშირშია. როდესაც ებრაელი ხალხი გამარჯვების შემდეგ ტაძარში დაბრუნდა, მათ სალოცავში, რომელსაც ბეთჰამიგდაში ეწოდება, მხოლოდ ზეთის ერთი დოქი დახვდათ, რაც სანთლის ერთი დღით დანთებისთვის იყო საკმარისი, თუმცა სანთელი 8 დღისა და ღამის განმავლობაში ანათებდა. სწორედ ამიტომ არის ზეთით დამზადებული კერძის ტარდიცია შენარჩუნებული და ასევე ამ მიზეზით აღინიშნება დღესასწაული 8 დღისა და ღამის განმავლობაში.

”ხანუქას დღესასწაული” ებრაელმა ხალხმა თბილისშიც აღნიშნა. დღესდღეობით საქართველოში 4000 ებრაელი ცხოვრობს, აქედან უმრავლესობა თბილისში ცხოვრობს-2500 მოსახლე, დანარჩენი გადანაწილებულია გორში, ქუთაისში. ახალციხეში 4 ოჯახია შემორჩნილი, ასევე, რამდენიმე ოჯახი ფოთში და სენაკში. თბილისში ორი სინაგოგაა.

თბილისის დიდ სინაგოგაში გუშინ, 5 საათისთვის, ხალხმა ნელ–ნელა დაიწყო მოსვლა. ლოცვის დასაწყებად მინიმუმ 10 ადამიანი უნდა შეიკრიბოს. სინაგოგაში დაახლოებით 25 ადამიანი მოვიდა, მხოლოდ მამაკაცები.

თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ფირუზ კოჩობაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ბევრი ხალხი შაბათ დღეს მოდის სალოცავად, რადგან ებრაელთათვის შაბათი დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისა. ღმერთმა სამყარო 6 დღეში შექმნა და მეშვიდე დღეს დაისვენა, ასევე ცხოვრობს ებრაელი ხალხიც, ისინი შაბთ დღეს დასვენებასა და ლოცვაში ატარებენ.

ხახამი რახამიმი აღნიშნავს, რომ ”ხანუქას” დღესასწაულზე არ არის სავალდებულო, სინაგოგაში მიხვიდე სალოცავად. ოჯახის ყველა წევრი ვალდებულია, სახლში დაბრუნდეს და სანამ სანთელს არ აანთებს, არაფრის გაკეთების უფლება არ აქვს:

”ყველა ანთებს ხანუქას სანთელს, მის ირგვლივ სხდებიან და მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში აღნიშნავენ ამ  დღესასწაულს, საუბრობენ მის შესახებ, ყველა ყვება იმ ისტორიებს, რაც იცის”.

ხახამი ამბობს, რომ ეს დღესასწაული ოჯახის ერთიანობის სიმბოლოც არის. მისი აზრით, ადამინის სიძლიერე ოჯახის სიმტკიცესთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც დაღამდება და პირველი ვარსკვლავი გამოჩნდება ცაზე, ყველა ოჯახში სანთელი ანთია. ხახამის თქმით, სასურველია, სანთელი ფანჯარასთან ენთოს, რათა მხოლოდ სახლში კი არ იყოს შუქი, ასევე – გარეთაც გადიოდეს.

”ადამიანმა უნდა აჩვენოს ყველას, რომ არსებობს ღმერთი და მისი შუქი,” – ამბობს ხახამი.

”ხანუქას” დღესასწაულზე სუფრაზე უნდა იყოს ყველი, რადგან ბერძნებთან ბრძოლის ისტორია ებრელ ქალთან, ივდითთან არის დაკავშირებული, რომელმაც ყველისა  და ღვინის მეშვეობით ბერძენთა მეთაური დაათრო და თავი მოკვეთა, შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდა და მოჭრილი თავი მიიტანა. ამ ისტორიის შემდეგ ივდითი ქალური სიმამაცის სიმბოლოა.

ოთარ წიწუაშვილი 35 წელია საქართველოში მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ”ხანუქას” დღესასწაულს ტრადიციებისამებრ აღნიშნავს:

”ჩვენს ისტორიას რომ გადახედოთ, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ებრაელ ერს აღარ ეარსება, მაგრამ ღმერთის წყალობით გადავრჩით, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ თაობათა შესანარჩუნებლად და ჩვენ ეს ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ”.

ამავე თემაზე:

საზეიმო მიღება “ხანუქას” დღესასწაულის გამო

მასალების გადაბეჭდვის წესი