საზოგადოება

რა საერთო აქვს მერაბიშვილის უწყებას საბჭოთა ეპოქასთან

18 დეკემბერი, 2011 • 1744
რა საერთო აქვს მერაბიშვილის უწყებას საბჭოთა ეპოქასთან

რა საერთო აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბავშვებთან ურთიერთობის ფორმებს საბჭოთა ეპოქასთან? ფსიქოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შსს–ს მიერ მოზარდების იდეოლოგიზირება ხდება, რაც ქვეყანას საბჭოთა დროში აბრუნებს.

29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში სკოლის მოსწავლეების სტუმრობა შედგა. როგორც გაირკვა, სამინისტროში ვიზიტის უფლება მხოლოდ წარჩინებულ მოსწავლეებს მიეცათ, რასაც ამ ღონისძიებების ერთ–ერთი მონაწილე თავის ბლოგში აღნიშნავს, რომელიც სამინისტროში სტუმრობის შესახებ შთაბეჭდილებების გასაზიარებლად გამოაქვეყნა:

”კლასის დამრიგებელმა ჩვენი კლასის ”რჩეული საზოგადოება”, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, წარჩინებული მოსწავლეები შეგკვრიბა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიწვევის ამბავი გვამცნო”.

ფსიქოლოგი ნატო ზაზაშვილი ამბობს, რომ სწორედ საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა მოსწავლეების ასეთი დაყოფა – ხუთოსნები და ოროსნები, კარგი და ცუდი ბავშვები.

”რატომ არ ეკუთვნის, ვთქვათ, წარჩინებული მოსწავლის გარდა, ”შსს-ს გამჭირვალობის” ნახვა სხვა მოსწავლეს?” – კითხულობს ნატო ზაზაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პრეზენტაცია საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის თემაზე შსს–ში სტუმრად მისულ მოსწავლეებს წარუდგინა. მათ, ასევე, განათლების სამინისტროს მიერ შემოღებული ახალი რეფორმები გააცნეს.

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა ისმენდნენ მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროში ქვეყნის მდგრადი განვითარების შესახებ პრეზენტაციებს, ნაცვლად იმისა, რომ იარონ მუზეუმებში, ან ისეთ ადგილებში, სადაც მათი შემეცნებითი უნარები გამოიწრთობა და უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ ისეთ საკითხებზე, რაც მათ განათლებას შეუწყობს ხელს.

თავად ბლოგის ავტორიც ამბობს, რომ მისთვის დღემდე ამოცანად რჩება, თუ რატომ მოისმინეს შსს–ს შენობაში მდგრადი განვითარების შესახებ პრეზენტაცია:

”თუმცა! საბოლოო ჯამში, პირადად მე, კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით და მომხრე ვარ, კიდევ უფრო ხშირად ჩატარდეს ამგვარი აქციები, იმიტომ, რომ არის რაღაც ქმედითი ამ ყველაფერში (მოსწავლეები ეჩვევიან დისკუსებში მონაწილეობას, აქტიური მსმენელობაც ხომ საინტერესოა?!). ძალოვან შენობებში ვიზიტები საინტერესოა, თუმცა სულაც არ ვთვლი, რომ ამის გამო მოსწავლეებმა მუზეუმებში, თეატრებში და ა.შ ადგილებში სიარულზე უარი უნდა თქვან, არა მგონია, ხელს უშლიდეს იგივე შსს-ს შენობაში ვიზიტს”.

ლელა გაფრინდაშვილი თვლის, რომ ასეთი შეხვედრებისას ახალგაზრდების იდეოლოგიზირება ხდება, როცა მოსწავლეები თავად კი არ უკვირდებიან მოვლენებს, არამედ მათ უყვებიან ამბებს, ისე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ხედავენ და გამზადებულ დასკვნებს, როგორც ჭეშმარიტებას, აწვდიან.

სწორედ ამ დამოკიდებულებაში ხედავს ფილოსოფოსი პარალელს საბჭოთა კავშირთან, როცა ამოსავალი წერტილი იყო არა მოვლენების რეალური განვითარება, არამედ იდეოლოგია და ის, თუ რას ფიქრობენ იდეოლოგები.

იმას, რომ მოსწავლეებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის უკრიტიკოდ მიღების საფრთხე არსებობს, ბლოგის ერთ-ერთი პასაჟიც ადასტურებს, სადაც მოსწვალეებს და პრეზენტატორებს შორის არსებული დისკუსიაა აღწერილი:

”ერთ-ერთმა აბეზარმა მოსწავლემ კითხვებით იმდენად შეაწუხა სამივე ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ბატონმა ვანომ ბოლოს ვეღარ მოითმინა და მოსამსახურე პერსონალს მისთვის მიკროფონის გამორთმევა თხოვა, რა თქმა უნდა, მსუბუქი ხუმრობის ინტონაციით”.

ბლოგის ავტორმა “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს მეტი მოთმინება უნდა გამოეჩინა :

”თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მიკროფონი მისთვის არავის ჩამოურთმევია , ბატონი ვანოს რეპლიკამ სიხალისე შემოიტანა აუდიტორიაში”.

ბლოგის ავტორი ამბობს, რომ  შეკითხვებს მოსწავლე  ძირითადად განათლების სისტემასთან  დაკავშირებით სვამდა და ერთ-ერთმა შეკითხვამ სამინისტროს წარმომადგენელი დააბნია კიდეც:

”ჩემი აზრით, ეს უფრო კითხვის არასწორად ჩამოყალიბებამ გამოიწვია და არა კითხვის სიმწვავემ  ან კრიტიკულობამ, ამიტომ სთხოვა კიდევ ერთხელ გაემეორებინა”.

მოგვიანებით, როცა  ბლოგი აქტიური განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელ Facebook-ში, ტექსტში მოხსენიებული მოსწავლე, რომელმაც კითხვებით ხელისუფლების წარმომადგენლებს ”თავი მოაბეზრა”, წერს, რომ სამივე ხელისუფალი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრებს ავითარებდნენ:

”არც ერთ კითხვაზე არ გამცეს ნორმალური პასუხი. ვეკითხებოდი ერთს, მპასუხობდნენ მეორეს, ავტორს კი ყველაფერი გამჭირვალედ ეჩვენება, მაგრამ მე სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა, აქტიურად ცდილობდნენ თვალი აეხვიათ ჩვენთვის”.

ასე არ ფიქრობს თავად ბლოგის ავტორი. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან პასუხებზე გაცემის დიდი მცდლობა ჩანდა:

”რამდენად დააკმაყოფილდა  აუდიტორია, არ ვიცი, თუმცა მე ვთვლი, რომ მეტნაკლებად თავი გაართვეს”.

დისკუსიის მონაკვეთი არ არის ერთადერთი ადგილი ბლოგში, რომელშიც აბსოლუტური მიმღებლობის საფრთხე ჩანს, ბლოგის ბოლოს ავტორი წერს:

”წამოსვლისას ჩემმა კლასელმა მკითხა, მაინც რა მოგწონს და რა გაგიჟებს ამ შენობაშიო, მე მარტივად ვუპასუხე – ”გამჭირვალობა”. ასეა, ყველაფერი ხდება გამჭირვალედ და ძალიან მიუკერძოებლად, აქამდე თუ ვინმეს არ სჯეროდა, იმ დღეს ყველას მიეცა საშუალება, თავად ენახა, როგორ მუშაობს დღევანდელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზოგადად ხელისუფლება”.

იმისთვის, რომ დავინახოთ, თუ  როგორ საზოგადოებას მივიღებთ ახალგაზრდების იდეოლოგიზირების შემთხვევაში, ფსიქოლოგ ნატო ზაზაშვილს ცნობილი ექსპერიმენტი მოჰყავს, რომელიც მეოცე საუკუნი 60-ანი წლების მიწურულს ჩატარდა:

ექსპერიმენტით მორჩილებისადმი ადამიანის მოწყვლადობის გაზომოვას ცდილობდა მეცნიერი ჩარლზ ჰოფლინგი. საველე ცდის პირობებში ექთნები უცნობი ექიმებისგან იღებდნენ მითითებებს, რომ პაციენტისთვის წამლის დოზა საშიშ რაოდენობამდე გაეზარდათ, შედეგებმა აჩვენა, რომ 26 ექთნიდან 25 ასრულებდა ექიმის მითითებებს.

მოგვიანებით მორჩილების შესახებ ექსპერიმენტებს ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო სწავლობდა. ზიმბარდო წერს, რომ  კაცობრიობამ უნდა გადახედოს ბავშვთა აღზრდის კონცეფციას და პირიქით, ჯიუტი ბავშვები უნდა აღვზარდოთ, რომელიც მომავალში არ დაემორჩილება ზემოდან ისეთ მითითებებს, როგორიც ჰოლფინგის ექსპერიმენტის შედეგისას დაფიქსირდა.

ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მომავალი თაობა სწორედ  საინტერესო, შემოქმედი, დაეჭვებული უნდა იყოს და ბევრი შეკითხვები უჩნდებოდეს. ფილოსოფოსის აზრით, ამ პროცესს შსს-ში შეხვედრები ხელს უშლის.

”ეს ასაკი არის ორიენტაციების ძებნის, მათი ინდივიდუალურ გზაზე დადგომის, როცა ამ დროს მათ სხვა ასპარეზთა სიმრავლეს კი არ თავაზობს, არამედ ერთ გამზადებულ კალაპოტს. ეს, ბუნებრივია, არის საფრთხის შემცველი იმ თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანები ჩამოყალიბდნენ ღირსეულ, დაეჭვებულ, საინტერესო, შემოქმედ მოქალაქეებად”.

ფსიქოლოგი ნატო ზაზაშვილი თვლის, რომ ბავშვისთვის კრიტიკული აზროვნების შეჩვევას სკოლა პირველივე კლასიდან უნდა უზრუნველყოფდეს, როცა მოსწავლეს არ ეშინია აზრის გამოთქმა, თუნდაც ის არ ეთანხმებოდეს მასწავლებლის ან მის გვერდით მჯდომი კლასელის მოსაზრებას:

”მაგალითისთვის დააკვირდით, როგორ ხდება ჩვენთან ისტორიის სწავლება, რომელიც მთლიანად მითოლოგიზირებულია და არ შეიძლება კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა გამოჩენილ ადამიანებზე, წმინდანებზე აღარ მაქვს საუბარი, ძალიან ბევრი მიზეზია, რომელიც ხელს უწყობს ისეთი ცალმხრივი მენტალობის ჩამოყალიბებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო და ასეთი ვიზიტები ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს მის ნგრევას”.

29 ნოემბრის ვიზიტი არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მოსწავლეები  და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ სიბრტყეში ხვდებიან. 2011 წლის  მაისში პოლიციის შესახებ საიმიჯო კლიპი გამოვიდა, სადაც მომღერლებიც და მონაწილეებიც მოსწავლეები არიან. არასრულწლოვანებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ბათუმში ”აჭარის გათავისუფლების” მე-7 წლისთავის და პოლიციის დღის გამო  გამართულ  საზეიმო აღლუმში. ცოტა ხნის წინ კი, შს მინისტრმა ლანჩხუთის პოლიციის ახალი შენობა სწორედ ბავშვების გარემოცვაში გახსნა.

ლანჩხუთის პოლიციის შენობის გახსნა
ლანჩხუთის პოლიციის შენობის გახსნა

მასალების გადაბეჭდვის წესი