საზოგადოება

გაყალბებული არჩევნებიდან დაბრუნებულები

7 ნოემბერი, 2011 • 1756
გაყალბებული არჩევნებიდან დაბრუნებულები

2010 წლის 30 მაისს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს ხელვაჩაურში, ძირითადად, ისევ ის ადამიანები ჩაატარებენ, რომლებიც 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების გაბათილების შემდეგ დაითხოვეს.

მათგან ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიებში საკუთარი განცხადების საფუძველზე საოლქომ შეიყვანა, ზოგიერთი კი უბნებზე პოლიტიკურმა გაერთიანებამჩვენ თვითონ” დამრეწველებმაწარადგინეს.

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წევრის, ზაირა ძნელაძის ინფორმაციით, “ოლქში კომისიებში მოხვედრის მსურველთა შვიდასამდე განცხადება შევიდა. საოლქო კომისიას 378 ადამიანი უნდა აერჩია. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებსაც საარჩევნო გამოცდილება არ ჰქონდათ და იყვნენ გამოცდილებიც, რომელთა კომპეტენტურობა ეჭვქვეშ სწორედ მაშინ დადგა, როცა ხელვაჩაურში უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩაიშალა”.

მათი პასუხისმგებლობის თაობაზე არაფერია ნათქვამი უსკოს 2008 წლის 5 ნოემბრის სხდომის ოქმში. იურიდიული კომისიის დასკვნაში კი, რომელიც უსკოს ამავე სამსახურის უფროსმა _ ფრიდონ ბათნიძემ წარუდგინა, წერია, რომ საარჩევნო პროცესი ხელვაჩაურის #83 ოლქში კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარეობდა: “მნიშვნელოვანი დარღვევები იყო #35, #13, #64, #11, #1, #59, #9, #38 უბნებზე; დაფიქსირდა სხვის მაგივრად ხმის მიცემის ფაქტები; არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს 18 წელს მიუღწეველმა პირებმა; ერთმა და იმავე პირებმა რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში; გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმა მისცა იმაზე მეტმა ამომრჩეველმა, ვიდრე სიის დანართში იყო შეყვანილი; უბანში დაბრუნდა ერთით მეტი საარჩევნო ბიულეტენი, ვიდრე გადასატანი საარჩევნო ყუთის მხლებლებს გადაეცათ; ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ყუთში მოთავსებულ იქნა იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული; დაფიქსირდა პირადობის მოწმობის გარეშე და ვადაგასული დოკუმენტით ხმის მიცემის ფაქტები; თითქმის ყველა უბანზე სიის დანართში შეყვანილ ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება, ხმა მიეცათ განმეორებით; სიის დანართში შეყვანილი იყვნენ ის ამომრჩევლები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაშიმსგავსი დარღვევები დაფიქსირდა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე; რამდენიმე საარჩევნო უბანი განლაგებული იყო პოლიციის შენობაში”.

უსკომ ხელვაჩაურის ოლქში 3 ნოემბრის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგები 2008 წლის 5 ნოემბერს ცნო ბათილად (განკარგულება #90) და ხელახალი არჩევნები (პროპორციული _ 16 ნოემბრისთვის, ხოლო მაჟორიტარული _ 14 დეკემბრისთვის) დანიშნა.

იმავე დღეს, უსკოს #93 განკარგულებით გადაწყდა, რომ ორივე არჩევნებს ახალი საუბნო კომისიები ჩაატარებდნენ; ხელახალი არჩევნებისთვის კომისიების დაკომპლექტების მიზნით კონკურსის 7 ნოემბრამდე გამოცხადება კი ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა (#94).

პარალელურად, ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ილია ცხადაძეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უფლებამოსილება ვადამდე ადრე, სწორედ 5 ნოემბერს შეუწყვიტა. იმ დღეს ვაკანტურ ადგილზე კონკურსიც გამოაცხადეს. ცესკოს 7 ნოემბრის განკარგულებით კი, საოლქო კომისიის წევრად ომარ ვარშანიძე აირჩიეს.

საიას იურისტის, გია ქარცივაძის განმარტებით, “საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილად ცნობა ნიშნავს, რომ ადმინისტრაციამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, ანუ ვერ უზრუნველყო არჩევნების პროცესის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარება. ეს მაშინ მოქმედი კანონით თანამდებობის პირების სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდა (საარჩევნო კოდექსის მე-82 მუხლი)”.

უსკომ ხელვაჩაურის ოლქში შედეგების გაბათილების ერთერთ მიზეზადაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” კანონის 63- მუხლის მე-11 პუნქტიც მიუთითა, რომლის თანახმად ოლქის შედეგები იმ შემთხვევაში უქმდება, თუ ამ ოლქის გარკვეულ უბნებზე კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები”.

კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის” ფაქტები მხოლოდ უსკოს სხდომის ოქმშია ჩამოთვლილი, ამ უხეშ დარღვევებზე” კი არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა. “უხეშად დამრღვევისაუბნო კომისიების წევრებიდან ხელახალ არჩევნებზე აღარ ჩანან პირები, რომლებსაც 3 ნოემბერს საუბნო კომისიებში თავმჯდომარის ან მდივნის თანამდებობები ეკავათ. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი ისინი თითქმის იმავე შემადგენლობით და იმავე პოზიციებზე დაბრუნდნენ.

გია ქარცივაძე: “საარჩევნო კოდექსისა (მუხლი 18) დააჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებკანონის (მუხლი 22) თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა”.

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ომარ ვარშანიძის განცხადებით, “პირებს, რომლებიც 30 მაისის არჩევნებისთვის ხელვაჩაურის ოლქმა საარჩევნო კომისიებში შეიყვანა, არანაირი გაფრთხილება ან საყვედური პირად საქმეში არ ჰქონიათ”. ეს ინფორმაციაბათუმელებს” რამდენიმე მათგანმა სატელეფონო საუბარშიც დაუდასტურა.

მე ჩემმა თავმჯდომარემ მითხრა, რომ ჩვენ აღარ ვიქნებოდით. სხვას არავის არაფერი უთქვამს, ხელახალ არჩევნებზე მთელ ოლქში გამოცვალეს თავმჯდომარეები და მდივნები, მაგიტომაც აღარ ვიყავით” _ ზაზა თედორაძე (მახინჯაური).

სხვები რომ მოიყვანეს? რაღაც დავა იყოზუსტად აღარ მახსოვს. ოფიციალურად არაფერი შეუტყობინებიათ. გავიგეთ, რომ სხვები ჩაატარებდნენ. რა ხდება, რამე შანტაჟია? ისე, ჩვენს უბანზე დარღვევა არ ყოფილა, არც საჩივარი დაუწერია ვინმეს”, _ მზია დუმბაძე.

ვახტანგ ხმალაძე (ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი): “უსკოს ოქმში აღწერილი ფაქტებიდან ჩანს, რომ ეს დარღვევები განაპირობა საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობის დარღვევამ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა კომისიის წევრებს ეკისრებათ. ამ შემთხვევაში ზემდგომ კომისიას უნდა განეხილა ქვემდგომი კომისიების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, უნდა შეეწყვიტა მათთვის უფლებამოსილება და მიეთითებინა, რომ ამის საფუძველი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. ასეთ შემთხვევაში ამ პირებს უფლება აღარ ექნებოდათ, ოდესმე გამხდარიყვნენ საარჩევნო კომისიების წევრები”.

რატომ დაითხოვეს საუბნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნების სრული შემადგენლობა, თუ მათ საარჩევნო კანონი არ დაურღვევიათ ? ან თუ მათი ბრალეულობა დადასტურდა, რატომ არ დაიწერა მათი გათავისუფლების ბრძანება, ან რატომ არ მისცეს საყვედური?

ომარ ვარშანიძე: “მე როცა მოვედი, ოლქის შედეგები უკვე გაუქმებული იყო. არ ვიცი, როგორ წავიდნენ ეს ადამიანები, ოლქის შედეგები უსკომ გააუქმა და საყვედურის ან გაფრთხილების მიცემაც წესით უსკოს კომპეტენცია იყო”.

უსკოს არ ჰქონდა პირთა პასუხისმგებლობის დაყენების უფლებამოსილება, ჩვენ მხოლოდ საჩივრები განვიხილეთ. რამდენადაც ვიცი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ილია ცხადაძემ დაწერა განცხადება ცესკოში და გადადგა. ჩვენ მის განცხადებას ვერც განვიხილავდით, ოლქები უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მხოლოდ დროებით გვექვემდებარებიან, მათი ზემდგომი ცესკოა”, _ განუმარტაბათუმელებს” უსკოს კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემ.

ცესკოს პრესსპიკერი _ ჯულია გიორგაძებათუმელებთან” საპირისპირო განცხადებას აკეთებს: “ჩვენი იურისტების განმარტებით, ხელვაჩაურის ოლქის თავმჯდომარემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არჩევნები აჭარის უსკომ ჩაატარა, შედეგებიც მათ გააბათილეს და კითხვებიც მათ უნდა დაუსვათ”.

ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, ხელახალი არჩევნებისთვის კონკურსს ვერ ჩაატარებდნენ, თუ ძველი კომისიის წევრებს არ გაათავისუფლებდნენ: “თუ ისინი დარჩნენ და ახალი ადამიანები მაინც აირჩიეს, ესეც უკანონობაა. აქ არის წყება კანონდარღვევებისა. როგორც მეუბნებით, ახლა იგივე პირები არიან საუბნო კომისიების წევრები. აშკარაა, რომ იმ პირების კომისიის წევრებად დანიშვნა, რომლებიც კომისიის წევრობიდან კანონის დარღვევის გამო გაათავისუფლეს, არის უკანონობა. ვფიქრობ, ვისაც აქვს ამის უფლება და ეს საარჩევნო კოდექსში ნათლად წერია, მათ უნდა გაასაჩივრონ ეს საკითხი სასამართლოში”.

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, პეტრე ზამბახიძის შეფასებით, “დარღვევებზე მოხდა რეაგირება, შედეგები გაბათილდა და ხელახლა ჩატარდა არჩევნები. სხვა დანარჩენი კი იმ პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი იყო, რომლებმაც საკითხი დააყენეს. თუ უბანზე დარღვევას აფიქსირებს არასამათავრობო ორგანიზაცია, ის წერს საჩივარს და მიყვება ამ პროცესს. შეიძლება ჩათვალეს, რომ ოლქის გაბათილება არის მაქსიმუმი. ყველას დასჯას, ბუნებრივია, ვერ მოითხოვდნენ. გააჩნია დარღვევის ხარისხს. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი და შეიძლება _ არა”.

ფაქტის მეორე მხარე

უსკოს გადაწყვეტილებას ხელვაჩაურის ოლქის გაუქმების თაობაზე მაშინ საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ხელახალი არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ საზოგადოების ერთი ნაწილი ამ ამბის მეორე პოლიტიკურ მხარეზე ალაპარაკდა.

3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, წინასწარ გავრცელებული მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმათა 78,83 პროცენტით გაიმარჯვა და 10 პროპორციული მანდატი მოიპოვა. “ნაციონალურმა მოძრაობამმოიგო არჩევნები ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც. 14,75 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა და 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ასევე გიორგი თარგამაძისქრისტიანდემოკრატიულმა მოძრაობამ”, თუმცა მათ პროპორციულად ერთზე მეტი მანდატის მოპოვება ვერ შეძლეს.

რესპუბლიკელ” მურმან დუმბაძის განცხადებით, “მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან მოინდომადა თითქმის 100-პროცენტიან გამარჯვებას მიაღწია. ეს, თავისთავად, ბადებდა ეჭვს, რაც უცხოელი ექსპერტების თვალში, ქვეყნის დემოკრატიულობის თვალსაზრისით, არც ისე კარგი საზომია, ამიტომ სახელისუფლებო პარტიამ მოძებნა გამოსავალი და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა სარჩელზე დაყრდნობით 83- ოლქის შედეგები ბათილად გამოაცხადა”.

ხელახალი არჩევნებისთვის ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა.

წელს, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელვაჩაურის ოლქში 63 უბანია გახსნილი. აქედან 50 უბანში კომისიის თავმჯდომარეებად და მდივნებად სწორედ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც 3 ნოემბრის არჩევნებზეც ამ თანამდებობებზე იყვნენ _ 37 ყოფილი თავმჯდომარე და 27 ყოფილი მდივანი.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი