საზოგადოება

სახელმწიფო VS ცდოს მოსახლეობა – დაპირისპირება ელეტრობოძების გამო

29 აპრილი, 2016 • 3087
სახელმწიფო VS ცდოს მოსახლეობა – დაპირისპირება ელეტრობოძების გამო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ცდოში დარიალი-სტეფანწმინდის 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გასული ზაფხულიდან აპროტესტებენ და საქართველოს მთავრობას ალტერნატიული ვარიანტის განხილვას სთხოვენ, თუმცა მათი მოთხოვნები დღემდე იგნორირებულია.

 

ცდოს მოსახლეობას საქართველოს მთავრობასთან სამი მთავარი მოთხოვნა აქვს: სოფლის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შეჩერება, “მიტაცებული მიწების დაბრუნება” და მათ მიერ შეთავაზებული პროექტის ალტერნატიული ვარიანტის განხილვა.

სოფლის პირას მძიმე ტექნიკა მუშაობს. საცხოვრებელი სახლების გაყოლებაზე, დაახლოებით 50-100 მეტრში ითხრება მიწა, სადაც ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად ოთხი ახალი ბოძი უნდა აშენდეს. სოფლის სიახლოვეს საპატრულო პოლიციის ერთი მანქანა დგას. ცდოს მკვიდრის, გოჩა წიკლაურის თქმით, პოლიციელები ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც სოფლის მოსახლეობამ 17 აპრილს პირველი საპროტესტო აქცია გამართა.

ცდოს მოსახლეობა აცხადებს, რომ 13-კილომეტრიან მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ნებართვის გაცემამდეა დაწყებული. მათი თქმით, სამუშაოები გასულ ზაფხულს დაიწყეს, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ ცოტა ხნით ადგილზე ტექნიკის მუშაობა შეჩერდა. მშენებლობის ნებართვა სამი კვირის წინ გაიცა, მაგრამ პროექტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

“სამი კვირის წინ გაიცა ნებართვა და უკვე უამრავი სამუშაოა ჩატარებული. მშენებლობა მიმდინარეობდა უკანონოდ. მოვითხოვთ, შეწყდეს ეს მშენებლობა, თუნდაც იმ 1-2 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ჩვენი სოფლის ტერიტორიას ეხება და მოგვეცეს საშუალება, სამართლებრივ სივრცეში გადავიტანოთ ჩვენი პრეტენზიები, მოვიპოვოთ დოკუმენტები, რომლებიც  კანონიერი გზით ჯერ ვერ მოვიპოვეთ, და სასამართლოში გადავიტანოთ ჩვენი პრეტენზიები,” – ამბობს სოფელ ცდოს მკვიდრი, ზაზა წიკლაური.

ცდოს მოსახლეობა ალტერნატიული ვარიანტის განხილვას მოითხოვს, რომელსაც ისინი საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ პროექტირების დაწყებამდე სთავაზობდნენ. ალტერნატიულ ვარიანტში ისინი ელექტროგადამცემი ხაზების გატარებას სოფლის მოშორებით, მდინარე თერგის მარჯვენა ან მარცხენა სანაპიროზე გულისხმობენ. ზაზა წიკლაური აცხადებს, რომ მათ მიერ შეთავაზებული ვარიანტი მთვრობას არც განუხილავს და არც შეუსწავლია.

“სამუშაოები მიმდინარეობს პირდაპირ სოფლის ტერიტორიაზე, ჩვენს საკუთარ მიწა-წყალზე. ეს ჩვენი ეზოებია, აქ ვართ გაზრდილები. ჩვენი საკუთრებაა, რასაც ხედავთ. ძველი ანძები ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. მომავალში შეიძლება ამ ანძების დემონტაჟი გააკეთონ. ამის პარალელურად, გაჰყავთ ახალი ხაზები. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ ასეთ ალტერნატივას – სოფლის გვერდის ავლით, თერგის მხარეს, მარჯვენა ან მარცხენა სანაპიროზე არის ხაზების გატარების საშუალება. დაბლა, თერგის ჭალაზე. მანძილი არ იცვლება და ანძების რაოდენობა სავარაუდოდ ნაკლები იქნება. სრულიად გონივრული ალტერნატივაა, რომელიც გააიაფებს პროექტს.”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ცდოში ელექტროგადამცემი ხაზების შემოვლითი გზით გაყვანა გაუმართლებელია და სოფლის ფერდობზე ელექტროგადამცემი ხაზის ოთხი ბოძის დადგმა მოსახლეობას არ აზიანებს. ილია ელოშვილის თქმით, 4 ბოძი, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად უნდა გამოიყენონ, საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულია და ცდოს მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის.

ცდოს მოსახლეობის კიდევ ერთი მოთხოვნაა “მიტაცებული მიწების დაბრუნება”. მიტაცებულ მიწებში ისინი იმ ტერიტორიას გულისხმობენ, რომელთაც ილია ელოშვილი სოფლის ფერდობებს უწოდებს. მათ ამ საკითხზე სამართლებრივი დავის დაწყება სურთ, ხოლო მანამდე საქართველოს მთავრობას სთხოვენ, რომ სოფელში სამუშაოები შეჩერდეს.

“ეს სამი მარტივი მოთხოვნა გვაქვს და ხელისუფლებაში ვერავის ვაგებინებთ. გვეუბნებიან, თითქოს ისინი არემონტებენ ბოძებს. ანუ ხაზი კი არ გაყავთ, ურთულესი საინჟინრო ნაგებობა, არამედ არემონტებენ ბოძებს. თურმე ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ბოძების რემონტის მაგივრად გაიყვანონ ახალი 13-კილომეტრიანი ხაზები. დენი მარჯვნივ გაივლის თუ მარცხვნივ, არ აქვს მნიშვნელობა – არც გადაცემული ენერგია იცვლება მაგით და არც ფასი,” – ამბობს ზაზა წიკლაური.

სოფლის მოსახლეობის შეთავაზებას ილია ელოშვილი “ეკონომიკურად გაუმართლებელს” უწოდებს: “ასეთი კრიტერიუმებით და ასეთი მიდგომებით სახელმწიფომ თუ დაიწყო მოქმედება, ყოვლად გაუმართლებლად, მილიონობთ დოლარის ხარჯებით, პლუს ამას დარიალის კორიდორში ერთ ხაზს გავატარებთ, რომელიც მერე ჩაკეტავს სხვა ხაზების პერსპექტივებს, ეს უკვე სცილდება ლოგიკურ ფარგლებს.”

ენერგეტიკის მინისტის მოადგილის განცხადებით, რამდენიმე ადგილობრივს კომპენსაციის მიღება სურდა. მისი თქმით, თუკი ამ ადამიანებს კანონითა და სტანდარტების თანახმად კომპენსაცია ეკუთვნით, ისინი ამ კომპენსაციას მიიღებენ. თუმცა, როგორც სოფელ ცდოს მკვიდრი, გოჩა წიკლაური აცხადებს, კომპენსაციაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი.

“თავიდანვე ნათქვამი გვქონდა, რომ არანაირი კომპენსაცია არ გვინდა. აქეთ დაგეხმარებით, თუ კომუნისტების დროს გაყვანილ ანძებს მოგვაშორებთ. მაინც ახალ ანძებს დგამთ და ბარემ ეს ახალი ანძები სოფლის ქვემოთ დადგით – თერგის მარჯვენა მხარეს. კომუნისტები არავის ეკითხებოდნენ, ისე გაყავდათ და თქვენ ნუ ემსგავსებით იმათ,” – აცხადებს გოჩა წიკლაური.

სოფელი ცდო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სოფელი ცდო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

 

ცდოს მოსახლეობამ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შეჩერებისა და ალტერნატიული ვარიანტის განხილვის მოთხოვნით ორი საპროტესტო აქცია უკვე გამართა, რომელსაც თბილისიდან გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და მოძრაობებიც შეუერთდნენ. გარემოსდამცველებს მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე, ნებისმიერი პროექტის განხორციელება მიუღებელია.

“ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ ახორციელებენ ამ პროექტებს – ხალხს, ადგილობრივებს არაფერს ეკითხებიან, არც მეცნიერებს და გარემოსდამცველებს უსმენენ. საბოლოო ჯამში, ვიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც შარშან, დარიალი ჰესის შემთხვევაში, დევდორაკის მეწყრის შედეგად მივიღეთ. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს პროექტები ემსახურება მხოლოდ კერძო პირების/კომპანიების მოგებას და არა საზოგადოებრივ ინტერესს,” – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე, სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” წევრი.

ცდოში, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გარდა, ჰესებისა და 500კილოვოლტიანი ხაზის შესახებ საუბრობენ, რომელიც ასევე მათ სოფელზე გადის.

“ესენი კიდევ მომავლის საქმეა, მაგრამ მანამდე ამ უმარტივესი საკითხის გადახედვას ვითხოვთ. ჩვენ მივმართავთ მთავრობას წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, რომ შეაჩერონ მშენებლობა. ვიცით, რომ მათ არ ძალუძთ ამ პროექტის განხორციელება. თუ მათ ძალუძთ, შეაჩერონ. თუ არა, მაშინ გადაგვამისამართნ ან ოფიციალურად მიმართონ ზემდგომს. ვიღაც ხომ არის ამ ქვეყანაში არასწორი ქმედების შესაჩერებლად უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი – იმ ვიღაცასთან დაგვაკავშირონ, რომ შეაჩეროს და საშუალება მოგვეცეს ჩვენ, პიკეტირებისა და ვაი-ვიშის გარეშე, სამართლებრივ სივრცეში გადავიტანოთ ჩვენი დავა,” – ამბობს ზაზა წიკლაური.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე სოფელ ცდოში მიმდინარე სამუშაოებს “მშენებლობას” არ უწოდებს. ილია ელოშვილი ამბობს, რომ ეს არის ამ ხაზის გარემონტება და გაძლიერება, ხოლო ადგილი, სადაც 4 ახალი ბოძი უნდა დამაგრდეს, არავის საკუთრებაშია და არც სასოფლო-სამეურნეო საქმისთვის არის გამოსადეგი.

“ეს ხაზი იქ უკვე ათეულობით წლებია არსებობს. ეს არის ამ ხაზის გარემონტება და გაძლიერება. საჭიროა იმისთვის, რომ დარიალის ენერგია გამოვიტანოთ დარიალის ხეობიდან, უფრო მეტი დატვირთვა ექნება და ტექნიკურად საჭიროა მისი გარემონტება. 4 ბოძი, რომელიც გადის სოფელზე, ამ რემონტის ფარგლებში გადადის მთის ფერდობზე, რომელიც არავის სარგებლობაში არ არის და არანაირი კულტურული გამოყენება მეურნეობის კუთხით, ან სოფლის მეურნეობის კულტურის მოყვანის კუთხით არ გააჩნია,” – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის“ თავმდჯომარე, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ცდოს მაგალითი არ არის გამონაკლისი. მისი თქმით, სოფელში მშენებლობები ორჰუსის კონვენციის დარღვევით მიმდინარეობს.

“საქართველოში ბევრს ეგონა და ახლაც ჰგონია, რომ არის ლუდოვიკო და არის სახელმწიფო. სახელმწიფო არც ხელისუფლებაა და არც ერთი ადამიანი. ილია ელოშვილი, რომელიც ამ ფრაზას ხშირად იმეორებს, სახელმწიფო ვერ იქნება. სახელმწიფოა სოფლის მოსახლეობაც, ჩვენც და ბატონი ელოშვილიც. აქედან გამომდინარე, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, ხალხის მონაწილეობის გარეშე, არავის აქვს. ორჰუსის კონვენციის ერთ ნორმას დავასახელებ, რომელიც უხეშად არის დარღვეული. კონვენცია ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობა უნდა იყოს სავალდებულო. მართალია, გარემოს დაცვის მინისტრმა გააუქმა ეს ვალდებულება, მაგრამ კონვენცია უფრო მაღალია თავის რანგით, ვიდრე კანონი და მინისტრის ბრძანება. გარდა საპროტესტო აქციებისა, რაც აუცილებელია, სასამართლოშიც გამოდგება ის, რომ ცდოში მშენებლობა დაწყებულია ორჰუსის კონვენციის ნორმების დარღვევით. ხალხს რომ უნდა ჰკითხო აზრი, ეს არის ზრდილობაც ელემენტარულიც და არის კანონის მოთხოვნაც,” – ამბობს ჩხარტიშვილი.

ორჰუსის კონვენცია 1998 წელს გამოიცა, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვით სფეროში ინფორმაციის, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისა და მართლმსაჯულების მისაწვდომობის საკითხებს. საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის საერთაშორისო ხელშეკრულებას 2001 წლის 30 ოქტომბერს შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი