საზოგადოება

გიყვარდეს სქესის მიუხედავად

6 ოქტომბერი, 2011 • 2594
გიყვარდეს სქესის მიუხედავად

“დაბადებამდე სქესის  განსაზღვრა და სქესის მიხედვით ოჯახის დაგეგმვა კულტურული ფენომენია და  მიანიშნებს, რომ ქვეყანაში გენდერული დისბალანსია. ეს  ტენდენცია ზიანის მომტანია, როგორც პოპულაციის და სოციალური უწესრიგობისა საფრთხის, ასევე  კრიმინალის გაზრდისა  და ადამინთა უფლებების დარღვევის კუთხით. ადამიანები დადგებიან ტრეფიკინგის, სექსუალური ექსპლოატაციის და ოჯახის შექმნასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე. “

ეს ამონარიდია შვეიცარიის სოციალისტთა ჯგუფის წარმომადგენლის დორის სტაპის ანგარიშიდან, რომლის გამოც ევროსაბჭოს ასამბლეამ საქართველოსა და ასამბლეაში შემავალ სხვა ქვეყნებს– ალბანეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს– სქესის შერჩევის საფუძველზე ლეგალური აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდა.

სქესთა შორის ბუნებრივ პროპორციად მიჩნეულია, როცა 100 გოგონას 105 ბიჭი შეეფარდება. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ეს პროპორცია 100 გოგონაზე 111 ბიჭის თანაფარდობით გამოიხატება. თითქმის იგივე სურათს ვხვდებით, ალბანეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ეს ციფრები და გოგონათა და ვაჟთა  რაოდენობის ასეთი თანაფარდობა დორის სტამპის კვლევაშია მითითებული.

დემოგრაფიის ექსპერტი გია წულაძე აღნიშნულ პროპორციას ეჭვის თვალით უყურებს. ბატონ გიას მიაჩნია, რომ საქართველოში დაბადებულ ბავშვებს შორის სქესთა მიმართ დისბალანსი მასშტაბური და საგანგაშო არ არის.

“ სელექციური აბორტები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მათ მასშტაბებზეა საუბარი. ეს მასშტაბები, ჩინეთისაგან და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში დაბალია და ყურადღების მიქცევად არ ღირს. ვფიქრობ, რომ ეს ციფრები გამოწვეულია სტატისტიკის უზუსტობით, რომელიც სანდო სახით ბოლო პერიოდის განმავლობაში ყალიბდება” -აღნიშნავს დემოგრაფიის ექსპერტი.

კვლევაში, რომელიც ევროსაბჭოს ასამბლეის მოთხოვნის საბაბი გახდა, ნათქვამია რომ საქართველოს ეროვნულმა რეპროდუქციულმა ჯანმრთელობის საბჭომ დაადასტურა მონაცემები სქესთა შორის დაბადების ფარდობითობის შესახებ და აღნიშნა, რომ არც ჯანდაცვის საზოგადოება და არც მოსახლეობა სელექციურ აბორტებს მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევს.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით, აბორტი 12 კვირის ჩათვლით  მიზეზების მითითების გარეშე ნებადართულია და აბსოლუტურად დედის სურვილზეა დამოკიდებული.  22-ე  კვირამდე კი, აბორტი დაშვებულია სოციალური ან სამედიცინო მიზეზის გამო. სელექციურ ნიშნით აბორტებთან დაკავშირებით ამჟამინდელ კანონმდებლობაში მინიშნება არ არის.

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე იხსენებს შემთხვევას ერთ წყვილთან დაკავშირებით.  წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს, ასევე ჰყავთ შვილიშვილი, მაგრამ ინვიტრო განაყოფიერების ჩატარება მაინც უნდათ, რადგან ვაჟიშვილი არ ჰყავთ.

გინეკოლოგი გოგი ცერცვაძე ამბობს, რომ სელექციური აბორტები მის პრაქტიკაში არცთუ ისე ხშირია.

” 100 ქალბატონიდან მხოლოდ 2 ან 3 პაციენტი იკეთებს აბორტს ნაყოფის სქესის გამო.

სქესი არ წარმოადგენს, როგორც წესი, აბორტის მიზეზს. პირველი შვილის შემთხვევაში საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ნაყოფის სქესს” – ამბობს გინეკოლოგი.

გაეროს რიგი რეზოლუციები და დოკუმენტები სქესობრივი ნიშნით აბორტების საკითხს ეხება. ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენცია, რომელიც ევროსაბჭოსთან ერთად შეიმუშავეს, არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი. ადამიანთა უფლებების კონვენციაში დევს დებულება, რომლის მიხედვითაც:

”სამედიცინო ჩარევა არ არის ნებადართული ბავშვის სქესის გარჩევის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმე გვაქვს, სერიოზულ სქესთან დაკავშირებულ მემკვიდრეობითი დაავადებების პრევენციასთან”

ამ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 28 სხვა ქვეყანასთან ერთად.

გინეკოლოგი გოგი ცერცვაძე ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროსაბჭოს მოწოდება სელექციიური აბორტების აკრძალვასთან დაკავშირებით კანონის სახით ძალაში შევა, ძალიან რთული იქნება ამ საკითხის გაკონტროლება.

”პაციენტის მოდის და ამბობს, რომ სურს აბორტის გაკეთება, რისი უფლებაც კანონით აქვს. ის არ დაასახელებს რეალურ მიზეზს, თუ აბორტს არასასურველი სქესის გამო იკეთებს და იტყვის, რომ უბრალოდ შვილის ყოლა არ სურს.”-ამბობს გინეკოლოგი

დორის სტამპის კვლევაში მოცემულია მაგალითებიც, თუ როგორ ხდება სელექციური აბორტების პრევენცია სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, საჯარო საავადმყოფოებში, თავს იკავებენ ნაყოფის სქესის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან.

ჩინეთის მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგად, რომელიც მხოლოდ ერთი ბავშვის ყოლის უფლებას აძლევდა ოჯახებს, სქესთა შორის დისბალანსმა სახიფათო მაჩვენებელს მიაღწია. 2005 წლის მონაცემებით, 20 წელს ქვემოთ ასაკის მამაკაცი  32 მილიონით მეტი მეტი იყო, ვიდრე ქალი.

ამის გამო სელექციური აბორტები ჩინეთში 1995 წლიდან აიკრძალა. ექიმს სამუდამოდ ჩამოერთმევა ლიცენზია სელექციის მიზნით აბორტის გაკეთების შემთხვევაში და სისიხლის სამართლის დანაშაულის შესაბამისი სასჯელი ემუქრება. მათ ეკრძალებათ მშობლების ინფორმირება მომავალი შვილის სქესის შესახებ. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როცა სქესთან მიმაგრებული  გენეტიკური დაავადებების გადაცემის საფრთხე არსებობს.  ასევე, აქტიურად დაიწყო კამპანია სახელწოდებით ”გავუფრთხილდეთ გოგონებს”. შეცვლილმა პოლიტიკამ  შედეგი გამოიღო და თუ 2005 წელს 120 ბიჭი 100 გოგონას ეფარდებოდა. 2011 წლისთვის ეს მონაცემები 113-მდე დაეცა.

ინდოეთში ქალის დაბალი სტატუსი გამო ოჯახები ვაჟიშვილი ყოლას ამჯობინებენ. ბოლო 20 წლის მანძილზე ამ ტენდენციამ ისეთივე საფრთხე შეუქმნა ინდოეთის მოსახლეობას, როგორი საფრთხის წინაშეც ჩინეთი დადგა. 2004 წლიდან ინდოეთის მთავრობამ აქტიური მუშაობა დაიწყო სელექციური აბორტების შეჩერებასთან დაკავშირებით. ინდოეთში აიკრძალა მშობლების წინასწარი ინფორმირება ნაყოფის სქესის შესახებ. ასევე შემუშავდა პროგრამები, რომლის მიხედვითაც, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს 44 დოლარით დაეხმარებოდა სახელმწიფო გოგონას ყოლის შემთხვევაში, ასევე, სკოლის ფორმა და წიგნები უფასოდ დაურიგდებოდათ და როცა ქალიშვილი 9 წელს მიაღწევდა, ველოსიპედს ჩუქნიდა სახელწიფო.  ასეთი პოლიტიკის შედეგები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

სამხრეთ კორეაში, 1990 წლის მონაცემებით, 100 გოგონაზე 116 ბიჭის თანაფარდობა იყო. სახელმწიფომ მრავალმხრივი პოლიტიკა შეიმუშავა. წამოიწყეს კამპანია ”გიყვარდეს შენი ქალიშვილი”.  შემოიღეს კანონი, რომელიც ქალთა დისკრიმინაცის ხელს შეუშლის. სახელმწიფო ხელს უწყობს  ქალთა სტატუსის ამაღლებას საზოგადოებაში, მისი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვით.  მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა გოგონებისთვის განათლების მიღების გამარტივების კუთხით.  შედეგად 2007 წლისთვის თანაფარდობამ 116 ბიჭიდან 107-მდე დაიწია.

გენდერის სოციოლოგი ეკა აღდგომელაშვილი მიიჩნევს, რომ ბიჭების მიმართ უპირატესობის ტენდენცია შეინიშნება ორი ტიპის ქვეყნებში.  პირველი, სადაც კულტურა ტრადიციული ხასიათისაა, რომელ კატეგორიასაც ჩვენი ქვეყანა განეკუთვნება და ქვეყნები, სადაც სპეციალური დემოგრაფიული პოლიტიკა არსებობს, მაგალითად, ჩინეთი.

სოციალური ფსიქოლოგი ეკა ფირცხალავა თვლის, რომ სელექციური აბორტების მიზეზები ქართულ კულტურაში უნდა ვეძებოთ. ქართული კულტურა პატრიარქალური კულტურაა, რომლის მიხედვითაც, ოჯახის გვარის გამგრძელებელი აუცილებლად ბიჭია.

” ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მათვის მნიშვნელოვანია საკუთარი გვარის გაგრძელება. პატარა ოჯახების შემთხვევაში, ურჩევნიათ ჰყავდეთ ბიჭი და არა– გოგო, რათა გვარი არ დაიკარგოს. სელექციის ერთ-ერთი მიზეზიც ესაა” – ამბობს ფსიქოლოგი.

გენდერის სპეციალისტი, ეკა აღდგომელაშვილი მიიჩნევს, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა  სქესთა შორის  კატასტროფული დისბალანსი მივიღოთ, რომელიც ისეთ სოციალურ პრობლემას გამოიწვევს, როგორიც დაოჯახება და გამრავლებაა.

ეკა აღდგომელაშვილი ამბობს,  რომ ამ პრობლემას მხოლოდ კანონი ვერ დაარეგულირებს  და სელექციური აბორტების მხოლოდ აკრძალვა ეფექტური არ იქნება. ქალბატონი ეკას აზრით, სტერეოტიპების დაძლევას საგანმანათლებლო მუშაობა სჭირდება.

” როდესაც განათლებაზე ვიწყებთ საუბარს, ყველა წუწუნს იწყებს, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ თუ არ დაიწყო ეს პროცესი, ყოველთვის დაგვიანებული იქნება.” -ამბობს გენდერის სპეციალისტი.

სოციალური ფსიქოლოგი ეკა ფირცხალავაც ამ პრობლემის მოგვარების გზას განათლების გაზრდაში ხედავს.

”გაცნობიერება იმისა, რომ შვილი ბიჭი იქნება თუ გოგო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მიმაჩნია, რომ განათლების დონის ამაღლებასთან ერთად დაინერგება”- აბობს ფსიქოლოგი.

ევროსაბჭოს ასამბლეის რეკომენდაციები საქართველოს, ალბანეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ ასეთია:

1. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება

2. სპეციალური ტრენინგები სამედიცინო საზოგადოებისთვის

3. ეთიკური ორგანიზაციების მეტი ჩართულობა.

4. სქესთა შეფარდების მონაცემთა შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

5. სამეცნიერო კვლევის განვითარება, რომელიც სელექციური ბორტების გამომწვევ შედეგებს შეისწავლის.

6. სათანადო კანონმდებლობის განვითარება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი