ნეტგაზეთი | “კამპუსის” ინფორმაციით, პორნოგრაფიაზე ეჭვის გამო საბაჟომ ხელოვნების შესახებ წიგნები ექსპერტიზას გადასცა “კამპუსის” ინფორმაციით, პორნოგრაფიაზე ეჭვის გამო საბაჟომ ხელოვნების შესახებ წიგნები ექსპერტიზას გადასცა – Netgazeti

“კამპუსის” ინფორმაციით, პორნოგრაფიაზე ეჭვის გამო საბაჟომ ხელოვნების შესახებ წიგნები ექსპერტიზას გადასცა

სტუდიო კამპუსის ინფორმაციით, გერმანიაში მოქმედი გამომცემლობის მიერ მათთვის ნაჩუქარი წიგნები საქართველოს საბაჟო სამსახურმა შეაჩერა და ექსპერტიზას გადასცა, რათა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ეს წიგნები პორნოგრაფიას. როგორც კამპუსის დამფუძნებელმა მიხეილ ხუნდაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, წიგნები საქართველოში გერმანიიდან გუშინ შემოვიდა:

“კეტლერი” ძალიან დიდი რედაქციაა გერმანიაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით მუშაობს. მან ჩვენს ორგანიზაციას საქველმოქმედო მიზნით აჩუქა დაახლოებით 400 წიგნი, რომელიც გუშინ შემოვიდა ჩვენს საბაჟოზე. ჩვენი მომწოდებელი იყო DHL, რომლის აგენტებმაც დაგვირეკეს  და გვითხრეს, რომ საბაჟომ შეაჩერა ეს წიგნები,  რამეთუ მიიჩნია პორნოგრაფიულ ლიტერატურად და გადაცემული არის ექსპერტიზაზეო. ჩვენ ველოდებით, თუ რას გადაწყვეტს საბაჟო და შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – ამბობს ხუნდაძე და დასძენს, რომ მათ “კეტლერს” უკვე მიმართეს წერილით, რათა გერმანიიდან გამოუგზავნონ იმ მხატრვების სია, რომელთა ნამუშევრებიც აქ პორნოგრაფიად მიიჩნიეს. ხუნდაძეს ჯერ წიგნების ზუსტი ჩამონათვალი არ აქვს, თუმცა იცის, რომ საუბარია თანამედროვე ხელოვნების წამყვან წარმომადგენლებზე.

“კეტლერის” რედაქციამ ქართველი თანამედროვე ხელოვანის, ქეთი კაპანაძის წიგნი გამოსცა სულ ახლახან, რომლის პრეზენტაციაც ეროვნულ მუზეუმში იყო რამდენიმე დღის წინ. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმის საილუსტრაციოდ , რომ ეს საკმაოდ პრესტიჟული რედაქციაა, რომელიც ქართველ მხატვრებზეც მუშაობს”, – ამბობს ხუნდაძე.

პორნოგრაფიასთან ბრძოლა ახალ ფაზაში შედის!!!ერთ-ერთმა გერმანულმა გამომცემლობა “კეტლერმა” გამოგვიგზავნა რამდენიმე ასეული …

Posted by Campus Studio / სტუდიო კამპუსი on Wednesday, March 16, 2016

შემოსავლების სამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ ექსპერტიზა იმის დასადგენად ჩატარდა იყო თუ არა დეკლარირებული პროდუქცია პორნოგრაფიის შემცველი. როგორც ნეტგაზეთს უწყებაში განუცხადეს, შინაარსის გარკვევა მათი კომპტენცია არ არის. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე-ოფიცერს გაუჩნდა ეჭვი იყო თუ არა შესაბამისობაში დეკლარირებული პროდუქციის კოდი:

“სხვადასხვა ნივთს სხვადასხვა კოდი აქვს. იმისათვის, რომ დადგენილიყო ეს წიგნი იყო თუ სხვა სახის ბეჭდვითი საშუალება, სწორედ ამის გამო ჩატარდა ექსპერტიზა. წიგნი, კატალოგი, ჟურნალი – ამ პროდუქციაზე სხვადასხვა საბაჟო კოდია გათვალისიწინებული. ამიტომ ჩატარდა ექსპერტიზა”, – აცხადებენ პრესსამსახურში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნეტგაზეთს ზემოხსენებული ნივთების განბაჟების პროცესით დაინტერესებული ორი სხვადასხვა პირისგან აქვს ინფორმაცია მიღებული იმის შესახებ, რომ განბაჟების ერთ-ერთი მოტივაციად თავდაპირველად სწორედ “უხამსი მასალების” შემოწმება დაუსახელეს.

“არ ვიცით ვის ვინ რა უთხრა, ჩვენ ვიცით ის, რის გამოც პროდუქციაზე გავიდა”, – ამბობენ შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ექსპერტიზა და საბაჟო პროცედურები უკვე დასრულებულია და “კამპუსს” წიგნები გადაეცემა.

მარტის თვეში სახელმწიფო უწყებების მხრიდან პორნოგრაფიაზე აქცენტით ორ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმი “Love” პორნოგრაფიული შინაარსისაა. შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მუსიკოსისა და მწერლის, ერეკლე დეისაძის მიერ 11 მარტს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ პერფორმანსზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით მინდინარეობს, რაც გულისხმობს პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას ან გასაღებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com