მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პორნოსაიტი Pornhub კონტენტის პოლიტიკას ცვლის. ამის მიზეზი გახდა New York Times-ის სტატია, რომელმაც კომპანია მავნე პრაქტიკაში ამხილა.
კერძოდ, ამერიკულმა მედიასაშუალებამ გამოავლინა, თუ როგორ აზიანებს ადამიანთა ცხოვრებას აღნიშნული პორნორესურსი საიტზე ისეთი ვიდეოების განთავსებით, რომლებიც ჩაწერილი არ არის ყველა მონაწილის თანხმობით.
გავრცელებულ განცხადებაში Pornhub აცხადებს, რომ საიტზე კონტენტს არაიდენტიფიცირებული მომხმარებლები ვეღარ ატვირთავენ, მომხმარებლების ვერიფიცირების პროცესი კი გამკაცრდება 2021 წლიდან. მას შემდეგ კი, რაც კონტენტი პორტალზე მოხვდება, Pornhub მომხმარებლებს მისი გადმოწერის ფუნქციას გაუთიშავს.
გარდა ამისა, კომპანია აცხადებს, რომ პლატფორმაზე ატვირთულ ზრდასრულ კონტენტს მეთვალყურეობასა და მოდერაციას გაუწევს მათი სპეციალური ჯგუფი.
აღნიშნული ცვლილებები კომპანიამ მას შემდეგ დაანონსა, რაც New York Times-მა ახალგაზრდა გოგოების ისტორიები გამოაქვეყნა, რომელთა ვიდეოებიც Pornhub-ზე მათი თანხმობის გარეშე აიტვირთა. მას შემდეგაც კი, რაც პლატფორმიდან იშლებოდა, გადმოწერილი ასლები ხელახლა ვრცელდებოდა.
აღნიშნულის გასაჯაროების შემდეგ კომპანიის მიმართ ზეწოლა გაიზარდა, რომ მათ პლატფორმასთან კავშირი გაეწყვიტათ. მათთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკეს Visa და Mastercard-იც.