საზოგადოება

სანამ რისკი კატასტროფად იქცევა

13 ივნისი, 2011 • 2558
სანამ რისკი კატასტროფად იქცევა

განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების ახლოდან გასაცნობად და დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად რამდენიმე თვის წინ თბილისის ერთ-ერთი სკოლაში ისევ დავიწყე გეოგრაფიის მასწავლებლობა. 11 მარტს მეათე კლასში ბუნებრივ კატასტროფებზე, კერძოდ, მიწისძვრებზე, მეწყერებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე ვსაუბრობდით. მოსწავლეებს კადრებიც ვაჩვენე – დამეწყრილი სოფლები, მიწისძვრის შედეგები – დანგრეული ქალაქები და სოფლები. განგება თურმე უფრო შთამბეჭდავ “თვალსაჩინოებას” გვიმზადებდა: სწორედ იმ დღეს იაპონიაში საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა. შემდეგი გაკვეთილისთვის კი, როცა ტექნოგენურ კატასტროფებზე ვსაუბრობდით, იაპონია რადიაციის გაჟონვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.

იაპონიაში სტიქიის შედეგაც 25-30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და დაიკარგა, მაშინ, როდესაც ჰაიტის მიძისძვრას ლამის 225 ათასი კაცი ემსხვერპლა. ამჯერად მსხვერპლი უფრო ცუნამის მოჰყვა, თორემ მიწისძვრებს იაპონია მეტ-ნაკლებად მომზადებული ხვდება. სტიქიების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ქვეყანა ბიუჯეტის დაახლოებით 5%-ს ხარჯავს.

“ღმერთმა დაგვიფაროს და ასეთი მიწისძვრა საქართველოში რომ მომხდარიყო, ალბათ ცოცხალი აღარავინ დავრჩებოდითო”, – გულისტკივილით მითხრა იმ დღეს ერთ-ერთმა მოსწავლემ.

***

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 600-მდე სტიქიური უბედურება ხდება, დაახლოებით 240 მილიონი ადამიანი ზარალდება, ეკონომიკური ზარალი კი 100 მილიარდ დოლარს აღწევს.

***

პირველი ოფიციალური ცნობები საქართველოში სტიქიების შესახებ მერვე საუკუნიდან გვაქვს. 735 წელს კოკისპირულმა წვიმებმა უდიდესი წყალმოვარდნა გამოიწვია. სტიქიამ მოიცვა მთელი დასავლეთ საქართველო, თუმცა ამ მოვლენამ ისტორიული როლიც ითამაშა: განადგურდა ცხენისწყალსა და აბაშისწყალს შორის განლაგებული არაბთა 30-ათასიანი ლაშქარი მურვან-ყრუს სარდლობით. იმ წყალდიდობას უკავშირდება მდინარე ცხენისწყლის სახელი, ადიდებულ წყალს ცხენებიც ჩამოჰქონდა…

***

მარტო მეწყერებისა და ღვარცოფების შედეგად 1995 წლიდან საქართველომ 2 მილიარდზე მეტი იზარალა, დაიღუპა 100-მდე ადამიანი.

***

კლიმატის გლობალური ცვლილებისა თუ სტიქიური პროცესების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა, ექსპერტების განმარტებით, რისკების გონივრული მართვისას, შეიძლება, ზარალისა და მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანა. საქართველოში კი, სამწუხაროდ, კატასტროფების მართვა ძირითადად სტიქიებზე რეაგირებაში გამოიხატება.

ჰიოგოს გეგმით (იაპონიის ქალაქ ჰიოგოში კატასტროფების მართვის საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია -ჰიოგოს გეგმა) კატასტროფების რისკის შემცირება ყველა დონეზე უნდა ხდებოდეს: დაწყებული თემებიდან – დამთავრებული ცენტრალური ხელისუფლებით. უნდა გაძლიერდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა; შემცირდეს გამომწვევი რისკ-ფაქტორები და გაძლიერდეს კატასტროფებისადმი მზადყოფნა.

“ადამიანს უფლება აქვს, მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ”, – ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლში.

კონსტიტუციისა და ორჰუსის კონვენციის მიხედვით, ადამიანს, რომელიც ცხოვრობს საშიშ ზონაში, უფლება აქვს, იცოდეს, რა ელის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი უფლებაც სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე.

***

საქართველოში სტიქიები, ტრადიციულად, გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში აქტიურდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსის, ემილ წერეთლის განმარტებით, ქვეყანაში გეოლოგიური რისკები საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. სტიქიური მოვლენების (წყალმოვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი, სელური ნაკადი) გააქტიურებას კი ისეთი ფაქტორები უწყობს ხელს, როგორებიცაა, ნალექების სიუხვე, კლიმატის ცვლილება, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა. წელსაც, მოჭარბებული ნალექების ფონზე სტიქიების გააქტიურება, ტრადიციულად, მოსალოდნელია მთიან რეგიონებში: მთიან აჭარაში, დუშეთში, ქვემო სვანეთში, ასევე კახეთში…

საქართველოში გარემოს გრძელვადიანი ეფექტური პროგნოზი ჯერ არ კეთდება, რაც მოსალოდნელი სტიქიების პროგნოზსაც ართულებს. 100-ზე მეტი ყოფილი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურიდან დღეს მხოლოდ 13 შემორჩა. აჭარისწყლის მთელ ხეობაში, რომელიც სტიქიური თვალსაზრისით საშიშ ზონად ითვლება, აღარ დარჩა არც ერთი სადგური, მხოლოდ ქედელებშია დარჩენილი ერთადერთი პუნქტი. ეს კი გარემოზე დაკვირვებასა და, შესაბამისად, პროგნოზირების პროცესებს ართულებს.

ფაქტია, ადამიანები, თემები და მთლიანად ქვეყანა მოუმზადებელი ხვდება ხოლმე სტიქიურ მოვლენებს.

მლეთა – არაგვისა და მეწყერის პირისპირ

2010 წლის 24 აპრილი…

რამდენიმედღიანი წვიმის შემდეგ ლომისის მთიდან წამოსულმა მეწყერმა მთლიანად ჩახერგა არაგვის კალაპოტი. წყალს გასაქანი რომ აღარ ჰქონდა, დაგუბდა. სოფელ ზემო მლეთის არაგვის პირას მდებარე უბანი, სადაც გაგაძეები და ნაზღაიძეები ცხოვრობენ, განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. წყალმა სრულად დატბორა რამდენიმე სახლი.

“რამის გამოტანას ვინ ჩიოდა. ჩემი სახლიდან 85 წლის დედა და ამ სახლიდან, ორი მოხუცი ძლივს გამოვყვანეთ”, – ამბობს ვაჟა გაგაძე და მეზობლის სახლსაც გვიჩვენებს. ორივე სახლი მიწით და ქვებით არის სავსე და აღარ იცხოვრება. მდინარის კალაპოტი უკვე კიბესთან არის მისული.

ვაჟა გაგაძემ ოჯახთან ერთად მაღაზიადქცეული ყოფილი “ტეკის” შენობას შეაფარა თავი. ოთახში, რომელიც საძინებელიც არის, სამზარეულოც და სასადილოც, ექვსი სული ერთად ცხოვრობს. შარშან სახელმწიფომ სტიქიით დაზარალებულს ერთჯერადად ერთ სულზე  200 ლარი გამოუყო, ეს იყო და ეს.

“ყველა ტელეარხმა გააშუქა ჩვენი ამბავი, იყვნენ გამგეობიდან და გუბერნიიდანაც. ჯერ ვაგონებს დაგვპირდნენ, მერე გუდაურისკენ მიწების გამოყოფას, მაგრამ ყველა დაპირება დაპირებად რჩება”, – ამბობს მარო წიკლაური.

ვაჟა გაგაძე თავის ნასახლარს გვიჩვენებს
ვაჟა გაგაძე თავის ნასახლარს გვიჩვენებს

გაგაძეების უბნიდან მხოლოდ ერთმა ოჯახმა შეძლო სხვაგან გადასვლა, თბილისში ქირით ცხოვრობენ. სხვებს კი წასასვლელი არსად აქვთ და საკუთარ სახლებში ელიან პროგნოზირებულ სტიქიას. არაგვის ნაპირებს ამაგრებენ, მაგრამ წლევანდელი წვიმიანი გაზაფხული, სავარაუდოდ, ისევ გამოიწვევს სტიქიას. ემილ წერეთლის განმარტებით, 50 –მილიმეტრიანი ნალექების მოსვლის შემთხვევაშიც კი არსებობს მეწყერის გააქტურების რისკი.

ვეძათხევი – ღვთის იმედად დარჩენილი სოფელი

ჭონქაძის თემის სოფელი ვეძათხევი ქალაქ დუშეთიდან 12 კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ იქ მისვლა ზამთარ-ზაფხულ ჭირს. რამდენიმე წლის წინათ სოფელი დაიმეწყრა: ბევრი მოსახლე უმძიმეს პირობებში ცხოვრობს და არ იცის, როდის ჩამოენგრევა სახლი!

სამანქანო გზაც მაშინ დაზიანდა და დღეს აღარ არსებობს. ჩვენც, სოფელში ასასვლელად, ფეხით ვიარეთ 3-4 კილომეტრი. ერთხელ, თუნდაც ქარსა და თოვლში ამ გზის გავლა კიდევ შეიძლება, მაგრამ ვეძათხეველები სულ ასე დადიან: სოფელში მაღაზიაც არ არის და საჭმელი, ფქვილი, ყველა საჭირო ნივთი ასე დააქვთ.

დღეს, XXI საუკუნის საქართველოში, ისევ არიან ბავშვები, რომლებიც უგზოობის გამო ვერ დადიან სკოლაში. ვეძათხევის მეზობელი სოფლის, ოქრუანის დაწყებით სკოლაში ოთხი მოსწავლეა, აქედან ორი – ვეძათხეველი. ვეძათხევიდან სკოლამდე 1,5 კილომეტრია, მაგრამ დიდთოვლობისას ბავშვები ვერ ახერხებენ სამეცადინოდ სიარულს. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ ზოგიერთი მოსწავლე სკოლა-ინტერნატში გადაჰყავთ, ზოგი კი ვეღარც აგრძელებს სწავლას.

ჩვენი სტუმრობისას სოფელში ლოგინად მყოფი სამი ადამიანი დაგვხვდა, რომლებიც უგზოობისა და უსახსრობის გამო ვერ მიდიოდნენ ექიმთან. მათ შორის იყო ორი კვირის წინ ფეხმოტეხილი ნინო ქაფიაშვილი, რომელიც ხალხური საშუალებებით მკურნალობდა. მასთან სასწრაფო დახმარების ექიმი მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც რაიონის გამგებელს ვთხოვეთ დახმარება. გინეკოლოგთან ჯერ არ იყო მისული ნინო ქაფიაშვილის ფეხმძიმე რძალიც.

ვეძათხევსა და ოქრუანში 18-მდე ოჯახი დაზიანებულ, ზოგი კი საცხოვრებლად საშიშ სახლებში ცხოვრობს. ეს გეოლოგების დასკვნაშიც წერია და ვიზუალურადაც ჩანს.

ასეთ პირობებში ცხოვრობენ ვეძთხეველები
ასეთ პირობებში ცხოვრობენ ვეძთხეველები

ვეძათხეველები ხელისუფლებას გასახლებას სთხოვენ. ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ოჯახის გასახლებაზეა საუბარი, თან აქაურთათვის შედარებით უცხო – კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. არადა, წლების წინ აქაურთა უმეტესობა უკვე იქცა მიგრანტად: ისინი ხევსურეთიდან ჩამოასახლეს, ჯერ კიდევ იმ დროს, მთაში არსებულ ცხოვრების წესს რომ შლიდნენ და მთიელებს ბარში ასახლებდნენ.

შარახევი – შიშნარევი მოლოდინი

2010 წლის 24 მაისი…

სოფელი შარახევში ფშავში მდებარეობს, თუმცა ადმინისტრაციულად თიანეთის რაიონს ეკუთვნის. შარშან, 24 მაისს, მოულოდნელად წამოსულმა ღვარცოფმა თითქმის მთლიანად ამოავსო სოფლის ხევი.

“მეგონა. ღვთის რისხვა დაიწყო, ისეთი ხმაური იყო”, – იგონებს შარშანდელ სტიქიას შარახეველი ნიკო მარაული. ყველაზე მეტად ორი ოჯახი დაზარალდა: მარინა წიკლაურის სახლში ცხოვრება შეუძლებელია და მან დედასთან ერთად სოფლის ყოფილ კლუბს შეაფარა თავი.

“რამდენიმე დღე ჩვენს ხევში კი მოდიოდა ატალახებული წყალი, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია. იმ დღეს კი უცებ წამოვიდა ქვა-ტალახი. ნახეთ, რამხელა ხეები წააქცია. კიდევ კარგი, დილა იყო, თორემ შეიძლება, ვერც გამოგვესწრო სახლიდან”, – ამბობს მარინა.

გეოლოგების განმარტებით, შარახევში ღვარცოფის საშიშროება წელსაც არსებობს. თან ის ფაქტი, რომ ხევი ამოვსებულია და ტალახის მასას წასასვლელი არსად ექნება, კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.

დურუჯი – საუკუნოვანი პრობლემა

მდინარე დურუჯი ორი – თეთრი და შავი დურუჯის შეერთების შედეგად მიიღება. ამ მდინარის ხეობაში ეროზიულ-დენუდაციური პროცესები ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს. 1899 წლიდან მოყოლებული ღვარცოფის შედეგად ყვარელში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XX საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დურუჯზე აშენდა დამბა, რომელსაც პერიოდულად სჭირდებოდა გამაგრება. საბჭოთა პერიოდში მდინარე თითქოს “დაიმორჩილეს”, მაგრამ პერიოდული “გაგიჟება” მაინც სჩვეოდა. 80 წელს მიტანებული ციალა მაისურაძე ყვარლის ზემო უბანში, ე.წ. “ყაზარმაში” ცხოვრობს. მას კარგად ახსოვს 1949 წელს მომხდარი უბედურება: დურუჯის მოვარდნამ მაშინ “ყაზარმაში” მცხოვრები მფრინავები და მათი ოჯახის წევრები იმსხვერპლა.

დურუჯის გამბიონი ახლაც გამორღვეულია და წელსაც, ტრადიციულად, არსებობს საშიშროება.

დურუჯის კალაპოტი ქალაქ ყვარელზე მაღლა მდებარეობს
დურუჯის კალაპოტი ქალაქ ყვარელზე მაღლა მდებარეობს

“ქალაქი ყვარელი ქვა-ღორღში რომ არ დაიმარხოს, ზომები სასწრაფოდაა მისაღები. სასწრაფოდ უნდა შეკეთდეს გაბიონის დაზიანებული ადგილები”, – ამბობს ემილ წერეთელიც.

ზვავს გადარჩენილნი

2011 წლის 7 თებერვალი…

წელს მთელ საქართველოში და მთიან აჭარაშიც გვიან დაზამთრდა. ხულოს რაიონის სოფლებში თოვლი მხოლოდ თებერვლის დასაწყისში წამოვიდა, ორ-სამ დღეში კი იმხელა თოვლი დადო, ბევრი სოფელი მიუვალი გახდა.

“დიდი თოვლი იცის ჩვენთან, მაგრამ ორ-სამ დღეში რომ მოსულიყო 4-5 მეტრი, არ მახსოვს. თითქმის ათი დღე მოწყვეტილი ვიყავით სამყაროს”, – ამბობს მანიაკეთელი ზურაბ საგინაძე.

თვენახევრის შემდეგ, სამანქანო გზა დიოკნისიდან მანიაკეთამდე ჯერ კიდევ არ იყო გაწმენდილი და ჩვენც ფეხით მოგვიხდა 6-7 კილომეტრის გავლა. ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა გურამ კახაძემ ზემოთ სოფელი ბეღლეთი დაგვანახა: ზვავსაშიშროების გამო იქიდან 13 ოჯახი უნდა გასახლდესო, თუმცა როდის, არ დაუკონკრეტებია. ბეღლეთში ასვლა ვერც ჩვენ შევძელით.

“დილას, ასე 8-9 საათი იქნებოდა, გარეთ გავედი. ვიფიქრე, ეზოს მაინც გავწარბავ-მეთქი. საშინელი ბურუსი იყო. ქალს დავუძახე, ცოცხი მოეწოდებინა. ამ დროს რაღაცამ დაიგრიალა და მეტი აღარაფერი მახსოვს”, – იხსენებს ელგუჯა საგინაძე, რომელიც მარტის ბოლოს ჯერ კიდევ დაუძლურებული იწვა ლოგინში… სოფლის საცხობში. მისი სახლი დიოკნისის თემის სოფელ მანიაკეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილმა ზვავმა იმსხვერპლა. მეზობლების რჩევით, ელგუჯა საგინაძის მეუღლემ, მისმა შვილმა და ფეხმძიმე რძალმა საცხობს შეაფარეს თავი.

საგინაძეების ნასახლარი
საგინაძეების ნასახლარი

“დავინახე, უცებ როგორ ჩამარხა ზვავმა კაცი. ვიკივილე, ამ დროს მეც ჩამიყოლა. იმხელა თოვლი იყო, მეზობლებმა, აგერ, უახლოესი სახლიდან, ორი საათის მერე ძლივს მოაღწიეს ჩემამდე. მე რომ ამომიყვანეს, ერთი საათის მერე ძლივს იპოვეს ჩემი ქმარი, სავარაუდოდ მივუთითე, სად შეიძლება ყოფილიყო. მე არა მიშავდა და კაცს, სულზე მიუსწრეს, სულ დასისხლიანებული იყო. “სასწრაფო” აქამდე რას ამოვიდოდა? კაცებმა ჩემი ქმარი მარხილზე დაწვენილი ჩაიყვანეს დიოკნისამდე, სადაც დახვდათ ექიმი. კაცი ისე იყო დასახიჩრებული, ხულოდან ბათუმში გადაიყვანეს. მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო, თორემ ჩვენ სად გვქონდა. ახლა წამლები აქვს დანიშნული, მაგრამ ყიდვა გვიჭირს”, – ამბობს ელგუჯას მეუღლე, ლილი საგინაძე.

კახაძის განმარტებით, სტიქიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახი 5 ათასი ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. მისი თქმით, რაიონს მეტი შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ვაშლოვანში და კიდევ ორ სოფელში 4 სხვა ოჯახსაც დაენგრა სახლი დიდთოვლობის გამო.

ორთაბათუმი – დამეწყრილი თემი

2008 წლის 19 სექტემბერი…

“რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. 19 სექტემბერს, საღამოს, წვიმას ჭექა-ქუხილიც დაერთო. ღამის ორი საათი იქნებოდა. უცებ გაიელვა და ისეთი ხმაური გაისმა, ვიფიქრე, რომ დიდი მანქანა დაეტაკა სახლს. მერე მივხვდი, რაღაც ჩაინგრა. სინათლე არ იყო და მხოლოდ მეორე დილას ვნახე: აივანთან ერთად სახლის ნაწილიც ჩანგრეულიყო”, – ამბობს 52 წლის ნელი ხალვაში, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად ისევ დამეწყრილ სახლში, პირდაფჩენილი მეწყრის თავზე ცხოვრობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის თემის სოფელ წინსვალში.

ხალვაშების სახლი მეწყერის თავზე
ხალვაშების სახლი მეწყერის თავზე

იმ დღეს მხოლოდ ხალვაშების სახლი როდი დაინგრა, დაზიანდა გზები, ხიდები, საკარმიდამო ნაკვეთები. იყო მსხვერპლიც: სოფელ მასაურაში ჩავლეიშვილების სახლის ჩამონგრევისას ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა.

ორთაბათუმის თემი 7 სოფელს მოიცავს. ფაქტობრივად ყველა სოფელი აქტიური მეწყრული პროცესების ზონაში მდებარეობს. ხელვაჩაურის თემის რწმუნებული ორთაბათუმის თემში, მერაბ ძნელაძე ამბობს, რომ 2008-2010 წლებში მეწყრული პროცესების გამო 2100 სახლიდან სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა 190, აქედან 40 “საცხოვრებლად საშიშია”.

ასეთია მიხეილ ბოლქვაძის სახლიც, რომელთანაც 20-25 მეტრი სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის მეწყრული უბანი გაჩნდა.

76 წლის მიხეილ ბოლქვაძე მეუღლესთან ერთად 1957 წელს ჩამოსახლდა ქედიდან ორთაბათუმში. სახლს, ეზოს, ტერასებზე გაშენებულ მანდარინის პლანტაციას, ქვაფენილიან აღმართს – ყველაფერს ეტყობა გამრჯე მეურნის ხელი. თუმცა ათწლეულების ნაშრომი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეზოში დღემდე ყრია მეწყერის მიერ ჩამოტანილი ლოდები. სახლს და ეზოს ვინ ჩივის! ოჯახის 8 წევრის სიცოცხლეა საფრთხეში.

2008 წელს განსაკუთრებულად დაზარალებულ 5 ოჯახს, მათ შორის ხალვაშებს და ჩავლეიშვილების ერთადერთ გადარჩენილ წევრს, სახელმწიფომ 23-23 ათასი ლარი გამოუყო.

“იმ თანხით მაშინაც ბინის ყიდვა შეუძლებელი იყო და ბათუმში ვიგირავეთ ბინა, ვადის გასვლის შემდეგ სახლები უფრო გაძვირდა და იძულებული გავხდით, დაბრუნებულიყავით. იქნებ აქვე ჩავდგათ ხის სახლი”, – ამბობს ნელი ხალვაში.

საკრებულოში ვარაუდობენ, რომ ოჯახებმა თანხები არამიზნობრივად გამოიყენეს. 2010 წელს სახელმწიფოს 5-5 ათასი ლარის დახმარება ექვსმა ოჯახმა მიიღო. მევლუდ ბოლქვაძის ოჯახმა მაშინ დახმარებაზე უარი განაცხადა, რადგან ეს თანხა არაფერზე ეყოფოდათ. ახლა ამ თანხაზეც აღარ ამბობენ უარს: სახლს ვერ ვიყიდით, მაგრამ არსებულს ცოტათი მაინც გავამაგრებთო.

გეოლოგების აზრით, დამეწყრილ ფერდთან მცხოვრებ ხალვაშების ვერც სახლის გამაგრება უშველით და ვერც ხის სახლის ჩადგმა. გამოსავალი ოჯახის განსახლებაა.

“აჭარა მცირემიწიანი კუთხეა და ხშირად გამოსავალი განსახლებაა. ქვეყანაში არსებობს ხედვა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, მაგრამ მსგავსი არაფერი შემუშავებულა ეკომიგრანტების პრობლემის სამართლებრივი რეგულაციისთვის. მეტიც, ეს ადამიანები კანონის მიღმა არიან დარჩენილი. ჩვენ ყველა ვიყენებთ ტერმინს “ეკომიგრანტი”, თუმცა, კანონმდებლობაში მისი დეფინიცია არსად გვაქვს. არსებობს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები, იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფებით გადაადგილებულ პირთა შესახებ. ამ დოკუმენტის შესრულება ევალება საქართველოსაც. ბოლო დროს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სახელის ცვლილებასთან ერთად ეკომიგრანტებზე ზრუნვის ფუნქციაც დაკარგა”, – ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (“სენის”) წარმომადგენელი აჭარაში, იურისტი ილია გუჩმანიძე. მისი განმარტებით, გაურკვეველია სტიქიის დროს მიყენებული ზიანის კომპენსაციის თანხის განსაზღვრის კრიტერიუმიც, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებასა და ოჯახებს შორის დაპირისპირებასაც კი იწვევს.

***

გარემოს დაცვის სამინისტროს 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს შეფასდა 366 დასახლებული პუნქტი (2750 საცხოვრებელი სახლი), რომელთაგან 143 სოფელი (822 საცხოვრებელი სახლი) “დროულად იქნა გაფრთხილებული სტიქიით გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ”. თუმცა, სად უნდა წავიდნენ ადამიანები მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში, რთული სათქმელია.

“სენის” პროექტის “ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა” კოორდინატორის, რევაზ გეთიაშვილის განმარტებით, 2006 წლიდან ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული სახლებისთვის კატეგორიების მინიჭება დაიწყო. პირველი-მეოთხე კატეგორიის 35 ათასი სახლია. აქედან 4957-ს I კატეგორია მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ სახლი ან მისი ნაწილი სტიქიის შედეგად დანგრეულია. მეორე კატეგორიის 6 ათასამდე სახლშიც, ცხოვრება შეუძლებელია.

“2008-2009 წლებში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ყოველწიურად დაახლოებით 100 ოჯახი გადაჰყავდა სხვაგან. ასეც რომ გაეგრძელებინათ, 11 ათასი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 100 წელი დასჭირდებოდა, მაგრამ ორი წელია, ამ მიმართულებით აღარაფერი გაკეთებულა”, – ამბობს გეთიაშვილი.

შეკითხვაზე: “რას ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება სტიქიური პრობლემების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განსახლების კუთხით? ან რა პროგრამები განხორციელდა ამ მიმართულებით?” – დიდი ხნის ლოდინის მიუხედავად, ჩვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.

არაერთგზის მცდელობისა და სამინისტროში საათობით ცდის მიუხედავად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა გულუამ პასუხი არ გაგვცა და არც მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი მაზმიშვილი შეგვხვდა. სამინისტროდან არც იმ წერილზე გვიპასუხეს, სადაც ოფიციალურად ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი უწყება ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სხვა სამინისტროებთან. თუმცა, რაში გამოიხატება ეს თანამშრომლობა და ბოლო დროს რამდენ ოჯახს დაეხმარნენ გასახლებაში, ვერ გვიპასუხეს. ეს ინფორმაცია უშუალოდ მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის, ეკა ბენდელიანის განმარტებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება.

“სტიქიების თავიდან აღკვეთისა და მოსახლეობის დაცვის მიზნით ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებს ვახორციელებთ. მოსახლეობისთვის ინფორმაცია სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე ვრცელდება. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის გაფრთხილება მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ”, – ამბობს ეკა ბენდელიანი. ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობენ “სტიქიების ადრეული გაფრთხილების სისტემის ამოქმედებაზეც”. ასეთ სამუშაოს ჰიოგოს გეგმაც ითვალისწინებს.

ჰიოგოს გეგმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტემანტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაცია ევალება. დეპარტამენტის ანგარიშით, შექმნილია საგანგებო სიტუაციებზე ეროვნილი და ადგილობრივი რეაგირების გეგმები. გასულ წელს 1074 საგანგებო სიტუაციიდან 184 იყო ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაცია.

***

ვეძთხეველები, შარახეველები, მლეთლები, ორთაბათუმელები ხელისუფლების გადაწყვეტილებას დღემდე ელიან, ამ სოფლებში გაფრთხილებით კი აფრთხილებენ მოსალოდნელი სტიქიების შესახებ, მაგრამ პრევენციული სამუშაოები თითქმის არ ტარდება.

ადრეულ გაფრთხილების პრაქტიკას საგანგებო ზომების მიღებითა და მობილიზაციით, მოსახლეობის ევაკუაციით ხელისუფლებამ ბოლო დროს მხოლოდ ერთხელ მიმართა.

ველისციხე – “გადარჩენილი” სოფელი

2010 წლის 22 აპრილს საღამოს გამოცხადებული განგაში და საგანგებო მდგომარეობა გურჯაანის რაიონის ყველაზე დიდ და ხალხმრავალ სოფელ ველისციხეში 4 დღეში მოიხსნა. სოფელი დატოვეს საგანგებო შტაბის წევრებმა, რეგიონის რწმუნებულმა და მინისტრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა. გახიზნულმა მოსახლეობამ ევაკუაციის შემდეგ სახლებში დაბრუნება დაიწყო.

აპრილში თავსხმა წვიმებს კახეთში მდინარეების ადიდება მოჰყვა, დონემ მოიმატა ჭერმის წყალსაცავშიც, სადაც დაზიანებული აღმოჩნდა წყლის გამშვები მილი და დამცავი ჯებირი. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, სოფელი ველისციხე, რომელიც მდინარე ჭერმისხევის პირას არის გაშენებული, სერიოზული საფრთხის პირისპირ აღმოჩნდა. მდინარის ხეობას, რომლიც 8-9 კილომეტრზეა გაჭიმული, შეიძლება ვერ გაეტარებინა მორღვეული წყალსაცავიდან თავდაღწეული დიდი მოცულობის წყალი, ეს კი სოფელს, განსაკუთრებით მდინარისპირა, ე.წ ხევისუბანს, წალეკვით ემუქრებოდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ნაპირდაცვის დეპარტამენტის უფროსის ტარიელ ბერიძის განმარტებით, მის სამსახურს წყალსაცავზე არსებული რთული მდგომარეობის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს და ჰიდროტექნიკოსები ჭერმის სათავეზე გაემგზავრნენ. მოგიანებით “საქწყალპროექტის” დირექტორი გეიდარ ფალავანდიშვილი იტყვის, რომ ავარია, რომელიც წყალსატევიდან მთელი წყლის დაცლასა და დასახლებული პუნქტის დაზიანებას გამოიწვევდა, არ შეიძლება მომხდარიყო.

ასე იყო თუ ისე, ხელისუფლებამ ოთხდღიანი მობილიზაციის შემდეგ “ერთიანი გუნდის ერთად დგომითა” და წარმატებული ოპერაციით მოიწონა თავი.

“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის განმარტებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მორიგი “ნაციონალური პიარი”. ხოლო ევაკუაციით გამოწვეულ ქაოსს და პანიკას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა.

თუმცა, ერთი რამ ფაქტია, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეაგირებამ კატასტროფას დაასწრო, რაც, წინა წლებთან შედარებით, გარკვეულ პროგრესად უნდა ჩაითვალოს.

***

პრობლემა ჯერ კიდევ  აქტუალურია. ფაქტია, სტიქიებისადმი მზადყოფნა ყველა დონეზე ძალიან სუსტია. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას რისკის ზონაში მცხოვრებთა დასაცავად არანაირი ზომები არ მიუღია, ახლა კი წვიმიანი დღეები იწყება, გამორიცხული არ არის, წელსაც ახალი სტიქიების პირისპირ აღმოჩნდნენ გაგაძეები, ქაფიაშვილები, მურღოევები, ზვიადაურები, ხალვაშები, ბოლვაძეები… როგორც ჩანს, სასწრაფო ქმედებაა საჭირო მანამდე, სანამ რისკი კატასტროფად იქცევა.

This publication has been produced with the assistance of the European Union. The contents of this publication are the sole responsibility of Tinatin Mosiashvili and can in no way be taken to reflect the views of the European Union.

ეს პუბლიკაცია შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ამ პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ  თინათინ მოსიაშვილი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ევრო კავშირის შეხედულებების გამხმოვანებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი