თავისუფალი დემოკრატები და ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძე თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთზე ლიდერზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ამ დროისთვის შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ზემოხსენებული მუხლი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ეკა მიშველაძემ კი ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს შემთხვევა უფრო მეტია, ვიდრე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, საუბარია მკვლელობის მცდელობაზე. იმავე აზრზეა თავისუფალი დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანიც:
“უკვე რამდნეიმე დღე გავიდა. ცნობები გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე არ არსებობს, თუმცა ის ვითარება, რომელშიც ბუკა იმყოფება, ცხადჰყოფს, რომ ეს არ იყო მხოლოდ თავდასხმა, ეს იყო მკვლელობის მცდელობა. ჩვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინსიტრისგან გვაინტერესებს, რეალურად რა ინფორმაცია გააჩნიათ მათ ამ დანაშაულთან მიმართებაში. რასაც არ უნდა ამბობდნენ უმრავლესობის წევრები, რომ ეს არის მორიგი უბრალო დანაშაული… ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური ლიდერის მოკვლა სცადეს. ეს ნამდვილად არ არის მორიგი შემთხვევა, რადგან როგორც მინიმუმ უფრო მეტ საინფორმაციო ველს იკავებს. ამიტომ საჭიროა დროული და სწრაფი გამოძიება და ამისათვის საჭიროა ყველას ოპერატიული მოქმედება”, – აცხადებს ჩიქოვანი და დასძენს, რომ თუ ეს დანაშაული გამოუძიებელი დარჩება, ეს ქვეყნის იმიჯისათვის ძალიან ცუდი ლაქა იქნება.
თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნაზე და გამოძიების მიმდინარეობაზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
26 თებერვალს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. პოლიციის ცნობით, მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.
ალექსი პეტრიაშვილს ორი ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ეკა მიშველაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, პეტრიაშვილის გამოჯანმრთელების პროცესი “ნორმალურად მიმდინარეობს”.