ახალი ამბები

ალასანია პეტრიაშვილის დაჭრაზე: მესამე დღე გავიდა და ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს

29 თებერვალი, 2016 •
ალასანია პეტრიაშვილის დაჭრაზე: მესამე დღე გავიდა და ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ პარტიის გენერალურ მდივანს, ალქესი პეტრიაშვილს, როგორც დაზარალებულს, ადვოკატს აუყვანენ, რათა მან საქმის მასალების გაცნობა შეძლოს.

გარდა ამისა, ალასანიას განცხადებით,  უახლოეს პერიოდში ექნებათ პასუხი იმაზე, შედგება თუ არა შეხვედრა შს მინისტრთან და პრემიერ–მინისტრთან. ალასანიას განცხადებით, შეხვედრა სურთ იმიტომ, რომ გაიგონ, რა მიმართულებით მიდის გამოძება.

“ჩვენ გვინდა, რომ როგორც დაზარალებულს, ბატონ პეტრიაშვილს ავუყვანოთ ადვოკატი იმიტომ, რომ ადვოკატი უკვე თავად გაეცნობა საქმის მიმდინარეობასაც. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები. ეს არ ნიშნავს არანაირ უნდობლობას, უბრალოდ, მესამე დღე გავიდა და ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს,”– განაცხადა ალასანიამ.

ასევე, თავისუფალი დემოკრატები ითხოვენ, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მცდელობად.

“არის შეკვეთილი და აქედან გამომდინარე, მუხლი შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული. მე პირადად და არც თავისუფალ დემოკრატებს, არავის არ მიგვიცია ჩვენი თავისთვის უფლება სპეკულაციებზე ვილაპარაკოთ, რომ არ შეეშალოს გამოძებას სწორი მიმართულებით წასვლისკენ ხელი, განსხვავებით ჩვენი ზოგიერთი ოპონენტისგან, რომელმაც ეს გააკეთა,”– ამბობს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი.

შსს–ს ცნობით, 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.  გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. პოლიციის ცნობით, მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

ალექსი პეტრიაშვილს ორი ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ეკა მიშველაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, პეტრიაშვილის გამოჯანმრთელების პროცესი “ნორმალურად მიმდინარეობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი