ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

1 მარტი, 2016 • 1337
თავისუფალი დემოკრატები შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

დღეს, 1 მარტს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს, ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა და ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ესაუბრა.

მინისტრის განცხადებით, დანიშნულია ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში, თუ გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმე გადაკვალიფიცირდეს.

თავისუფალი დემოკრატები პარტიის ერთ-ერთზე ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ამ დროისთვის შსს გამოძიებას  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პარტიის წევრები კი აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით უნდა წარიმართოს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მღებრიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და მაქსიმალური რესურსია მიმართული სავარაუდო დამნაშავეების დაკავებისა და საქმის გონივრულ ვადებში გახსნის მიზნით.

გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ პირველ რიგში მისი ინტერესია, რომ ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს. 

შეხვედრიდან გამოსული თავისუფალი დემოკრატების წევრები ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ მინისტრს გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრია.

“გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე ამ დეტალებზე საუბრისგან მინისტრმა თავი შეიკავა, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო,”– განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

თავისუფალი დემოკრატების წამომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საქმის ბოლომდე გახსნას ელოდება. მათი განცხადებით, პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ურეკავენ და ეკითხებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი