სამართალი

“გირჩი”: მარიხუანის დეკრმინალიზაციის მომხრეთა აქციის მონაწილე სავარაუდოდ დააკავეს

19 თებერვალი, 2016 •
“გირჩი”: მარიხუანის დეკრმინალიზაციის მომხრეთა აქციის მონაწილე სავარაუდოდ დააკავეს

ახალი პოლიტიკური ცენტრის [“გირჩი”] ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.

“ამ ადამიანებს ვერ შეაშინებენ და ის ადამიანების კიდევ გააპროტესტებენ თუ ასეთი ნარკოპოლიტიკა გაგრძელდება”, – თქვა ჯაფარიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯაფარიძის ამ ინფორმაციას უარყოფს.

“გირჩის” კიდევ ერთმა წევრმა ნიკა ქავთარაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი ქუთაისის პოლიციის იზოლატორში აპირებენ მისვლას. მისი თქმით, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ვერ უკავშირდებიან.

“ამ წუთას ვარკვევთ რა მოხდა და სად არის ეს ადამიანი. რეალურად არ ვიცი. ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ აქციიდან წასული ჯგუფიდან მანქანა გააჩერეს და ერთ-ერთი ადამიანი წაიყვანეს პოლიციაში. ტელეფონი გამორთული აქვს და ვერ ვუკავშირდებით”, – გვითხრა ქავთარაძემ.

პარლამენტში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობენ, პარალელურად კი შენობასთან დეკრიმინალიზაციის მომხრეების აქცია გაიმართა. აქციაში მოქალაქეები, “გირჩის” წარმომადგენლები და ორგანიზაცია “2 ივნისი” მონაწილეობდა.

“გირჩის” ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებს მარიხუანას მოხმარების გამო არ უნდა იჭერდნენ:

“იმედი გვაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება მოქალაქეების უწყინარი ქცევის გამო დაპატიმრება. ჩვენ ვითხოვთ, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანი არ მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. შემდეგ ვნახოთ რა იქნება, ველოდებით შედეგებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი