სამართალი

ალეკო ელისაშვილი ანასტასია ზაუტაშვილს შეხვდა

28 იანვარი, 2016 • 1407
ალეკო ელისაშვილი ანასტასია ზაუტაშვილს შეხვდა

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილი “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს შეხვდა. ელისაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ეს შეხვედრა ზაუტაშვილის არაერთგზის თხოვნის შემდეგ შედგა.

გარდა ამისა, ელისაშვილის თქმით, ზაუტაშვილმა მას “წესიერი და სინდისიერი” ადვოკატის შერჩევა სთხოვა.

“ერთი გულიანი, გულმოდგინე და სინდისიერი ადვოკატი ვურჩიე. ისეთი, ვინც მას არც ფულს გამოსძალავს და არც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებს,”– წერს ელისაშვილი.

მოგვიანებით, ელისაშვილმა “კურიერთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ანასტასია ზაუტაშვილმა კვლავ არ დაადასტურა ბესელია–კობახიძისთვის ფულის გადაცემა. მანვე თქვა, რომ შეხვედრა ციხეში 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ამ პერიოდში საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ კი მოგვიანებით განაცხადა, რომ ელისაშვილსა და ზაუტაშვილს შორის შეთანხმება შედგა ერთი ადვოკატის დამატებაზე:

„შეთანხმება იყო მხარეებს შორის, რომ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი, ანუ მე, ჩვეულებრივად ვრჩებოდი ძირითადი საქმის წამყვანად. უბრალოდ, უფრო გაძლიერებისთვის, ინფორმაციის მოძიების კუთხით და ა.შ. შესაძლებელი იყო ერთი ადვოკატის დამატება, რომელიც ნდობით აღჭურვილი იქნებოდა ბატონი ალეკოს მხრიდან,”– აცხადებს მირიან ნიკოლაძე კურიერთან.

პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც ელისაშვილს შეწყალების კომისიაზე ზეწოლის საქმესთან დაკავშრებით ცილისწამებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ ანასტასია ზაუტაშვილთან ციხეში შესვლით ელისაშვილმა კანონი დაარღვია:

“ეს არის კანონის დარღვევა, როდესაც მოწმესთან თუ პირთან, რომელიც შენ წინააღმდეგ ჩივის პროკურატურაში, შედიხარ, გარკვეულ დახმარებას სთავაზობს და ასევე სთავაზობ შენი მხრიდან ადვოკატის დანიშვნას,”– განაცხადა მანანა კობახიძემ “კურიერთან”.

გარდა ამისა, ელისაშვილმა დღეს გამოაქვეყნა სქრინი, საიდანაც ჩანს, რომ მანანა კობახიძესმ, სავარაუდოდ, ჰქონდა ინფორმაცია ელისაშვილისა და ზაუტაშვილის საუბრის ჩანაწერის არსებობის შესახებ. ელისაშვილს აინტერესებს, თუ საიდან ჰქონდა კობახიძეს ეს ინფორმაცია.

ეს კომენტარი მანანა კობახიძემ დაწერა გუშინ საღამოს ჩემს გვერდზე, მერე მიხვდა რაც დაწერა და წაშალა. მაგრამ შევინახეთ ქალბ…

Posted by Alexander Elisashvili on Wednesday, January 27, 2016

მანანა კობახიძემ კი საკუთარ ფეისბუკის გეგვრდზე დაწერა, რომ ელისაშვილის გვერდზე დაწერილი ეს კომენტარი მას არ ეკუთვნოდა. ნეტგაზეთმა უკვე მიმართა შს სამინისტროს კითხვით, დაიწყო თუ არა ამ საქმეზე გამოძიება.

ელისაშვილის, შეწყალების კომისიის, “კოკაინის საქმისა” და პარლამენტარების კავშირის შესახებ

  • ალეკო ელისაშვილმა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პირველად 2015 წლის 7 დეკემბერს დაწერა; მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებაზე ისაუბრეს.
  • პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი)
  • როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ელისაშვილი საუბრობდა, რომ “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ პოლიტიკოსებს წინასწარ აღებული ჰქონდათ 200 ათასი დოლარი და კიდევ 1.5 მილიონი უნდა აეღოთ.
  • 22 დეკემბერს ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ მისგან  “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულების შეწყალებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ითხოვდნენ. მანანა კობახიძე ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილი ადვოკატია.
  • “კოკაინის საქმის” ფიგურანტები კატეგორიულად უარყოფენ, რომ პოლიტიკოსებს ფული გადაუხადეს.
  • ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ ელისაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლეს.
  • ელისაშვილის მტკიცებით, 2014 წელს, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე უამბო როგორც პრეზიდენტს, ასევე მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს.
  • გიორგი გოგაძე, რომელიც ახლაც თანამდებობაზეა, ამბობს, რომ პოლიტიოსების მხრიდან ზეწოლის საკითხზე ელისაშვილს მასთან არასოდეს უსაუბრია,
  • პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით კი, პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ელისაშვილმა მართლაც წააკითხა მესიჯები, სადაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
  • პროკურატურა აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის მესიჯები ელისაშვილის მობილურზე არ აღმოჩნდა. მობილური ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი