სამართალი

ფირცხალავა პროკურორის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბიძინა კუჭავას სხვა საქმეებზეც ადანაშაულებს

22 იანვარი, 2016 • 1513
ფირცხალავა პროკურორის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბიძინა კუჭავას სხვა საქმეებზეც ადანაშაულებს

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას, რომელიც სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი,  სხვა საქმეებზეც ადანაშაულებს.

ფირცხალავამ დღეს სააპელაციო სასამართლში, პროცესზე განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია ოპერატიული წყაროსგან, რომ კუჭავამ იარაღი 5 000 დოლარად შეიძინა, 2 წლის შემდეგ კი დანაშაულებები ჩაიდინა. ფირცხალავას თქმით, მას შეუძლია ეს წყარო პროკურატურას დაუსახელოს.

„დაახლოებით 2 წლის მერე მოხდა მკვლელობა მიცკევიჩზე. მოკლული იქნენ გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, ხელწერა იყო იგივე, ორივეს თავში ჰქონდა ნასროლი და დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს სამივე ტყვია, რომელიც ამოღებული იყო მაღალდაძისა და ნინუების სალხიდან, ეს არის იდენტური ტყვიები, არის გასროლილი ერთი და იგივე იარაღიდან. მე მაშინ უფლებაც არ მქონდა, შესაბამისად, არ დავსწრებივარ საგამოძიებო ღონისძიებებს, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ანალოგიურად ამ სახლშიც იყო მიმობნეული ქვიშა არა, იყო რაღაც წიწაკა დაფქვილი თუ რაღაც. იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რასაც მე ვფლობდი იმ დროისთვის, რა თქმა უნდა, ოპერატიულ დონეზე ეს მკვლელობები ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას ან მის მიერ დაქირავებული ადამიანების მიერ,“- აცხადებს ირაკლი ფირცხალავა.

იმის შესახებ, რომ რადიო “საქართველოს ხმის” დამფუძნებელი შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო წარსულში მომხდარ საქმეებთან, საუბრობს შინაგან საქმეთა მონისტრი არჩილ თალაკვაძეც. მან ტელეკომპანია იბერიის ეთერში რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, რომ ნინუებისა და გოჩა მაღალთაძის საქმე ნამდვილად არის ამ საქმეთა შორის. მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე საუბარია კუჭავას გერის მკვლელობისა და კუჭავას დაკარგული დის საქმეებზეც.

“4 სხვა საქმე, რომელიც სწორედ კუჭავას გვართან ასოცირდება ამ დღეებში, ჩადენილი იყო 2005–2009 წლებში და, სავარაუდოდ, არანაკლები სისასტიკით. არც ერთ საქმეში მკვლელი დადგენილი არ არის, არც ერთი საქმე გახსნილი არ არის პრაქტიკულად და ჩვენ ახლა მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ იმ საქმეებსაც მოეფინოს ნათელი,”– განაცხადა თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად ბიძინა კუჭავა ოფიციალურად 17 იანვარს გამოაცხადა. როგორც შს მინისტრის მოადგილის განმარტებებიდან ირკვევა, მკვლელობა 14 იანვარს მოხდა.

ოჯახი ვახტანგ ქირიას 14 იანვრიდან ეძებდა. 3 დღის განმავლობაში ის არ გამოცხადებულა სამსახურშიც. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ ვერ შეძლო მისი ადგილსამყოფელის დადგენა. საბოლოოდ ქირია თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს მოკლული.

შსს–ს ცნობით, მას შემდეგ, რაც პროკურატურა ბიძინა კუჭავას კვალზე გავიდა, მან თავი მოიკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი